Accessibility links

logo-print

საქართველო თურქეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე


პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი თურქეთში

პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი თურქეთში

საქართველო თურქეთში დაძაბული ვითარების ფონზე და პრემიერის ვიზიტი ანკარაში, თავდასხმა მიუნხენში, ქართველი სპორტსმენების მზადება რიოს ოლიმპიადისათვის, წინასაარჩევნო მარათონი თბილისსა და მის გარეთ, „ცენტრ პოინტის“ გახმაურებული სასამართლო პროცესი - კვირის მთავარი მოვლენები „კვირის მიმოხილვაში“.

გასულ კვირას თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოანსაც შეხვდა. ოფიციალური წყაროს ცნობით, „თურქეთის ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს და მას რეგიონის სტაბილურობის კუთხით განიხილავს“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში საუბარი იყო იმაზე, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა სულ უფრო ვითარდება პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების თუ კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სახელით მწუხარება გამოხატა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს დაღუპულთა გამო.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრის, თედო ჯაფარიძის, განცხადებით, თურქეთის პრემიერთან, ბენალი ილდირიმთან, შეხვედრის დროს საუბარი ანკარის მიერ სამხედრო გადატრიალების მთავარ ორგანიზატორად დასახელებულ, ამჟამად აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო პირს, ფეტულა გიულენსაც შეეხებოდა, რომლის სახელსაც უკავშირებენ საქართველოში მოქმედ სასწავლო დაწესებულებებს:

​„აღინიშნა, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ, ეს იქნება ბატონი გიულენი თუ იქნება სხვა სასულიერო პირი, პოლიტიკური მოღვაწე, ექსპერტი თუ ვინც იქნება, მისმა ქმედებებმა, მისმა საუბრებმა, მისმა სტატიებმა ხელი არ შეუწყოს და არ გააძლიეროს ტერორიზმის პერსპექტივა, ხელი არ შეუწყოს ახალი ძალების მობილიზებას ამ მიმართულებით... და, რა თქმა უნდა, ეს შეეხება, საერთოდ, რეგიონალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი

გასულ კვირას დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის და მისი პარტნიორის, ე. წ. ჩაღლარის, საგანმანათლებლო სივრცეში მოქცეული სკოლების სახელით გავრცელდა საპროტესტო წერილი, რომელშიც მოითხოვენ, შეწყდეს მათ მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები. ადმინისტრაციის თქმით, ყველა ამ სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ასწავლიან და მათ არავითარი კავშირი გავრცელებულ ბრალდებებთან, ტერორიზმსა თუ ექსტრემიზმთან, ასევე, აშშ-ში მცხოვრებ გავლენიან სასულიერო პირთან, ფეტულა გიულენთან, არ გააჩნიათ.

დემირელის სახელობის კოლეჯის დირექტორის მოადგილე ნინო კავთიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ სრულიად უსაფუძვლოა ბრალდებები ფეტულა გიულენთან, აშშ-ში მცხოვრებ თურქი ეროვნების სასულიერო პირთან, სკოლების დამფუძნებელთა შესაძლო კავშირის შესახებ. სწორედ მას აკისრებს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე პასუხისმგებლობას ოფიციალური ანკარა. ნინო კავთიაშვილის განცხადებით, აღნიშნულ სკოლებს ფეტულა გიულენთან არც ფინანსური და არც სხვა ტიპის კავშირი არ გააჩნიათ. ხოლო ჩვენს შეკითხვაზე, თუ რატომ უკავშირებენ ამ სკოლებს გიულენის სახელს, დემირელის კოლეჯის დირექტორის მოადგილემ ასე გვიპასუხა:

„თუ ოდესმე დამფუძნებლები იდეურად კავშირში იყვნენ ამ პიროვნებასთან, არ ვიცი. მე არ ვიცნობ ამ პიროვნების იდეოლოგიას, მაგრამ, როგორც მსმენია, ის სასულიერო პირია, რომელიც ქადაგებს განათლების მნიშვნელობას, სიღარიბის დაძლევაზე ლაპარაკობს და დემოკრატიული იდეების გავრცელებაზე ზრუნავს. ვფიქრობ, მასთან ჩვენი სახელის დაკავშირებას უფრო პოლიტიკური სარჩული აქვს. ეს ამბავი ზოგიერთმა არაკეთილმოსურნე პოლიტიკოსმა გამოიყენა და ჩვენს სკოლებთან დააკავშირა, რადგან მათი დამფუძნებლებიც თურქები არიან. სკოლა დღეს თვითდაფინანსებაზეა. ჩვენ სამასზე მეტი მოსწავლე გვყავს და ეს საკმარისია, რომ სკოლამ იფუნქციონიროს ნორმალურად, ათასამდე კურსდამთავრებული გვყავს და მსგავსი რამ რომ სიმართლე ყოფილიყო, ან მშობელი არ გააპროტესტებდა ამას და ან ასობით ქართველი მასწავლებელი?“

გიორგი პაპუაშვილი

გიორგი პაპუაშვილი

გასულ კვირას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა გახმაურებული საქმეების მოსამართლეების მიმართ ზეწოლის ფაქტების შესახებ ზოგადი ინფორმაცია გაავრცელა, კონკრეტული გვარებისა და უწყებების დაუსახელებლად:

“ბოლო პერიოდისა და ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს ძაან მიზანმიმართული ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე, რაც გამოიხატება მათ ფარულ თვალთვალში, მათი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების კომერციული საქმიანობის მიზანმიმართულ შევიწროებაში, დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებულები იქნებიან სხვადასხვა საბაბით, აგრეთვე პირადი ხასიათის ინფორმაციის, ფალსიფიცირებული, ძირითადად, მაგრამ შეიძლება გასაჯაროვდეს, რომლებიც დაკავშირებულია მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან. ყველა ეს საქმე დაკავშირებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე, რომლებიც განიხილება ახლა სასამართლოში“.

გიორგი პაპუაშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დაშანტაჟების პროცესი მიმართულია იმისკენ, რომ გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილება მათ ან ხელისუფლების სასარგებლოდ მიიღონ, ან მაქსიმალურად გააჭიანურონ პროცესი.

კონკრეტულ ინფორმაციას მისგან ითხოვს, პირველ რიგში, მთავარი პროკურატურა, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მისთვის სასურველ დროს დაიბარა საგამოძიებო ორგანოში. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადების თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტები უკავშირდება ისეთ ფუნდამენტურ საკითხს, როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თავის ხელთ არსებულ მასალებს, პროკურატურამდე, ჯერ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს გააცნობს.

ერთადერთი უალტერნატივო გზა მაია რჩეულიშვილის გამოშვებაა საპატიმროდან, რომ მან დაასრულოს ეს მშენებლობები და როგორც აქამდე ვაკმაყოფილებდით დაზარალებულებს ეტაპობრივად, ისე გავაგრძელოთ ან თანხის გადახდით, ან ბინით დაკმაყოფილებით და ა.შ...

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ საქმეზე კიდევ ერთი სხდომა გაიმართა - ამჯერად ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ის ეპიზოდზე. სხდომას ამ საქმეზე ბრალდებული კომპანიის დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი პატიმრის სტატუსით პირველად დაესწრო. სასამართლო 20 ივლისს იმ მოწმეებს უსმენდა, ვინც თავს „ცენტრ-პოინტისგან“ დაზარალებულად მიიჩნევს და ამ დრომდე არ მიუღია კუთვნილი ბინა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ მაია რჩეულიშვილის პატიმრობაში დატოვების შემთხვევაში პროცესი კიდევ უფრო გაიწელება, მშენებლობების დასრულება კი ისევ გაურკვეველი დროით გადაიდება.

„ცენტრ პოინტის“ ადვოკატმა მარინე ცუცქირიძემ 20 ივლისს განაცხადა, რომ პროცესებიდან მაია რჩეულიშვილის ჩამოცილებით საქმე მხოლოდ ფერხდება, ხოლო კომპანია ამ პირობებში ვერავის ვერაფერს აუნაზღაურებს:

„დღეს, ამ პირობებში, ვერავის ვერაფერს ავუნაზღაურებთ. სამართლებრივად, ვერც სახელმწიფო და ვერც პროკურატურა ვერც ააშენებს რამეს და ვერც ვინმეს რამეს აუნაზღაურებს. ერთადერთი უალტერნატივო გზა მაია რჩეულიშვილის გამოშვებაა საპატიმროდან, რომ მან დაასრულოს ეს მშენებლობები და როგორც აქამდე ვაკმაყოფილებდით დაზარალებულებს ეტაპობრივად, ისე გავაგრძელოთ ან თანხის გადახდით, ან ბინით დაკმაყოფილებით და ა.შ.“

პარასკევ საღამოს მიუნხენის ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 21 დაიჭრა. დაღუპულთა შორის არის 18 წლის თავდამსხმელიც, წარმოშობით ირანელი გერმანელი, რომელმაც, სამართალდამცველთა ცნობით, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. გამომძიებლები არ გამორიცხავენ, თუმცა არც ადასტურებენ, რომ საქმე ტერორისტულ თავდასხმასთან გვაქვს. მიუნხენში მომხდარ ამბავს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და თქვა, რომ ეს იყო „ამაზრზენი ტერორისტული აქტი“, რომელიც გერმანიაში შიშის ატმოსფეროს შექმნისკენ არის მიმართული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG