Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოდან მძღოლებს რუსეთში უფრო იოლად შეუშვებენ


რუსეთ-საქართველოს საზღვარი
რუსეთ-საქართველოს საზღვარი
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში უკვე დაიწყო იმ გადამზიდავთა საბუთების მიღება, რომლებსაც გამარტივებული წესით სურთ რუსეთის ფედერაციის ვიზების აღება. შევსებულ განაცხადთან ერთად, მძღოლებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში სხვა არაერთი დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ. არის თუ არა ეს ვიზის მიღების გარანტია და რა მოლოდინი უკავშირდება სავიზო რეჟიმის გამარტივების პერსპექტივებს?

”სურვილი მაქვს განვახორციელო სატვირთო გადაზიდვები/მგზავრთა გადაყვანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. გთხოვთ გვიშუამდგომლოთ რუსეთის ფედერაციის შესაბამის უწყებებთან გრძელვადიანი ვიზის გაცემის თაობაზე ქვემოთ ჩამოთვლილი მძღოლებისთვის” - ასეთი მიმართვა ახლავს ცხრილს განცხადების ფორმაში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ვებსაიტზეა გამოქვეყნებული. იქვეა მითითებული, რომ შევსებულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს საბუთების მთელი ჩამონათვალი:

”1. კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისთვის - სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი, ფიზიკური პირისათვის - იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთის ასლი, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლი; 2. მძღოლთან არანაკლებ ერთი წლის ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 3. საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლის პასპორტის (არანაკლებ ერთი წლის მოქმედების ვადით) ასლი; 4. მძღოლის შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის ასლი; 5. მეწარმის მფლობელობაში არსებული იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი, რომელზეც უნდა დასაქმდეს ვიზის მთხოვნელი”.

ჩვენ ვაგზავნით მძღოლების მონაცემებს რუსეთის ფედერაციაში, ანუ ვუწევთ რეკომენდაციას მათ, ხოლო ორიგინალი მოწვევის მიღების შემდეგ, ისინი უკვე მიმართავენ შვეიცარიის საელჩოს საქართველოში და მიიღებენ გამარტივებული წესით აღნიშნულ ვიზებს...
მიხეილ ხმალაძე
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, მრავალჯერადი საქმიანი ვიზის აღება 10 სამუშაო დღეში 160 დოლარი ეღირება, ხოლო დაჩქარებულ რეჟიმში, ანუ სამი სამუშაო დღის განმავლობაში - ვიზის საფასური 310 დოლარი იქნება. საბუთების ვრცელი ჩამონათვალის მიუხედავად, არ არსებობს გარანტია, რომ ესა თუ ის მძღოლი აუცილებლად მიიღებს რუსეთის ფედერაციის ვიზას. როგორც ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხმალაძე განმარტავს, საბოლოო შედეგი მხოლოდ რუსეთის მხარეზეა დამოკიდებული:

”ჩვენ ვაგზავნით მძღოლების მონაცემებს რუსეთის ფედერაციაში, ანუ ვუწევთ რეკომენდაციას მათ, ხოლო ორიგინალი მოწვევის მიღების შემდეგ, ისინი უკვე მიმართავენ შვეიცარიის საელჩოს საქართველოში და მიიღებენ გამარტივებული წესით აღნიშნულ ვიზებს”.

გადამზიდავებისთვის რუსეთის ვიზები გამარტივებული წესით რომ გაიცემოდა, ამის შესახებ საქართველოს რუსეთმა ასევე შუამავალი ქვეყნის - შვეიცარიის - დახმარებით შემოუთვალა და ეს საზოგადოებისთვის 3 იანვარს გახდა ცნობილი. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რუსეთსა და საქართველოს შორის საავტომობილო მიმოსვლა 2006 წლის 2 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის ინიციატივით შეწყდა და მისი აღდგენის მიზნით კონსულტაციები რუსეთის მხარესთან 2012 წლიდან მიმდინარეობდა.

ჩვენ ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ გაამარტივებდა სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის, ვიმეორებ - გარკვეული კატეგორიებისთვის...
ზურაბ აბაშიძე
როგორც 11 იანვარს უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, ვიზების გამარტივება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია მისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრების დღის წესრიგში:

”ჩვენ ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ გაამარტივებდა სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის, ვიმეორებ - გარკვეული კატეგორიებისთვის. საუბარია, უმთავრესად, ნათესაურ კავშირებზე, პროფესიულ კავშირებზე, ბიზნესზე და ასეთ კატეგორიებზე. თითქოს ასეთი გამარტივება მოხდა ნაწილობრივ. ყოველ შემთხვევაში, იმ სტატისტიკის მიხედვით, რაც ჩემმა რუსმა კოლეგამ მომაწოდა, ერთი წლის წინანდელ მდგომარეობას თუ შევადარებთ, გაცემული ვიზების რაოდენობა სადღაც 40 თუ 50 პროცენტით გაიზარდა. მაგრამ ეს ის მაინც არ არის, რაც ჩვენ გვსურს, რადგან რუსული ვიზის მიღება დღესაც ძალიან რთულია”.

ზურაბ აბაშიძის თქმით, ვიზების გამარტივების პერსპექტივებზე საუბარი კვლავ გაგრძელდება გრიგორი კარასინთან მორიგ შეხვედრაზეც, რაც, წინასწარი ინფორმაციით, სოჭის ოლიმპიადის შემდეგ, თებერვლის ბოლოს გაიმართება. ზურაბ აბაშიძე საგანგებოდ განმარტავს, რომ ამ შეხვედრების ფორმატში არ განიხილება სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების პერსპექტივები, თუმცა, როგორც დიპლომატი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ადამიანებს შორის ურთიერთობების ჭრილში მისასალმებელი იქნება, თუკი ხორცი შეესხმება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ნათქვამს, რომ გამორიცხული არ არის სავიზო რეჟიმის მთლიანად გაუქმება საქართველოსთან.

მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა გასული წლის ბოლოს ასეთ პერსპექტივაზე ილაპარაკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს იქნებოდა ”ძალიან პოზიტიური დინამიკა”, მაგრამ სანაცვლოდ საქართველო არანაირ კომპრომისზე არ აპირებს წასვლას. მინისტრ მაია ფანჯიკიძის თქმით, რუსეთთან ”ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG