Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ პოზიტიურად აფასებს საქართველოს ბრძოლას ნარკოდანაშაულთან


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ნარკოდანაშაულებსა და ნარკომანიასთან ბრძოლის შესახებ 2014 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მიერ გასულ წელს ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებები პოზიტიურად არის შეფასებული. როგორ აფასებენ ნარკომანიასთან ბრძოლის პოლიტიკას ნარკოლოგები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები?

საქართველო სხვა ქვეყნებში წარმოებული ნარკოტიკებისთვის ტრანზიტული ქვეყანაა, წერია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ნარკოდანაშაულსა და ნარკომანიასთან ბრძოლის შესახებ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც 2014 წელს საქართველოში ამ მხრივ არსებული მდგომარეობა და ხელისუფლების მიერ გატარებული თუ განსახორციელებელი ღონისძიებებია ასახული. დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული 2014 წლის ივლისში ბათუმის პორტთან 2,7 ტონა თხევადი ჰეროინის ამოღების ფაქტი, რომელიც, როგორც დოკუმენტის ავტორები წერენ, ისტორიაში სახმელეთო გზით გადატანილი ჰეროინის ამოღების, სავარაუდოდ, ყველაზე მსხვილი შემთხვევა უნდა იყოს. ანგარიშის მიხედვით, ყველაზე ხშირად ნარკოტრეფიკინგი ავღანეთიდან და ირანიდან აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით საქართველოში ხვდება, საიდანაც დასავლეთ ევროპაში, თურქეთსა და რუსეთში გადის.

იმისათვის, რომ ქვეყანამ რაიმე წარმატებას მიაღწიოს, თუნდაც ეს იყოს ნარკომომხმარებელთა რაოდენობის, ავადობის, სიკვდილიანობის, კრიმინალის შემცირება, ქვეყანამ უნდა განახორციელოს დაბალანსებული პოლიტიკა...
დავით ოთიაშვილი

ანგარიშში, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით, მოყვანილია საქართველოში ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა სტატისტიკაც. 2014 წლის მონაცემებით, ნარკოტიკების ინტრავენური წესით მომხმარებელთა რიცხვი 45 ათასს შეადგენს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღვანელი დავით ოთიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ, საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან გამომდინარე, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ორ-სამჯერ აღემატება ევროპულ ქვეყნებში არსებულ მაჩვენებელს. სწორედ ამიტომ, დავით ოთიაშვილი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავების მიერ მხოლოდ რეპრესიული ღონისძიებების განხორციელებით პრობლემა ვერ დაიძლევა:

„იმისათვის, რომ ქვეყანამ რაიმე წარმატებას მიაღწიოს, თუნდაც ეს იყოს ნარკომომხმარებელთა რაოდენობის, ავადობის, სიკვდილიანობის, კრიმინალის შემცირება, ქვეყანამ უნდა განახორციელოს დაბალანსებული პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ძალოვან ღონისძიებებს და, კი ბატონო, ძალიან კარგია, რომ ამ მხრივ წარმატებები გვაქვს, მაგრამ იმავდროულად უნდა გატარდეს სოციალური და ჯანდაცვის ღონისძიებები“.

ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ ახალი კანონი და საკანონმდებლო ცვლილებები ნარკოდანაშაულების შესახებ არსებულ კანონებში - ეს არის ის საკანონმდებლო აქტები, რომლის შესახებაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერენ. „საქართველომ მნიშვნელოვნად გააფართოვა იმ ფარმაცევტული ნივთიერებების სია, რომელთა მისაღებადაც მსურველს სამედიცინო რეცეპტი სჭირდება“, - მიუთითებენ ანგარიშის ავტორები და იქვე ამატებენ, რომკუსტარულად დამზადებული ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოტანის ფაქტები, 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს 90 პროცენტით შემცირდა. იმას, რომ კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი უკანასკნელი თვეების მანძილზე მართლაც მნიშვნელოვნად შემცირებულია, ნარკოლოგი და სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელი ზურაბ სიხარულიძე რამდენიმე მიზეზით ხსნის. ერთ-ერთი მათ შორის, მისი თქმითაც, სწორედ ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრესკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში შესული ცვლილებაა, თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც, რომლებმაც შეამცირა, მაგალითად, ბიონარკოტიკისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების რაოდენობაც. ეს მიზეზებია:

„ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე კომისიის შექმნა, საკანონმდებლო ცვლილებები, საბაჟოზე კონტროლის გამკაცრება, კონტროლის გამკაცრება საფოსტო გზავნილებზე და ა.შ.“.

ცენტრის ძირითადი ფუქნცია იქნება საქართველოში არსებული ნარკოვითარების შესახებ კვლევითი ღონისძიებების განხორციელება და ამ ცენტრის საქმიანობა მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს მთავრობას.
ბექა ძამაშვილი

ზურაბ სიხარულიძისავე აზრით, კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკების მოხმარების შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია შსს-ს მიერ წარმოებულმა საგანმანათლებლო კამპანიამ, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა არაერთი შემეცნებითი შეხვედრა იმ სამიზნე პოპულაციასთან, რომელიც მოიხმარდა ან პოტენციური მომხმარებელი შეიძლებოდა გამხდარიყო ბიონარკოტიკისა.

ანგარიშის ავტორები წერენ ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრის შესახებაც, რომლის შექმნაც საქართველოში მიმდინარე წელს იგეგმება. სწორედ ამ ცენტრის შექმნის იდეასა და მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას ჟურნალისტებთან საუბრისას იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი:

„ცენტრის ძირითადი ფუქნცია იქნება საქართველოში არსებული ნარკოვითარების შესახებ კვლევითი ღონისძიებების განხორციელება და ამ ცენტრის საქმიანობა მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს მთავრობას“.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, აშშ მოუწოდებს საქართველოს გააგრძელოს ბრძოლა ნარკოტიკების უკანონოდ ვაჭრობის წინააღმდეგ; თავის მხრივ კი, აშშ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, ქვეყანაში ნარკოტიკების კონტროლის მიმართულებით ტრენინგებისა და ტექნიკური მხარდაჭერის სახით.

XS
SM
MD
LG