Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გაუმჯობესდა


ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი

ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელმა გამოაქვეყნა „ფრეიზერის ინსტიტუტის“ მიერ მომზადებული ანგარიში „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში 2015“. კვლევა ასახავს ქვეყნების 2013 წლის ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლებს. ინდექსის მიხედვით, საქართველომ საუკეთესო ოცეულში დაიმკვიდრა პოზიცია და 157 ქვეყანას შორის მე-11 ადგილი დაიკავა.

ყოველწლიური კვლევა ”ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში” ამჯერად 157 ქვეყნის მონაცემებს იკვლევს ხუთი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით. ესენია: მთავრობის ზომა, რომელიც სამთავრობო ხარჯების მოცულობას ასახავს; საკუთრების უფლების დაცულობა და სასამართლო; ჯანსაღი ფულადი პოლიტიკა; საგარეო ვაჭრობის თავისუფლება; კრედიტების, დასაქმებისა და ბიზნესის რეგულაციები. ეს ხუთი კრიტერიუმი 40-ზე მეტ ქვეპუნქტს აერთიანებს, რომელთა მიხედვით განისაზღვრება ეკონომიკური თავისუფლება მთელ მსოფლიოში.

წლევანდელ რეიტინგში საქართველოს პოზიცია საგრძნობლად გაუმჯობესდა და მან მე-16 ადგილიდან მეთერთმეტეზე გადაინაცვლა. იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა საქართველოს წინსვლა, საუბრობს ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ორგანიზაციის, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“, ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი:

„ეს იმის შედეგია, რომ ჩვენი ინდექსი გაუმჯობესდა და 7.78-ის ნაცვლად გახდა 7.83, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან პატარა ცვლილებამ გამოიწვია რეიტინგში ზემოთ ასვლა. ასევე, პატარა ცვლილებამ შეიძლება სერიოზულად დაგვაქვეითოს მე-14, 30-ე და 70-ე ადგილამდეც კი. ნათლად ჩანს, რომ ჩვენი მოძრაობა ზემოთ მოხდა არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენი ინდექსი გაუმჯობესდა, არამედ იმიტომაც, რომ სხვათა ინდექსი გაუარესდა“.

გია ჯანდიერი
გია ჯანდიერი

გია ჯანდიერის მიერ ნახსენები გაუმჯობესება შეეხება რამდენიმე კრიტერიუმის ინდექსს. მათ შორის არის ე. წ. მთავრობის ზომა, რომლის მაჩვენებელიც ასიდან 5 ქულით გაუმჯობესდა. უფრო მეტად მოიმატა კანონის უზენაესობისა და საკუთრების დაცულობის ინდექსმა და ის 44 მეასედით გაუმჯობესდა. ასევე, უმნიშვნელოდ მოიმატა ვაჭრობის თავისუფლების ინდექსმა, ხოლო ფულის სიჯანსაღის ქულა, რომელიც ინფლაციასაც აერთიანებს, გაუარესდა. ასევე შემცირდა ზოგადად რეგულაციების ინდექსიც, რომლის კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შრომის ბაზრის რეგულირების გამკაცრებამ. გია ჯანდიერის კომენტარი:

„მაგალითად, ისეთ სფეროში, როგორიც არის საერთაშორისო ვაჭრობა, გაუარესება გვაქვს უცხოელთა ვიზიტებთან დაკავშირებით. ქვეყანამ, რომელიც ერთ-ერთი თავისუფალი იყო უცხოელებისთვის, მოგზაურობის თვალსაზრისით, საკმაოდ ბევრად დაიხია უკან. ახლა, რაღაც გაუმჯობესებები მოხდა ტექნიკური თვალსაზრისით, მაგრამ მაინც ვაწყდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც ადამიანი, უცხოეთიდან ჩამოსული, საქართველოს საზღვრიდან უკან გააბრუნეს“.

ჩვენ მთავრობასთან მუდმივად ვსაუბრობთ მოგების გადასახადის გაუქმებაზე, რომელიც ჩვენი ინიციატივაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს აუცილებლად გასატარებელი ცვლილებაა ხელისუფლების მხრიდან, რათა სიტუაცია უკეთესი იყოს...
გიორგი ჭირაქაძე

გია ჯანდიერის მიერ აღნიშნულ ამ თუ სხვა რეგულაციებს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა საქმიანი წრეების წარმომადგენელთა მხრიდანაც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეკონომიკური ინდექსი მაინც გაუმჯობესდა და საინტერესოა, როგორ აღიქვამს ამ გაუმჯობესებას ბიზნესი. კომპანია „პეტროკას ენერჯი გრუპის“ ვიცე-პრეზიდენტი ნიკო მჭედლიშვილი გვეუბნება:

„იმ ფონზე, რა ფონიც არის დღეს რეგიონში, საქართველო მაინც მშვიდობის კუნძულივით არის. ჩვენ შევინარჩუნეთ, მართალია, მცირე, მაგრამ მაინც ეკონომიკური ზრდა. ეს არის ძალიან კარგი. რა თქმა უნდა, ნეგატიურია, როცა ლარი უფასურდება, მაგრამ, ზოგადად, თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს, მაინც ვფიქრობ, რომ ერთი-ორი ნაბიჯით წინ ვართ. რაც შეეხება ეკონომიკურ ინდექსს, მე ვარ ყოველთვის ნაკლები რეგულაციებისა და მთავრობის ნაკლები ჩარევის მომხრე ბიზნესის საქმეებში. პირველ ორ წელიწადს ამ მთავრობას ჰქონდა გარკვეული ცდუნება შემოეღო რაღაც რეგულაციები, რომლებიც მაინცდამაინც არ რგებდა ბიზნესს. მოგვიანებით მთავრობა მიხვდა, რომ რეგულაციების შემოღებას ფრთხილად უნდა მოეკიდოს“.

ეკონომიკური თავისუფლების გაუმჯობესება გულისხმობს მისი ერთ-ერთი შემადგენლის, ბიზნესგარემოს, გაუმჯობესებასაც. ამ საკითხზე ხელისუფლებასთან თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე:

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე (მარჯვნივ) და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი
ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე (მარჯვნივ) და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი

„ჩვენ მთავრობასთან მუდმივად ვსაუბრობთ მოგების გადასახადის გაუქმებაზე, რომელიც ჩვენი ინიციატივაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს აუცილებლად გასატარებელი ცვლილებაა ხელისუფლების მხრიდან, რათა სიტუაცია უკეთესი იყოს. ვერ ვიტყვი, რომ ნელია ხელისუფლება, მაგრამ გვესმის, რომ ბევრი ფაქტორია. ჩვენ, რასაკვირველია, გვირჩევნია, რომ იყოს უფრო ჩქარი, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ გვაქვს და ხელისუფლების გადასაწყვეტია ყველაფერი“.

ეს განცხადება გიორგი ჭირაქაძემ ბიზნესასოციაციისა და ეკონომიკის ახალ მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრისას გააკეთა, რომელიც 17 სექტემბერს გაიმართა. თავად ახალმა მინისტრმა კი აღნიშნა, რომ ქვეყანა სწორი ეკონომიკური გზით ვითარდება:

იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არ გაგვაჩნია არც ჩვენი უსაფრთხოების და არც ჩვენი თავდაცვის აბსოლუტური გარანტიები, ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიმზიდველი ეკონომიკური გარემო შევქმნათ, გავზარდოთ ეკონომიკური თავისუფლებები...
გია ჯანდიერი

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არის საკმაოდ ღრმა კრიზისი, ჩვენ წლის ბოლოსთვის გვექნება 2-3 % ეკონომიკური ზრდა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილში ჩვენ სწორი მიმართულებით ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებები უნდა იყოს სწრაფი და რაც შეიძლება მეტად ეფექტური, მაგრამ მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ შეგრძნებები, რომლებზეც ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული, ეს შეგრძნებები სწორად ვმართოთ. სწორ ეკონომიკურ ტრენდზე ვართ და ამას უნდა მხარდაჭერა“.

დიმიტრი ქუმსიშვილის ამ ოპტიმიზმს არ იზიარებს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი, რომელიც მიიჩნევს, რომ ოკუპაციის პირობებში ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის საჭიროა სხვაგვარი ეკონომიკური პოლიტიკა:

„იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არ გაგვაჩნია არც ჩვენი უსაფრთხოების და არც ჩვენი თავდაცვის აბსოლუტური გარანტიები, ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიმზიდველი ეკონომიკური გარემო შევქმნათ, გავზარდოთ ეკონომიკური თავისუფლებები და გავაუმჯობესოთ ბიზნესგარემო. ნებისმიერი მოძრაობა ამ ყველაფრის წინააღმდეგ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს ვემტერებით და ვქმნით ახალ რისკებს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG