Accessibility links

logo-print

საქართველო აირჩიეს გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად


გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველო პირველად აირჩიეს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად. მომავალი ორი წლის ვადით საქართველოს არჩევის გადაწყვეტილება ასამბლეამ 177 ხმით მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრობისთვის რეგიონული პრინციპით სულ გამოყოფილი იყო 18 ადგილი, საიდანაც საქართველო კონკურენციის გარეშე აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფისთვის გამოყოფილი ორი ვაკანტური ადგილიდან ერთ-ერთზე.

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო ორგანიზაციის 47 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს და მისი ფუნქციაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დაცვის უზრუნველყოფა, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საბჭოს წევრობა ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, კიდევ უფრო დახვეწოს ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე და ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად უფრო აქტიურად ჩაერთოს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისა და უფლებათა დაცვის მიზნით გაეროში მიმდინარე პროცესებში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა გაეროს წევრ სახელმწიფოებს და საბჭოს წევრად არჩევა მიულოცა ყველა დანარჩენ ქვეყანას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG