Accessibility links

logo-print

საქართველო-სომხეთის საზღვრისპირა თანამშრომლობა ევროკავშირის ეგიდით


სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ბაგრატაშენი (სომხეთი), საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი ხიდი მდინარე დებედაზე.

სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ბაგრატაშენი (სომხეთი), საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი ხიდი მდინარე დებედაზე.

საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკურ თანამშრომლობას ახალი შესაძლებლობები უჩნდება პროექტის მეშვეობით, რომელიც ევროპის კავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ფარგლებში მიმდინარეობს. ორი ქვეყნის ტერიტორიული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ევროკავშირმა თითქმის მილიონ 400 ათასი ევრო გამოყო. ამ რესურსის ასათვისებლად გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება 25 სექტემბერს სომხეთში, ქალქ დილიჟანში, გაიმართა.

25 სექტემბერს სომხეთის ქალაქ დილიჟანში გამოცხადდა, რომ, ევროპის კავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში, საქართველო-სომხეთს შორის საზღვრისპირა თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, 8 პროექტი დაფინანსდება. პროექტთა შორის გამარჯვებულები საზეიმო ვითარებაში დააჯილდოეს.

გამარჯვებულებს დაფინანსების მიღების შემდეგ სხვადასხვა ტიპის პროექტების განხორციელება მოუწევთ, მოსაზღვრე რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. მათ შორის, ვინც ევროკავშირის დაფინანსება მოიპოვა, არის ნუგზარ თათაშვილი, საქართველოს სამცხე-ჯავახეთისა და სომხეთის ლორის რეგიონებში საზოგადოებრივი განვითარების ცენტრის თავმჯდომარე. მისი პროექტის მიზანია ახალციხეში ტყის ჭრის შემცირებაა:

„გზა ავირჩიეთ ალტერნატიული. განახლებადი ენერგიების დანერგვით, ბინების თბოიზოლაციისა და ენერგოეფექტურობის დანერგვით გვინდა, რომ მოსახლეობას აღარ ჰქონდეს ტყის მოჭრის საჭიროება“.

დაჯილდოვების ცერემონიალი დილიჟანში

დაჯილდოვების ცერემონიალი დილიჟანში

ამ პროექტის განსახორციელებლად ევროკავშირმა 90 ათას ევროზე მეტი გამოყო. „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში საზღვრისპირა თანამშრომლობისთვის ევროკავშირმა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მუნიციპალურ ორგანოებს 25 ათასიდან 250 ათასამდე ევროს დაფინანსების მოპოვება შესთავაზა. მათ შორის, ვინც ამგვარი რესურსის გამოყენების უფლება მოიპოვა, არის არპინე ჰაკობიანი, სომხეთში დაფუძნებული „ენ-ჯი-ოუ ცენტრის“ პრეზიდენტი. მან და მისმა პარტნიორმა რამდენიმე ორგანიზაციამ ევროკავშირისგან მიღებული თითქმის 214 ათასი ევრო უნდა დახარჯონ საზღვრისპირა ტურიზმის განვითარებისთვის:

„ჩვენ ვავითარებთ ველოტურიზმს სომხეთსა და საქართველოს შორის. პროექტის ფარგლებში მოხდება კემპინგის რეკონსტრუქცია და მომზადდება ბუკლეტები. ჩვენ ამ ახალი ტურისტული პროდუქტის დასანერგად ვითანამშრომლებთ ტურისტულ სააგენტოებთან, რათა მათ შეძლონ ამ პაკეტის რეალიზება საქართველოსა და სომხეთში“.

კონკრეტულად ამ პროექტებისგან მოველით უფრო საზოგადოების გააქტიურებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტების, მათი თანამშრომლობის გაღრმავებას, მომიჯნავე რეგიონებთან საზღვრის მეორე მხარეს...

ტურიზმის გარდა, რომელიც საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ევროკავშირის დაფინანსება მიიღეს პროექტებმა, რომლებიც ორიენტირებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაზე. ამ ინიციატივის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონალური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი წაქაძე. მისი სამინისტრო საქართველოს მთავრობის მხრიდან წამყვანი პარტნიორია პროექტის განხორციელების პროცესში:

„შედეგები არ იქნება მსხვილმასშტაბიანი და ყოვლისმომცველი, გამომდინარე დაფინანსების მასშტაბიდან, თუმცა ეს უფრო პრეცედენტული სახის პროექტია, რომლის წარმატების შემთხვევაშიც მეტი პროექტებისთვის და უფრო დიდი მასშტაბისთვის გაიხსნება გზა. კონკრეტულად ამ პროექტებისგან მოველით უფრო საზოგადოების გააქტიურებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტების, მათი თანამშრომლობის გაღრმავებას, მომიჯნავე რეგიონებთან საზღვრის მეორე მხარეს“.

გია დანელიას პოპულარული ფილმის "მიმინოს" პერსონაჟების ქანდაკება დილიჟანში

გია დანელიას პოპულარული ფილმის "მიმინოს" პერსონაჟების ქანდაკება დილიჟანში

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მიერ ინიცირებული ტერიტორიული თანამშრომლობის მხარდაჭერის პროექტების დაწყებას მიესალმა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და საგანგებო სიტუაციების მინისტრის პირველი მოადგილე ვაჩე ტერტერიანიც და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის.

საქართველო-სომხეთს შორის თანამშრომლობა წლების მანძილზე დინამიკურად ვითარდება, მაგრამ ვითარების შეცვლის საფრთხე გაჩნდა მას შემდეგ, რაც სომხეთი გახდა ევრაზიული საბაჟო კავშირის წევრი, ხოლო საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. მაგრამ ეს ხელშემშლელი ფაქტორი არ იქნებაო, იმედოვნებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ტერიტორიული თანამშრომლობის მხარდაჭერის პროგრამის გუნდის ლიდერი ალექსეი სეკარევი:

ალექსეი სეკარევი

ალექსეი სეკარევი

„პოლიტიკური თვალსაზრისით, არავითარი შეფერხება არ იქნება, რადგან ქვეყნები აწარმოებენ საგარეო პოლიტიკას საკუთარი შეხედულების შესაბამისად. ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს, მაგრამ, საბედნიეროდ, ჯერ არ წარმოქმნილა, ეს არის სხვაობა საბაჟო რეჟიმებს შორის. მე მითხრა იმ ხალხმა, ვინც მუშაობს ეკონომიკური საქმიანობის განვითარების პროექტში, რომ დღესდღეობით არავითარი ნიშანი არ შეიმჩნევა იმისა, რომ განსხვავებული საბაჟო წესები ხელს უშლიდეს საზღვრისპირა ვაჭრობას“.

სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა შორის მეცხრე ადგილზეა და მასზე მოდის საგარეო სავაჭრო ბრუნვის თითქმის 4 პროცენტი. ეს ის ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს დადებითი სავაჭრო სალდო აქვს. გაცილებით შთამბეჭდავია ტურიზმის ზრდის დინამიკა, სომხეთი ლიდერია საქართველოს ტურისტულ პარტნიორთა შორის. მოცემული მომენტისთვის სომხეთიდან საქართველოს თითქმის ერთი მილიონი ადამიანი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგური პერიოდის მონაცემებს, დაახლოებით, 15 პროცენტით აღემატება. მაგრამ ბევრი მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტი რესურსი არსებობს, განსაკუთრებით მოსაზღვრე რეგიონებს შორის.

საზღვრისპირა რეგიონალური თანამშრომლობის პროექტს ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა ახორციელებს საქართველოსა და მის კიდევ ერთ მეზობელს, აზერბაიჯანს, შორის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG