Accessibility links

logo-print

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე ლაპარაკი დაიწყო


დისკუსია "ახალი აბრეშუმის გზის" კონცეფციის შესახებ

დისკუსია "ახალი აბრეშუმის გზის" კონცეფციის შესახებ

ჩინეთში დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი, რომელიც მთავრობის მეთაურმა შეაფასა როგორც წარმატებული. ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან საქართველოსთვის მილიარდ ექვსას მილიონიან ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას იძლევა. როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა არაერთ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რაც საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკურ თანამშრომლობას კიდევ უფრო განამტკიცებს.

„საქართველოს ჩინეთთან დღემდე ასეთი ურთიერთობები არ ჰქონია“ - ასე შეაჯამა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დელეგაციის სამდღიანი ვიზიტი ჩინეთში და დასძინა, რომ ჩინეთის პრემიერმა შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შემოღების საკითხი დააყენა:

„ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის ბიზნესმენებისათვის. მეწარმეებისათვის, ექსპორტიორებისათვის - გავიდნენ მილირად ექვსას მილიონიან ბაზარზე. ამაზე დიდი ბაზარი მსოფლიოში არ არსებობს“.

მაგისტრალების მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზაცია, ანაკლიის პორტი, საწარმოების გახსნა საქართველოში - ღარიბაშვილის თქმით, ეს მხოლოდ ნაწილია იმ სფეროებისა, რომელშიც ჩინური კომპანიები ინვესტიციების ჩადებას გეგმავენ. რაც მთავარია, თქვა პრემიერმა, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების სურვილი არ არის ცალმხრივი და იმავე სურვილს გამოხატავს ჩინეთის მთავრობა.

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ ვუერთდებით და მხარს ვუჭერთ ისეთ სტრატეგიულ პროექტს, როგორიც არის ახალი „აბრეშუმის გზის“ აღდგენა თანამედროვე ეპოქაში, ეს იქნება უნიკალური შანსი, რომ ჩვენი ქვეყანა ამ პროექტში ჩაერთოს და ქვეყანაში შემოვიდეს ბევრი ინვესტიცია. ასევე მე მქონდა შეხვედრა აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელებთან, რომლებიც ჩამოდიან თბილისში 15-16 ოქტომბერს. როგორც იცით, მე ვატარებ „აბრეშუმის გზის“ ფორუმს თბილისში და ჩვენ ველოდებით 200 ადამიანისგან შემდგარ დელეგაციას. ესეც არის იმის დემონსტრირება, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს“,

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ასევე გაფორმდა მემორანდუმი მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას, ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციასა (CRCC) და „საქართველოს რკინიგზას“ შორის. ხელმოწერის ცერემონიას პეკინში ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო. მან ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოსა და საიმედო საერთაშორისო რეიტინგებზე და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის განმარტებით კი, უმსხვილეს კომპანია CRCC-თან თანამშრომლობა საქართველოსთვის პრიორიტეტულია. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთთანამშრომლობით უკვე მიღწეული შედეგი მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდება. კორპორაცია CRCC 500 უმსხვილეს კომპანიას შორის მე-80 ადგილზეა მსოფლიოში კაპიტალის ბრუნვით, ხოლო კონტრაქტების რაოდენობით - მე-18 ადგილზე. კორპორაციის წლიური ბრუნვა 130 მილიარდ დოლარს აღემატება. CRCC, რომელიც 1949 წლიდან ოპერირებს, ცნობილია იმით, რომ მშენებლობაში იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. კომპანიის მიერ აშენებულია 60 ათას კილომეტრზე მეტი გზა ჩინეთში, ყველაზე მაღალი რკინიგზა, ყველაზე დიდი თაღიანი ხიდი.

მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტირება იყო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დაინტერესებულ კომპანიებს შორის არის საინვესტიციო კომპანია ,,POWERCHINA". პრემიერი ღარიბაშვილი მის ვიცე-პრეზიდენტს დიუ ჩუნგუასაც შეხვდა. როგორც დელეგაციის წევრმა, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ უთხრა ჟურნალისტებს, ანაკლიის პორტი ნაწილია იმ დიდი პროექტისა, რომელსაც „აბრეშუმის გზა“ ჰქვია:

„ანაკლიის პორტის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია და, ამავე დროს, ნაწილია იმ დიდი პროექტისა, რომელსაც ჰქვია „ახალი აბრეშუმის გზა“. 14 დიდი კომპანია მონაწილეობდა ტენდერში და ამ ეტაპისათვის ორი კონსორციუმია დარჩენილი. ორივე ჯგუფთან გვქონდა შეხვედრა. ვინ იქნება მშენებლობის მწარმოებელი კომპანია, რა გარანტიები იქნება სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან წარმოდგენილი ამ პროექტში, ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს სექტემბრის ბოლოს - ოქტომბრის დასაწყისში და სატენდერო კომისიაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს“.

ეს ქვეყნები, შესაძლოა, საქართველოსთვის უფრო სტაბილური პარტნიორებიც გახდნენ, მაგრამ მთავარი ეკონომიკური პარტნიორი ჩვენთვის მაინც არის აშშ და ევროკავშირი - იმ შეღავათებით, სტანდარტებით და დიდი ბაზრით, რომელიც ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი...

კიდევ ერთი ჩინური მულტინაციონალური კომპანია, რომლის ხელმძღვანელობასაც შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომპანია "ჰუავეია", რომელიც უკვე 15 წელია საქართველოში ბიზნესს აწარმოებს. „ჰუავეი“ დაინტერესედა ე.წ. "უსაფრთხო ქვეყნის" კონცეფციით, რაც საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში უსაფრთხოების სისტემის მონტაჟსა და ინტერნეტიზაციას გულისხმობს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კომპანია დაეხმარება საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული "ელექტრონული მთავრობის" პროექტის განხორციელებაში.

ეკონომისტი რომან გოცირიძე ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში ცუდს ვერაფერს ხედავს. ფიქრობს, რომ საქართველოს მიერ ჩინეთის და ინდოეთის ბაზრების მცირეოდენი სეგმენტის ათვისებამაც კი უფრო მეტი მოგება შეიძლება მოუტანოს საქართველოს, ვიდრე რუსეთის ბაზარმა:

”ეს ქვეყნები, შესაძლოა, საქართველოსთვის უფრო სტაბილური პარტნიორებიც გახდნენ, მაგრამ მთავარი ეკონომიკური პარტნიორი ჩვენთვის მაინც არის აშშ და ევროკავშირი - იმ შეღავათებით, სტანდარტებით და დიდი ბაზრით, რომელიც ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG