Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი, ონიშჩენკო, ქართველი მეღვინეები და ბანკირები


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი
რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი საქართველოდან რუსი ექსპერტების უკან გაწვევითა და ქართული ნაწარმის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების პროცესის ჩაშლით იმუქრება. გენადი ონიშჩენკოს თქმით, ამის მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი განცხადებებია. მიხეილ სააკაშვილმა 26 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსი ექსპერტები და მათი ქართველი მასპინძლები გოგოლის „რევიზორის“ პერსონაჟებს შეადარა. მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა მსხვილი ქართული ბანკების რუსული კაპიტალის ხელში გადასვლის შესახებაც, რაც კატეგორიულად უარყვეს თავად ბანკების წარმომადგენლებმა.
რამდენიმე დღის წინ პრაქტიკულად დამთავრდა შეთანხმება, რომლითაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული ბანკი, „ლიბერტი ბანკი“, იყიდა რუსეთის სახელმწიფო ბანკმა „სბერგ-ბანკმა“, ხოლო „ალფა ბანკი“, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული კრემლთან, ყიდულობს „თიბისი ბანკს“...
მიხეილ სააკაშვილი


საქართველოს პრეზიდენტმა 26 თებერვლის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართული საბანკო სექტორის ძირითად მოთამაშეებს რუსული კაპიტალი ეუფლება, რაც, მიხეილ სააკაშვილის თქმით, საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს:

„რამდენიმე დღის წინ პრაქტიკულად დამთავრდა შეთანხმება, რომლითაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული ბანკი, „ლიბერტი ბანკი“, იყიდა რუსეთის სახელმწიფო ბანკმა „სბერგ-ბანკმა“, ხოლო „ალფა ბანკი“, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული კრემლთან, ყიდულობს „თიბისი ბანკს“. ნუ, „ქართუ“ ისედაც რუსული ბანკია. შემოდის „გაზპრომ-ბანკი“, რომელსაც ასევე უნდა ქართული ბანკების ყიდვა“.

პრეზიდენტის ამ განცხადებას პრესკონფერენციის დასრულებამდე გამოეხმაურნენ „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერტი ბანკის“ ხელმძღვანელები. ლადო გურგენიძემ „ლიბერტი ბანკის“ სახელით გაავრცელა შემდეგი შინაარსის განცხადება:

„აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ "სბერბანკთან" „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვაზე არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. "ლიბერთი ბანკს" წელს საკმაოდ ამბიციური გეგმები გააჩნია ქსელის შემდგომი განვითარებისა და მომსახურების დახვეწის კუთხით და თანმიმდევრულად ვახორციელებთ ჩვენს გეგმებს.“

რაც შეეხება „თიბისი ბანკს“, მისი გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, ბანკის ხელმძღვანელობა საერთოდ არ აპირებს წილის გაყიდვას:

„არ ვაწარმოებთ არანაირ მოლაპარაკებებს წილის გაყიდვაზე „ალფა-ბანკთან“. არც გვიწარმოებია და არც მომავალში ვაპირებთ ასეთი მიმართულებით მუშაობას რუსულ ბანკთან“.
ზურაბ გვასალია
ზურაბ გვასალია

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ მთელი საბანკო სექტორისათვის საზიანო უწოდა.

„ბანკი, პირველ რიგში, ეს არის ნდობის ინსტიტუტი. შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება ისეთი გლობალური გარიგების შესახებ, რაზეც პრეზიდენტმა ილაპარაკა, მაღალი რისკების შემცველია და არ არის მიზანშეწონილი. ამ ტიპის ინფორმაციას უნდა ავრცელებდეს თავად ბანკი, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - უთხრა ზურაბ გვასალიამ რადიო თავისუფლებას.

მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბანკებთან დაკავშირებული ინფორმაცია ეროვნული ბანკიდან მიიღო, რაც კატეგორიულად უარყო ეროვნულმა ბანკმა ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული განცხადებით. კიდევ უფრო მოგვიანებით პრეზიდენტმა წუხილი გამოთქვა არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის, თუმცა იქვე დასძინა, რომ რუსულ კაპიტალს აქვს ინტერესი შეიძინოს ქართული ბანკები, ხოლო ერთი მსხვილი ბანკი ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებას შერწყმის თაობაზე:

„თუ არასწორი ბანკები დავასახელე, ეს ჩემდაუნებურად მომივიდა და ნამდვილად არ მინდოდა ბანკებისთვის პრობლემების შექმნა. მინდა, რომ საბანკო სექტორი საქართველოში იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი და ყურადღებით დავაკვირდები, რომ ის არ ჩავარდეს ერთი ქვეყნის სახელმწიფო ბანკების ხელში. ვგულისხმობ ქვეყანას, რომელსაც საქართველოს მიმართ აქვს სრულიად არაჯანსაღი ინტერესი“.
თუ რუსი სპეციალისტების შეურაცხყოფა და სხვა ქმედებები, რაც ნორმალურ მუშაობას აფერხებს, არ შეწყდება, მაშინ ჩვენი ექსპერტების ვადის გასვლამდე გამოწვევის საკითხი ღიად დარჩება...
გენადი ონიშჩენკო


26 თებერვლის პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა ქართველი მეღვინეებისა და იმ რუსი ექსპერტების ურთიერთობაზეც ილაპარაკა, რომლებიც საქართველოში ღვინის ხარისხის შესამოწმებლად იმყოფებიან:

„ონიშჩენკომ არ დაგვდო პატივი და არ ჩამოვიდა, რადგანაც ის ქართველებს მუქთახორებად და უსაქმურებად მიიჩნევს, როგორც თვითონ თქვა ამის შესახებ, მაგრამ ჩამოვიდა მათი დელეგაცია და უკანა თათებზე დამდგარი ჩვენი ჩინოვნიკები, ღვინის ქარხნების წარმომადგენლები, აკანკალებული ხელებით უსხამენ ღვინოს, აბა, მოეწონებათ თუ არა, და თვალებში შესციცინებენ ჩამოსულ რუს ჩინოვნიკს. გამახსენდა გოგოლის „რევიზორი“. არადა, რა უნდა რუს ჩინოვნიკს? ჯიბეში უნდა ჩაუდო ორი კაპიკი და წავა ძალიან ბედნიერი“.

მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადების პასუხად, რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს ქართული ნაწარმის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების პროცესის შეჩერება:

„თუ სიტუაცია არ იქნება ნორმალიზებული, მაშინ საქართველოდან ჩვენი ექსპერტების გამოწვევის საკითხს დავსვამთ. თუ რუსი სპეციალისტების შეურაცხყოფა და სხვა ქმედებები, რაც ნორმალურ მუშაობას აფერხებს, არ შეწყდება, მაშინ ჩვენი ექსპერტების ვადის გასვლამდე გამოწვევის საკითხი ღიად დარჩება“.
ქართველი სპეციალისტები და ინსპექტორები ზუსტად ასევე მიემართებიან ხოლმე უცხო ქვეყნებში, როდესაც იქიდან ხდება მეცხოველეობის პროდუქტების შემოტანა და სწავლობენ ადგილზე გარემოს, კანონმდებლობას, საწარმოს...
ზურაბ ცქიტიშვილი


საქართველოს პრეზიდენტს განცხადების ტონი და შინაარსი დაუწუნეს ქართველმა მეღვინეებმა. კომპანია „ხარებას“ მფლობელის ალექსანდრე ხარებავას თქმით, ბიზნესის კეთებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობებიც:

„უწმინდესის სიტყვებს მოვიშველიებ: კარის მეზობელი არის ძალიან მნიშვნელოვანი! ამიტომ უნდა გვქონდეს წესიერი ურთიერთობა და ამის შემდეგ ყველაფერი დალაგდება თანდათანობით. ისედაც, რა შეიცვლება, თუ ვიქნებით გაბუტულები?!“

ამასთან, ირკვევა, რომ საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობის შესახებ ასევე ითვალისწინებს ინსპექტირებას სურსათის იმპორტიორ ქვეყანაში.

„ქართველი სპეციალისტები და ინსპექტორები ზუსტად ასევე მიემართებიან ხოლმე უცხო ქვეყნებში, როდესაც იქიდან ხდება მეცხოველეობის პროდუქტების შემოტანა და სწავლობენ ადგილზე გარემოს, კანონმდებლობას, საწარმოს, სადაც მზადდება ეს პროდუქცია და სწავლობენ სანედლეულო პროდუქციას“, - უთხრა კანონის ერთ-ერთმა ავტორმა, ზურაბ ცქიტიშვილმა, რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG