Accessibility links

logo-print

მსოფლიო ბანკი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2018 წლისთვის 5 %-ს მიაღწევს


მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის („გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები“) თანახმად, მსოფლიოში არასახარბიელოდ გამოიყურება 2015 წელს გამოვლენილი ეკონომიკის ზრდის ტემპი, რაც განვითარებადი მსხვილი ქვეყნების უკუსვლით არის განპირობებული. გლობალური ეკონომიკის ზრდის მიმართულებით 2016 წელს მხოლოდ მცირედი წინსვლაა მოსალოდნელი. ამ ფონზე მსოფლიო ბანკი უახლოეს წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 5 %–მდე გაზრდას პროგნოზირებს. რამდენად დამაიმედებელია ეს მაჩვენებელი საქართველოს ეკონომიკისთვის და რა შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს საპროგნოზო მაჩვენებლები?

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად („გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები“), 2016 წელს გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპებზე ზეგავლენას მოახდენს სუსტი ეკონომიკური ზრდა მსხვილ განვითარებად ქვეყნებში, თუმცა წელს მაინც მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკის ტემპის გაზრდა 2,9 %–იან ნიშნულამდე და ეს მოხდება ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ხარჯზე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. შარშან ეს მაჩვენებელი 2,4 %–ს შეადგენდა. მსოფლიო ბანკი შიშობს, რომ ეკონომიკის განვითარების შენელებულმა ტემპებმა შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს მსოფლიოში სიღარიბის დაძლევის მიზნის მიღწევასა და საყოველთაო კეთილდღეობის დონის ამაღლებაზე.

როგორც მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ჯიმ იონ კიმის წერილობით განცხადებაშია ნათქვამი, 2015 წელს გამოვლენილი არასახარბიელო სტატისტიკა წინდახედული ქმედებების აუცილებლობას აჩენს:

„მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობის 40 %-ზე მეტი ცხოვრობს განვითარებად ქვეყნებში, სადაც ზრდა შენელდა 2015 წელს. აუცილებელია, რომ, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების პირობებში, განვითარებადმა ქვეყნებმა ყურადღება გაამახვილონ მდგრადობის ამაღლებასა და მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვაზე. მმართველობის სფეროს რეფორმირებამ და ბიზნესის წარმოებისთვის პირობების შექმნამ შესაძლოა უზრუნველყოს მნიშვნელოვანი სარგებელი და დააბალანსოს ზეგავლენა, რაც მსხვილ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელებიით არის გამოწვეული“.

ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 2,1 %-მდე შემცირდა, თუმცა ანალოგიური მაჩვენებელი სახარბიელო არც 2014 წელს ყოფილა და ის 2,3 %-ს შეადგენდა. ძირითად მიზეზებად ნავთობის ფასის მკვეთრი შემცირება, უკრაინის კრიზისი და ამ კრიზისის გამო რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები სახელდება. რაც შეეხება საქართველოს, 2014 წლის 4,8 %-იანი ზრდის შემდეგ, მსოფლიო ბანკის ცხრილის თანახმად, 2015 წელს აღინიშნა მნიშვნელოვანი ვარდნა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 2,5 % შეადგინა. აქვე გავიხსენოთ, რომ შარშანდელი მაჩვენებლები ჯერ ზუსტად დაჯამებული არა აქვს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატს). წინასწარი შეფასებით კი, 2015 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 3,0 % შეადგინა.

მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშში მოცემული ცხრილის თანახმად, შემცირებას ზრდის ტენდენცია ჩაანაცვლებს: 2016 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3 % იქნება, 2017 წელს – 4,5 %, ხოლო 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5 %–საც მიაღწევს.

თბილისის ერთ-ერთი ბაზარი

თბილისის ერთ-ერთი ბაზარი

ასეთ ოპტიმისტურ პროგნოზს ქვეყანაში გატარებული - მიმდინარე თუ დაგეგმილი -რეფორმების დამსახურებად მიიჩნევს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ თავმჯდომარე შოთა გულბანი და, როგორც ის ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, 2018 წლისთვის 5 %-იანი ზრდის მიღწევა სავსებით რეალისტურია, მაგრამ გარანტიის მოცემა არავის შეუძლია:

„მაგალითად, უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, დოლარის გამყარებამ საერთაშორისო დონეზე, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზეც იქონია უარყოფითი გავლენა იმ კუთხით, რომ იურიდიული პირების ნაწილს დოლარში ჰქონდა ვალდებულება და მათ გაუძვირდათ ამ ვალდებულებების მომსახურება. ბუნებრივია, ამან მათ ბიზნესს ზიანი მიაყენა და თუკი ბიზნესს ზიანი მიადგა, ეს, საერთო ჯამში, უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. აი, ასეთი სიტუაციები თუ მოხდა, შეიძლება (პროგნოზი) გადაიხედოს“.

მსოფლიო ბანკის წინასწარი ოპტიმისტური პროგნოზები არაერთხელ შეცვლილა და ამ შემთხვევაშიც (5 %–იან ზრდასთან მიმართებით) სწორედ ასეთი მოლოდინი აქვს საქართველოს რეფორმების ასოციაციის წარმომადგენელს ზვიად ხორგუაშვილს. მაგრამ, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, 3, 4 თუ 5-პროცენტიანი ზრდა ისედაც ბევრს ვერაფერს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას:

„უბრალო მათემატიკის საკითხია, რომ გადავიანგარიშოთ, მაგალითად, აღმოსავლეთევროპული ქვეყნის – ესტონეთის – დონეზე როდის ვიქნებით. 80 წელიც არ გვეყოფა, 3 %-იანი ზრდით რომ დავეწიოთ ესტონეთის დღევანდელ დონეს. ეს არის ძალიან დაბალი ეკონომიკური ზრდა... და, ჩემი აზრით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ 9-10 %–იანი ეკონომიკური ზრდაც აჩვენოს. ჩემი აზრით, სწორი მიდგომაა საჭირო“.

ზვიად ხორგუაშვილის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა დიდწილად არის დამოკიდებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი საწარმოების ამოქმედებაზე – საქართველოს მდგომარეობა კი არც ამ მხრივ არის სახარბიელო.

თუკი ისევ მსოფლიო ბანკის ანგარიშს დავუბრუნდებით, 2018 წლისთვის, როცა საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5 %-ს შეადგენს, 2,7%-ია აზერბაიჯანის მაჩვენებელი, ხოლო სომხეთს 3 %-იან ზრდას უწინასწარმეტყველებენ. ამავე ცხრილის თანახმად, შედარებით გაუმჯობესდება რუსეთის ეკონომიკის საქმეც და 2017 წელს 1,3 %-მდე, ხოლო 2018 წელს 1,5 %-მდე გაიზრდება. 2015 წელს ეს მაჩვენებელი –3,8 %–ს შეადგენდა, ხოლო წლევანდელი პროგნოზით, ეკონომიკური ვარდნის ტემპი –0,7 %–ით განისაზღვრება. თუმცა ბევრი ანალიტიკოსი რუსეთის ეკონომიკის ვარდნის ტემპის შემცირებასა და ზრდის ტემპის გაზრდას არარეალისტურად მიიჩნევს ნავთობის ფასის შემცირებისა თუ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების პირობებში.

მსოფლიო ბანკის თანახმად, საპროგნოზო მაჩვენებლების გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად: გეოპოლიტიკური გარემოს გაუარესებამ, ნავთობის ფასის ვარდნის ტენდენციის გაგრძელებამ ანდა აშშ-ის საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების ციკლზე მიბმული საფინანსო ბაზრის სტრესმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG