Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ნარკოპოლიტიკა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის (INCSR) 2014 წლის ანგარიშში საქართველო კვლავ მოხსენიებულია ქვეყნად, რომელიც სხვა სახელმწიფოებში წარმოებული ნარკოტიკების ტრანზიტისთვის გამოიყენება. ანგარიშში საუბარი იმაზეცაა, რომ, ქმედითი ღონისძიებების მიუხედავად, საქართველოში პრობლემად რჩება ადგილობრივ კუსტარულად წარმოებული ნარკოტიკების მოხმარება, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მოსული ხელისუფლება ნარკოპოლიტიკას პრიორიტეტად ასახელებს.

საქართველო სხვა ქვეყნებში წარმოებული ნარკოტიკების ტრანზიტული ქვეყანაა. მთავარი მარშრუტი ავღანეთიდან და ირანიდან აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის და საბოლოო დანიშნულების პუნქტებია დასავლეთი ევროპა, თურქეთი და რუსეთი - საერთაშორისო მეკავშირეები მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებით ამ მარშრუტის გამოყენებით გადაზიდავენ ნარკოტიკებს. ნარკოტიკები გადააქვთ ასევე შავ ზღვაზე საბორნე გადასასვლელით, აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის (INCSR) 2014 წლის ანგარიშში, სადაც ვკითხულობთ იმასაც, რომ ნარკო ტრანზიტისთვის გამოიყენება ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორები, სადაც ვერ ხორციელდება საქართველოს ხელისუფლების სამართლებრივი კონტროლი.

ის, რომ შეიძლება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენებოდეს ნარკოტრანზიტისთვის, არ უკვირს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარატამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსს სოფო კილაძეს. მისი თქმით, ზოგადად, ანგარიშში პოზიტიურადაა განხილული ხელისუფლების ნარკოპოლიტიკა. თუნდაც ზაფხულში 116 კილოგრამი ჰეროინის ამოღების ეპიზოდი მეტყველებს ხელისუფლების მკაცრ და, ამავდროულად, სწორ ოპერატიულ მუშაობაზე, ამბობს სოფო კილაძე. ანგარიშის თანახმად, 2013 წელს საზღვრის უსაფრთხოების ზომების გაძლიერებამ და გამოძიებისა და ინსპექტირების მიმართ უფრო პროაქტიულმა მიდგომამ ნარკოტიკული საშუალებების ამოღების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია:
სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ არავითარი მაკონტროლებელი მექანიზმები არ არსებობსო და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დეკემბრამდე იყო გაგზავნილი ეს ანგარიში...
სოფო კილაძე


„ლოგიკურიც არის, ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომაროებიდან გამომდინარე. იმის გამო, რომ, დაახლოებით, 20 % ჩვენი ტერიტორიისა ოკუპირებულია, ჩვენ ფიზიკურად არ შეგვიძლია ის გავაკონტროლოთ და ეს ბუნებრივიც არის. თუმცა რაც შეეხება იმ ტერიტორიებს, სადაც ჩვენი იურისდიქცია ვრცელდება, ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ და თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც არის აღნიშნული ამის შესახებ. ეს შეეხება არა მხოლოდ შემოდინებას საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებისა, არამედ ტრანზიტსაც, ანუ ორივეს ვაკონტროლებთ ჩვენ“.

თუმცა სოფო კილაძე ხსნის, თუ რას შეიძლება გამოეწვია ანგარიშში მოყვანილი ცნობები იმის თაობაზე, რომ "საქართველოს ასევე აქვს შიდა ნარკოტიკების პრობლემა. ადგილობრივად წარმოებული ამფეტამინის ტიპის სტიმულატორები (ATS), რომელიც "ჯეფისა" და "ვინტის" სახელითაა ცნობილი, ასევე ადგილობრივად წარმოებული დესომორფინის ოპიოდი, რომელიც "კროკოდილის" სახელითაა ცნობილი, პოპულარობით სარგებლობს. სხვა ნარკოტიკებთან ერთად ჰეროინი, მეტადონი და მარიხუანა ხელმისაწვდომია ადგილობრივ ბაზარზე".

„სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ არავითარი მაკონტროლებელი მექანიზმები არ არსებობსო და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დეკემბრამდე იყო გაგზავნილი ეს ანგარიში. უფრო სწორად, ინფორმაცია იყო შეგროვილი დეკემბრამდე, რადგან არ დაემთხვა არსებული რეალობა და გამოქვეყნებული ანგარიში“.

არსებულ რეალობაში სოფო კილაძე გულისხმობს მიმდინარე წლის 15 მარტს ძალაში შესულ კანონს, რომელმაც აკრძალა ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ურეცეპტო რეალიზაცია აფთიაქებიდან, რამაც, სოფო კილაძის თქმით, მნიშვნელოვნად შეამცირა კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკების მოხმარება, რასაც მეორენაირად სააფთიაქო ნარკომანიასაც უწოდებენ.
ეს ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული სახელმწიფოსთვის, რადგან ასეთი ტვირთის მოძიება და აღმოჩენა ხშირად შესაძლებელია მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავთა თანამშრომლობით, შემთხვევით ამ ტვირთის აღმოჩენა თითქმის არ ხდება...
გიორგი ღლონტი
ანგარიშში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ 2013 წლისათვის საქართველოს მთავრობამ გაზარდა ნარკოტიკებთან დაკავშირებული მკურნალობისა და პრევენციის ზომების დაფინანსება, თუმცა, დაფინანსების ზრდის მიუხედავად, ე.წ. ჩანაცვლებითი თერაპიისა და მკურნალობის მიუწვდომლობაზე სვამს აქცენტს „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ მედიაკოორდინატორი მარინა ასათიანი. მისი თქმით, ადგილების სიმცირის გამო სარეაბილიტაციო ცენტრში ყველა ვერ ხვდება, ამასთანავე, კანონი ნარკოდამოკიდებულებს ხშირად ციხეში უშვებს:

„არის ჩანაცვლებითი თერაპია, სადაც ადგილები არის შეზღუდული. არის ასევე დეტოქსი, რომელიც ძალიან ძვირი ღირს, 2-დან 3 ათას ლარამდე, და ის არ არის შედეგზე ორიენტირებული და ხელმიუწვდომელია და არავითარი რეაბილიტაციური პროგრამები არ არსებობს“.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდამცავ დანაყოფებში ნარკოტიკებთან დაკავშირებით არც ერთი სერიოზული კორუფციის ფაქტი არ დაფიქსირებულა და რომ საქართველოს მთავრობა არ ახალისებს და არ უწყობს ხელს ნარკოტიკების ტრაფიკს. თუმცა, როგორც ექსპერტი ნარკოტრანზიტის საკითხებში, გრიგოლ რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი გიორგი ღლონტი ამბობს, გეოპოლიტიკური მდებარეობა და საზღვრების გამჭვირვალობა საქართველოს ბუნებრივად აქცევს ნარკოტრაზიტისთვის მიმზიდველ ქვეყნად:

„ეს ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული სახელმწიფოსთვის, რადგან ასეთი ტვირთის მოძიება და აღმოჩენა ხშირად შესაძლებელია მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავთა თანამშრომლობით, შემთხვევით ამ ტვირთის აღმოჩენა თითქმის არ ხდება“.

გიორგი ღლონტის თქმით, კონტროლის მაღალი და ძვირად ღირებული ტექნოლოგიების დანერგვის პარალელურად, გამოსავალია ასევე საქართველოს სამართლადამცავების მჭიდრო თანამშრომლობა სხვა ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის ანგარიში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოველწლიურად წარედგინება აშშ-ის კონგრესს და მასში თავმოყრილია ინფორმაცია საერთაშორისო მასშტაბით სახელმწიფოების/მთავრობების აქტივობებისა და ძალისხმევის შესახებ ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG