Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყანათა ჯგუფში


მსოფლიო ბანკის ბოლო კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფიდან საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადავიდა.

ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი განაცხადია გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, რომელიც ბოლო რამდენიმე წელი განსაკუთრებული ეკონომიკური პრობლემებით გამოირჩეოდა.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციის თანახმად, ბანკი ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიო ეკონომიკების ანალიტიკურ კლასიფიკაციას, რომელიც ეფუძნება მთლიანი ეროვნული შემოსავლის (მეშ) მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე.

2015 წელს მსოფლიო ბანკის მიერ დაბალი შემოსავლების მქონე ეკონომიკად დასახელდა ქვეყნები, რომლებშიც მეშ-ის მაჩვენებელმა ერთ სულ მოსახლეზე 1,025 აშშ დოლარი ან ნაკლები შეადგინა; საშუალოზე დაბალ ეკონომიკად დასახელდა ქვეყნები, რომლებშიც მეშ-ის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 1,026-3,035 აშშ დოლარია, საშუალოზე მაღალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებად, - რომლებშიც ანალოგიურმა მაჩვენებელმა 4,036-12,475 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მაღალი შემოსავლების მქონე ეკონომიკებად დასახელებულია ქვეყნები, რომლებშიც მეშ-ის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 12,476 აშშ დოლარს ან მეტს.
მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცხრილის თანახმად, საქართველოს მეზობელი რუსეთი მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფიდან საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადავიდა. ეს ნიშნავს, რომ, რუსეთის თითოეულ მოსახლეზე გათვლით, ქვეყნის შემოსავალი შემცირებულია და, მაშასადამე, ქვეყანამ ეკონომიკური რეგრესი განიცადა, მარტივად რომ ვთქვათ, გაღარიბდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსული რუბლი აშშ დოლართან მიმართებით საგრძნობლად გაუფასურდა, მაჩვენებელი კი აშშ დოლარში გამოიანგარიშება, კურსთა შორის სხვაობამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა აღნიშნული ცვლილება.

საინტერესოა, რომ ჩვენი სამეზობლოდან საქართველოს ჯგუფში აზერბაიჯანი და თურქეთი არიან, პირველი, ცხადია, ნავთობშემოსავლების წყალობით, მეორე კი, ეკონომიკური აღმავლობისკენ სიარულის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები - სომხეთი, მოლდავეთი, უკრაინა - საშუალოზე დაბალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჯგუფში არიან.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ცვლილება, შესაძლოა, ტექნიკური მიზეზებითაც იყოს გამოწვეული, მაგალითად, იმ ფაქტით, რომ საქართველოში ჩატარებულმა აღწერამ მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება აჩვენა, რამაც ერთ სულ მოსახლეზე ერთიანი ეროვნული შემოსავლის მატება მოახდინა, ფაქტია, რომ ჯგუფის ცვლილება, ეკონომიკური დახმარებების მიღების თვალსაზრისით, იმდენად საინტერესო არ არის, თუმცა იგი, დიდი ალბათობით, დადებითად აისახება საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობასა და საერთაშორისო იმიჯზე და, სავარაუდოდ, რისკებსაც შეამცირებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ინვესტირებით დაინტერესებისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG