Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ნატოს „ახალი ლიგის“ წევრი გახდება


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი (მარცხნივ) და ნატოს მიმავალი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ნატოს სამიტზე უელსში.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი (მარცხნივ) და ნატოს მიმავალი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ნატოს სამიტზე უელსში.

ნატოს სამიტის გახსნა საქართველოს პრეზიდენტის დაბადების დღეს დაემთხვა. 4 სექტემბერს გიორგი მარგველაშვილი 45 წლისა გახდა. თუმცა მხოლოდ ეს არ არის უელსში მყოფ საქართველოს დელეგაციის წევრთა სიხარულისა და კმაყოფილების ერთადერთი მიზეზი.

თუ ალიანსის წევრები მხარს დაუჭერენ ნატოს გენერალური მდივნის წინადადებას საქართველოსათვის „თანამშრომლობის საგანგებო პაკეტის“ მინიჭების თაობაზე, მაშინ ქვეყანა ნატოში ინტეგრაციის კიდევ უფრო მაღალ დონეს მიაღწევს და ალიანსის „ახალი ლიგის“ წევრი გახდებაო, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

თუ ალიანსის წევრები მხარს დაუჭერენ ნატოს გენერალური მდივნის წინადადებას საქართველოსათვის „თანამშრომლობის საგანგებო პაკეტის“ მინიჭების თაობაზე, მაშინ ქვეყანა ნატოში ინტეგრაციის კიდევ უფრო მაღალ დონეს მიაღწევს და ალიანსის „ახალი ლიგის“ წევრი გახდება
ირაკლი ალასანია

ასეთი მოლოდინი აქვს ირაკლი ალასანიას, რომელსაც, როგორც თავად უწოდა, „ახალი ლიგის“ წევრ სახელმწიფოების - ავსტრალიის, ფინეთის, იორდანიისა და შვედეთის - სამხედრო უწყების ხელმძღვანელებთან პირველი შეხვედრა 5 სექტემბერს აქვს დაგეგმილი, ნატოს სამიტის ფარგლებში. ეს „ხუთეული“, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ერთად, როგორც პროგრამაშია მითითებული, თანამშრომლობის ფართო შესაძლებლობებს განიხილავს.

4 სექტემბერს კი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსის ოთხი ასპირანტი ქვეყნის - ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს, ჩერნიგორიისა და მაკედონიის - საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდნენ. მაია ფანჯიკიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში კიდევ უფრო დააკონკრეტა, თუ რას ნიშნავს „თანამშრომლობის საგანგებო პაკეტი“ და აღნიშნა, რომ, მიუხედავად ამ პროექტის დიდი მნიშვნელობისა, იგი, სხვების მსგავსად, არ აპირებს თქმას, რომ საქართველომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე უკეთესი მიიღო.

და რაკი გიორგი მარგველაშვილის დაბადების დღე ვახსენეთ, საქართველოს პრეზიდენტს დღესასწაული საქართველოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. შემდეგ, როგორც პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, მხარეებმა ყურადღება იმ პაკეტზე გაამახვილეს, რომელსაც საქართველო ამ სამიტის შედეგად მიიღებს. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ქვეყნისთვის ეს იქნება უმნიშვნელოვანესი იმპულსი ნატოში ინტეგრაციისთვის მოსამზადებლად და პროცესის უკეთესად წარსამართავად. გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტის საბოლოო შედეგი გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებასა და დაცულობას.

თუმცა მარგველაშვილ-რასმუსენის შეხვედრაზე, როგორც ჩანს, მხოლოდ საქართველოს ქება არ ყოფილა, რასაც ნატოს გენერალური მდივნის მიერ მოგვიანებით ტვიტერით გამოქვეყნებული მესიჯიც მოწმობს. ნატო საქართველოს რეფორმების გაგრძელებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდებს,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ტვიტერზე დაწერა. მალევე ანდერს ფოგ რასმუსენს ტვიტერითვე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, ოღონდ მხოლოდ მადლობის სათქმელად „მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის საქართველოს მიმართ იჩენს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის გზაზე".

მოკლედ, ამ უცნაურ საკომუნიკაციო ფორმას თუ არ ჩავთვლით, საქართველოს პრეზიდენტს აქვს კარგი საბაბი იმისათვის, რომ საკუთარ დაბადების დღეზე მოწყენილი არ იყოს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG