Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოითხოვს რუსეთი საქართველოსთან ვიზების გაუქმების სანაცვლოდ?


მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე
საქართველო არ აპირებს დამატებითი პირობები შესთავაზოს რუსეთს სავიზო რეჟიმის გაუქმების სანაცვლოდ - დაახლოებით ამ შინაარსის განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ თბილისში 23 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. ეს განმარტებები მოჰყვა რუსეთის ხელისუფალთა განცხადებებს, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმება ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების კონტექსტში უნდა იქნეს განხილული.

”თუკი ჩვენ სხვა მიღწევებთან ერთად იმასაც მივაღწევთ, რომ სავიზო რეჟიმი გაუქმდება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს იქნება ნამდვილად ძალიან პოზიტიური დინამიკა”, - უთხრა ორშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ საქართველო არანაირ კომპრომისზე არ აპირებს წასვლას:

”ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. საქართველოს უკვე დიდი ხანია გაუქმებული აქვს სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან და რუსეთის ეს ნაბიჯი, თუკი იგი მართლაც განხორციელდა, ჩვენ მიერ ადრე გადადგმული ნაბიჯის საპასუხო ქმედებას წარმოადგენს”.

ამავე კონტექსტში მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ”კარგი იქნება, თუკი რუსეთის ფედერაცია ასევე გადადგამს საპასუხო ნაბიჯს და, საქართველოს მსგავსად, აღიარებს ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ”.
სამართლებრივ ჭრილში, საქართველო კვლავინდებურად მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თავისი ტერიტორიებია. ეს საკითხები გარდაუვლად წამოიჭრება ხოლმე, როდესაც საქმე შეეხება გარკვეული შეთანხმებების გადატანას ფურცელზე...
სერგეი ლავროვი

რუსეთი ასეთი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს და კეთილგანწყობისთვის გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვს. როგორც, მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა ”რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის ხელისუფლება ისურვებდა, საერთოდ გააუქმოს ყველა წინაღობა ხალხებს შორის ურთიერთობის გზაზე და ეს მხოლოდ საქართველოს არ შეეხება, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ერთი წინაპირობა არსებობს, კერძოდ, მისი თქმით, ”უნდა განისაზღვროს გარკვეული ფუნდამენტური სამართლებრივი საკითხები“.

„სამართლებრივ ჭრილში, ჩვენ არა გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები... და სამართლებრივ ჭრილში, საქართველო კვლავინდებურად მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თავისი ტერიტორიებია. ეს საკითხები გარდაუვლად წამოიჭრება ხოლმე, როდესაც საქმე შეეხება გარკვეული შეთანხმებების გადატანას ფურცელზე”, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა და დააზუსტა, რომ შექმნილ სიტუაციას იურისტები შეაფასებენ და რომ რუსეთი დაინტერესებულია ურთიერთობების განვითარებით საქართველოსთან. ქმედით ფორმატად ამ მხრივ მას თავისი მოადგილის გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის არაფორმალური შეხვედრების ფორმატი მიაჩნია.

საგარეო საქმეთა მინისტრამდე, განცხადება საქართველისთან ვიზების შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც გააკეთა. როგორც მან 19 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე უთხრა ჟურნალისტებს, პირადად მას გამოეცვალა „დამოკიდებულება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ” და, პარალელურად, უცვლელად კეთილმოსურნეა მისი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას იმ დღეს ურთიერთობების დათბობასთან დაკავშირებული ფრთხილი იმედებითა და ზომიერი განცხადებებით შეხვდნენ.

პროგნოზი, რომ რუსეთი საქართველოსთან დათმობებზე წავიდოდა და ერთ-ერთი ასეთი შემოთავაზება სწორედ ვიზების გაუქმება იქნებოდა, „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა რადიო თავისუფლების ეთერში ჯერ კიდევ ვილნიუსის სამიტამდე გააკეთა. 23 დეკემბერს კი, ჩვენთან საუბრისას, მან აღნიშნა, რომ რუსეთი ასეთი ნაბიჯებით ცდილობს შექმნას სარგებელი, რომლის დაკარგვაც შემდგომში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირთან დაახლოების სურვილს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს:

კახა გოგოლაშვილი
კახა გოგოლაშვილი
”ვთქვათ, სავიზო რეჟიმი შეიძლება გაუქმდეს... მერე საუბარია ასევე სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, ანუ რუსეთმა პრაქტიკულად მოხსნას ყველა სახის შეზღუდვა და გაამარტივოს კიდევაც. თუკი ჩვენ რუსეთი დაგვაყენებს იმ საშიშროების წინაშე, რომ ეს ყველაფერი გაუქმდება მაშინ, როცა ჩვენ ამას შევეჩვევით, აი ეს იქნება რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი”.

კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ხალხის ამგვარი განწყობა ჩვენი მთავრობისთვის იქნება ”ძალიან მძლავრი ალტერნატივა” ან ისეთი სტიმული, რომელმაც შესაძლოა მას უარი ათქმევინოს ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერაზე. სწორედ იმისათვის, რომ ეს ასე არ მოხდეს და რუსეთმა ამ მხრივ თავისი ვერ გაიტანოს, ანალიტიკოსის აზრით, ევროკავშირმა დააჩქარა საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის მზადების პროცესი. გავიხსენოთ, რომ, ევროკავშირის პრეზიდენტის ჰერმან ვან რუმპეს მიერ ორიოდე დღის წინ გაკეთებული განცხადების თანახმად, შეთანხმების ხელმოწერა მომავალი წლის აგვისტოსთვის არის მოსალოდნელი. ანალიტიკოსების ერთი ნაწილი რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს სწორედ დროის ამ მონაკვეთში მოელის.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა 23 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, მართალია, რუსეთმა უკვე ზეწოლის ყველა ბერკეტი გამოიყენა საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ შესაძლოა მან ახალი პროვოკაციებიც მოამზადოს, მათ შორის, ვთქვათ, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების კუთხით.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG