Accessibility links

logo-print

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სტრასბურგი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სტრასბურგი

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაასრულა მოწმეთა დაკითხვა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. რიგით მეორე სახელმწიფოთაშორის საქმეზე სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა დელეგაციამ 6-დან 17 ივნისამდე პერიოდში მოუსმინა ოცდაცამეტ მოწმეს, რომელთაგან თექვსმეტი გამოძახებული იყო საქართველოს მთავრობის, ხოლო თერთმეტი რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ. ექვსი მოწმე მიიწვია უშუალოდ სასამართლომ.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს მთავრობის რიგით მეორე საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის 11 აგვისტოს შევიდა. უფრო ადრე, 2007 წლის 26 მარტს, საქართველოს მთავრობამ რუსეთის ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში უჩივლა 2006 წლის შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დაპატიმრების, დაკავებისა და რუსეთიდან კოლექტიური გაძევების ფაქტებზე, რაც სტრასბურგის სასამართლომ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევად მიიჩნია და რუსეთის ფედერაციის მთავრობას 12 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია იმედოვნებს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო საქართველოს მთავრობის მეორე სარჩელსაც დააკმაყოფილებს:

„ყოველ საქმეს აქვს თავისი ძალიან დიდი სამართლებრივი შედეგი იმ კუთხით, რომ ეს არის მორალური კომპენსაცია საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის, ქვეყნისათვის მაშინაც კი, როცა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება არ მოხდება, თუმცა უნდა გითხრათ, რომ სახელმწიფოთაშორისი დავები სტრასბურგის სასამართლოს ძალიან ცოტა აქვს განხილული და დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ყველაფერს იღონებს, რომ აღსრულება მოხდეს“.

გაუპატიურების მსხვერპლი ქალბატონი ჩვენი ბენეფიციარია და ჩვენ ვაწარმოებთ მის საქმეს. არიან დაჭრილები, მათ შორის ბავშვები, რომლებიც თამაშის დროს თავიანთ ეზოში დაიჭრნენ დაბომბვისას. არიან, სამწუხაროდ, დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები...

ლია მუხაშავრია და მისი ორგანიზაცია ინდივიდუალური სარჩელებით ედავებიან რუსეთის ფედერაციის მთავრობას ოცდაცხრა საქმეზე, რომელთაგან ნაწილი შეეხება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ნაწილი კი ისეთ სისხლის სამართლის დანაშაულს, როგორიცაა მკვლელობა და სექსუალური ძალადობა.

„გაუპატიურების მსხვერპლი ქალბატონი ჩვენი ბენეფიციარია და ჩვენ ვაწარმოებთ მის საქმეს. არიან დაჭრილები, მათ შორის ბავშვები, რომლებიც თამაშის დროს თავიანთ ეზოში დაიჭრნენ დაბომბვისას. არიან, სამწუხაროდ, დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები და არიან ადამიანები, რომლებიც ტყვეობაში აღმოჩნდნენ იმის გამო, რომ ასაკის ან მძიმე ავადმყოფობის გამო ლოგინად იყვნენ ჩავარდნილი და დარჩნენ სახლებში და არავინ მოელოდა, რომ მათ ასე სასტიკად მოექცეოდნენ. არიან ძალიან ხანდაზმული ადამიანები, რომლებმაც, უბრალოდ, არ მიატოვეს საკუთარი კარ-მიდამო და ვერ წარმოედგინათ, რომ ტყვედ წაიყვანდნენ“, უთხრა ლია მუხაშავრიამ რადიო თავისუფლებას.

საქართველოს მთავრობის საჩივარი ეყრდნობა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლს, მათ შორის სიცოცხლის უფლებას, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას, საკუთრების დაცვასა და გადაადგილების თავისუფლებას. საქართველოს მთავრობის გარდა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ინდივიდუალური სარჩელები აქვთ შეტანილი საქართველოს ცალკეულ მოქალაქეებსაც. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ცხადია, ომის დროს დახოცილ მშვიდობიან მოსახლეობას აღარაფერი ეშველება, მაგრამ მნიშვნელოვანია დანაშაულის დადგენა და დამნაშავისათვის სათანადო კომპენსაციის დაკისრება.

ალეკო ცქიტიშვილი

ალეკო ცქიტიშვილი

„საქმე ეხება ისეთ დანაშაულებს, როგორიც არის ადამიანების წამება, სახლ-კარის განადგურება, საცხოვრებელი გარემოდან განდევნა, რაშიც იკვეთება ეთნიკური წმენდის ნიშნები, რადგანაც იმ სოფლებში, სადაც ეთნიკური ქართველები ცხოვრობდნენ, არა მხოლოდ გააძევეს ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ მიწასთან გაასწორეს საცხოვრებელი სახლები. საქმე გვაქვს ძალიან სასტიკ ომის დანაშაულებთან, რომელთა გამოძიება, ერთი მხრივ, არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეროგატივა, ხოლო დაზარალებულების კომპენსირების მიმართულებით უფრო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მუშაობს, როცა საქმე ეხება ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებს“, უთხრა რადიო თავისუფლებას ალეკო ცქიტიშვილმა, რომლის თქმითაც, საქართველოს მთავრობას და 2008 წლის ომის დროს დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ოპტიმიზმის საფუძველი, რადგანაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთხელ უკვე დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობის სარჩელი რუსეთის ფედერაციის მთავრობის წინააღმდეგ, როცა, 2014 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოს სამი ათასამდე მოქალაქის დაპატიმრება, დაკავება და კოლექტიური გაძევება რუსეთიდან 2006 წლის შემოდგომაზე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევად ცნო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოწმეთა ვინაობა, მათი დაკითხვის დრო, ეპიზოდები თუ სხვა დეტალები, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მკაცრად კონფიდენციალურია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG