Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველოს ამერიკელი მეგობრები“


უკვე 20 წელია, რაც საქართველოში არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“. ვინ დაუმეგობრდა საქართველოს ამ ორგანიზაციის საშუალებით და რა გაკეთდა ამ 20 წლის განმავლობაში?

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ დარბაზში კლასიკური მუსიკა ცოცხალი შესრულებით ისმის. ორგვლივ დიპლომატიური მისიების, არასამთავრობო, სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ირევიან. მოლბერტებზე ფოტოები დგას. ფოტოებზე ძველი თბილისი და საქართველოს კუთხეები ჩანს. დარბაზში მყოფნი ფოტოებს ათვალიერებენ, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით საგანგებოდ დაიბეჭდა National Geographic Georgia-ს არქივიდან.

საღამო საქველმოქმედოა. ფოტოების გაყიდვით მიღებული თანხა პალიატიური ზრუნვის პროგრამას მოხმარდება და თბილისში მცხოვრებ 100-ზე მეტ მოხუცს მოემსახურება.

„საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ 1994 წელს დააარსა კონსტანტინე სიდამონ-ერისთავმა, ქართველი ემიგრანტისა და არისტოკრატიული ოჯახის შთამომავალმა. ამ ორგანიზაციის შექმნით მას სურდა დახმარებოდა უკიდურესი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს პოსტსაბჭოთა საქართველოში. დახმარება ყველა მსურველს ვერ გასწვდებოდა და იმათ აღმოსაჩენად, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა თანადგომა, კონსტანტინე სიდამონ-ერისთავმა ასევე ქართველი ემიგრანტის შვილი და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე მარუსა ჭავჭავაძე მოიწვია.

ჩვენ დავიწყეთ ქუჩის ბავშვების, ლეიკემიისა და ტუბერკულოზით დაავადებული ბავშვების დახმარება. შემდეგ ამას მოჰყვა მარტოხელა დედებისა და დევნილი ბავშვებისთვის განკუთვნილი პროგრამები...
მარუსა ჭავჭავაძე

მარუსა ჭავჭავაძე დღემდე ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორია ამერიკაში. მისი თქმით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ორგანიზაციის მთავარ პრიორიტეტად იმათი დახმარება რჩება, ვინც ამას ყველაზე მეტად საჭიროებს.

ამ პროგრამების შესახებ მარუსა ჭავჭავაძე გვიამბობს:

„ჩვენ დავიწყეთ ქუჩის ბავშვების, ლეიკემიისა და ტუბერკულოზით დაავადებული ბავშვების დახმარება. შემდეგ ამას მოჰყვა მარტოხელა დედებისა და დევნილი ბავშვებისთვის განკუთვნილი პროგრამები. ასევე, ვახორციელებთ პალიატიური ზრუნვის პროგრამას ხანდაზმულებისთვის“.

„საქართველოს ამერიკელ მეგობრებს“ საქართველოში ჰყავს პარტნიორები, რომლებიც ამ პროექტების ხორცშესხმაში ეხმარებიან. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში ლენა კილაძე ამბობს:

20 წლის განმავლობაში იმდენი ადამიანი, კორპორაცია და ბიზნესმენი გვემეგობრება და ჩვენი მეშევეობით ემეგობრება იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ საქველმოქმედო პროექტებს...
ლენა კილაძე

„ვცდილობთ პულსზე გვეჭიროს ხელი... და მაქსიმალურად გამოვეხმაუროთ საქართველში არსებულ საჭიროებებს“.

„საქართველოს ამერიკელ მეგობრებს“ როგორც ამერიკელი, ისე ქართველი დონორები აფინანსებენ.

„20 წლის განმავლობაში იმდენი ადამიანი, კორპორაცია და ბიზნესმენი გვემეგობრება და ჩვენი მეშევეობით ემეგობრება იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ საქველმოქმედო პროექტებს, რომ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის“, – ამბობს ლენა კილაძე.

მისი თქმით, ქართველი ბიზნესმენების დახმარება განსაკუთრებით დასაფასებელია, რადგან საქართველოში არ არსებობს ქველმოქმედების კანონი, რომლის თანახმადაც, ქველმოქმედების გაწევის გამო კომპანიები გადასახადისგან თავისუფლდებიან. ამერიკელ დონორებს რაც შეეხება, მარუსა ჭავჭავაძე ამბობს, რომ ისინი მაშინაც სიამოვნებით ეხმარებიან, როცა საქმე, უბრალოდ, საქართველოს ეხება და მაშინაც, როცა „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ მიერ წამოწეული ამა თუ იმ პრობლემით არიან დაინტერესებულნი.

მარუსა ჭავჭავაძე ერთ განსაკუთრებულ შემთხვევასაც იხსენებს, როდესაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი ამერიკელი დონორი ორგანიზაციას 3 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, 50 000 აშშ დოლარს ურიცხავდა.

მარუსა ჭავჭავაძეს იმედი აქვს, რომ ორგანიზაცია სასარგებლო საქმიანობის გაგრძელებას შეძლებს და მას მეტი დონორი შეუერთდება, ლენა კილაძე კი ისურვებდა, რომ 20 წლის შემდეგ საქართველოში საერთოდ არ იყოს მსგავსი ორგანიზაციების არსებობის საჭიროება.

XS
SM
MD
LG