Accessibility links

logo-print

70 მილიონ 320 ათას ევროს ითხოვს საქართველო რუსეთისაგან 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის საკომპენსაციოდ. ზუსტად ერთი წლის წინ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაში და მხარეებს დაავალა 12 თვის განმავლობაში მოლაპარაკების გზით განესაზღვრათ საკომპენსაციო თანხის ოდენობა. მოლაპარაკების ვადა 3 ივლისს ამოიწურა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2006 წელს რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოს დეპორტირებული მოქალაქეების კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოსა და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს 12-თვიანი ვადა მიეცათ, ხოლო, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეებს დაევალათ წერილობითი მოსაზრებების წარდგენა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

როგორც იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, 2 ივლისს სამინისტრომ, გამოძევებული ქართველების დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა და კომპენსაცია მოითხოვა. კითხვაზე, თუ რატომ ვერ შეთანხმდნენ ერთი წლის განმავლობაში საქართველოსა და რუსეთის მხარე კომპენსაციის ოდენობაზე, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მედიასთან საუბარში განაცხადა:

„ვინაიდან საქართველოს არ აქვს რუსეთთან ოფიციალური ურთიერთობები, კონკრეტულად რუსულ მხარესთან კომუნიკაცია არ ყოფილა და საქართველომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ორი თვის შემდეგ მიმართა უშუალოდ სტრასბურგის სასამართლოს და შესთავაზა შუამავლობა აღნიშნულ საკითხში, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს პასუხი იყო, რომ სანამ კონსულტაციები გაიმართებოდა, კარგი იქნებოდა, თუ მხარეები წარადგენდნენ თავიანთ პოზიციებს“.

საქართველომ თავისი პოზიცია შეიმუშავა და 70 მილიონ 320 ათასი ევროს ოდენობით საკომპენსაციო თანხის მოთხოვნით მიმართა სტრასბურგის სასამართლოს. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, „უცნობია, რუსეთის მხარემ თუ წარადგინა ამ ვადაში რაიმე დოკუმენტაცია. ამას შევიტყობთ მას შემდგ, რაც სტრასბურგის სასამართლო მხარეებს ერთმანეთის პოზიციას გააცნობს“.

„როგორც კი გამოიტანს გადაწყვეტილებას თანხის გადახდაზე საქართველოს სასარგებლოდ რუსეთის მიერ, აღსრულება დაევალება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს და გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, ყველამ იცით, რომ არის პოლიტიკური პრობლემა საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთისთვის, თუკი ის ამას არ შეასრულებს და, ყველაზე გართულებულ შემთხვევაში, ქვეყნის ევროსაბჭოდან გარიცხვითაც კი შეიძლება დასრულდეს“.

ის, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მხარეებს შორის საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრის საკითხი არც აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატში განხილულა, ადასტურებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

საერთაშორის სამართლის სპეციალისტს, იუსტიციის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს დავით ჯანდიერს ერთ-ერთ პრობლემად მიაჩნია ის, რომ საზოგადოება ერთი წლის განმავლობაში იყო ინფორმაციულ ვაკუუმში იმის თაობაზე, თუ რა ნაბიჯები იდგმებოდა ან იდგმებოდა თუ არა, საერთოდ, საკომპენსაციო თანხის განსაზღვრის მიზნით რუსეთის მხარესთან მოლაპარაკების თვალსაზრისით. დავით ჯანდიერის თქმით, შესაძლოა ამ მოლაპარაკებებს შედეგი ვერც გამოეღო, მაგრამ მედიატორების ჩართვა ამ პროცესში იქნებოდა კარგი საშუალება აქცენტი გაკეთებულიყო საქართველოსთვისამ გადაწყვეტილების პოზიტიურ მხარეზე. ახლა, დავით ჯანდიერის თქმით, სასამართლოს დისკრეციის საგანია მხედველობაში მიიღებს თუ საქართველოსგან მისულ წინადადებას საკომპენსაციო თანხის დაკისრების თაობაზე და ის, რომ ახლა თავად სასამართლომ უნდა განსაზღვროს საკომპენსაციო თანხის ოდენობა, პროცესს კიდევ უფრო ახანგრძლივებს:

„ჩვენთვის პრობლემურია პირველი ის, რომ ქართული საზოგადოება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ვაკუუმში იყო იმ დიდი საქმის მოგებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა რუსეთის ფედერაციასთან საქმის წარმატებით დაგვირგვინებას და, რა თქმა უნდა, საზოგადოებას უნდა სცოდნოდა, თუ რა ნაბიჯები იდგმებოდა იმისთვის, რომ საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება აღსრულებულიყო და, მეორე, მე მიმაჩნია პრობლემურად ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ უწარმოებია დიალოგი, მათ შორის, შუამავლების მონაწილეობით, - რა თქმა უნდა, აქ მხედველობაში არ არის ევროპული სასამართლო, - იმისთვის, რომ საქართველოსთვის მაქსიმალურად სასურველი შედეგები გამოტანილიყო მორიგების შედეგად, რომელიც ამ გადაწყვეტილების იმპლემენტაციის შედეგად შეიძლება მიღწეულიყო ქართული მხარისთვის“.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა შეიძლება რუსეთის ევროპის საბჭოდან გარიცხვითაც კი დასრულდეს. ევროსაბჭოდან გარიცხვის ალბათობაზე არა, მაგრამ იმ შესაძლო სანქციებზე, რომელსაც ევროსაბჭო დააკისრებს რუსეთის ფედერაციას, როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების არშემსრულებელს, ლაპარაკობს საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი ბესო ბოხაშვილი:

„თუკი არ გადაიხადა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი მუდმივად ახორციელებს ზეწოლას, იგი იხილავს გარკვეული დროის განმავლობაში ყოველი სახელმწიფოს მიერ ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულება-არშესრულების საკითხს. ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ ევროპის საბჭო, არამედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია - ევროკავშირით დაწყებული, დონორი ორგანიზაციებით დამთავრებული, ყველა აქცევს ყურადღებას გარკვეული ტრანშის, საგადასახადო შეღავათების დაწესებისას და ა.შ. ასრულებს თუ არა კონკრეტული სახელმწიფო ადამიანის უფლებათა საზედამხედველო ორგანოების მიერ დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას“.

2014 წლის 3 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა ვერდიქტი სახელმწიფოთაშორის დავაზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ", რომელიც 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ გაძევებას უკავშირდებოდა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 2006 წელს დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კოორდინირებულ პოლიტიკას ქართველების წინააღმდეგ დაკავებისას, დაპატიმრებისას და მასობრივად ქვეყნიდან გამოძევებისას და, შესაბამისად, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 ოქმის მე-4 მუხლი. დაკავებისა და დაპატიმრების დროს ქართველები დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ, რითაც დაირღვა მე-3 და მე-5 მუხლები. შესაბამისად, რუსეთს აქვს სამართლებრივი ვალდებულება, კომპენსაცია გადაუხადოს საქართველოს მისი მოქალაქეების უფლებების დარღვევისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG