Accessibility links

არის თუ არა კოორდინაციის პრობლემა ხელისუფლებაში


საქართველოს მთავრობის სხდომა

საქართველოს მთავრობის სხდომა

10 იანვარს, წლის პირველ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის კრიტიკის სამიზნე გახდა ორი საკანონმდებლო საკითხი, რომლებიც ბოლო პერიოდში მედიის საგანგებო ყურადღების ცენტრში მოექცა. ქურდული სამყაროს წევრობასა და საგადასახადო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტებები მთავრობის წევრებსაც მოსთხოვა. კონკრეტულად რა არის გაუგებარი პრემიერ-მინისტრისთვის და არის თუ არა კოორდინაციის პრობლემა ხელისუფლებაში?

”ჩვენ ახლა ვმუშაობთ აქტიურად ეკონომიკაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, საწარმოების გახსნაზე და ამ დროს რაღაც უაზრო თემები მესმის” - ასე მოუწოდა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს, დრო არ დაკარგონ ფუჭ ფიქრზე, როცა ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი საზრუნავია. ვითარების გარკვევა ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრისგან, სოზარ სუბარისგან დაიწყო - დასმული შეკითხვა სისხლის სამართლის კოდექსში ”კანონიერ ქურდებთან” დაკავშირებულ დებულებებს შეეხებოდა:

ირაკლი ღარიბაშვილი: „სოზარ, ის თემა ვინ ასწია ქურდების კანონის გადახედვის თაობაზე? ეს ცალსახაა: ჩვენი პოზიციაა, რომ ეს კანონი არ გადაიხედება და ამაზე თუ შეგეკითხებიან, გააკეთეთ კომენტარი... მე ვნახე შენი კომენტარი გუშინ“.

სოზარ სუბარი: „დიახ, რა თქმა უნდა... და, როცა (პატიმართა) შიმშილობები იყო, მე ამას მკაფიოდ ვამბობდი, რომ ყველა თემაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი პატიმრებთან თუ მათ მხარესთან, მაგრამ ამ თემაზე დიალოგი არ იქნება“.

ირაკლი ღარიბაშვილი: „აბა, რა! რა დროს ეს არის... რაღაც თემა ასწიეს უაზროდ. გაუგებარი იყო ეს ჩემთვის. ქურდების თემა ტყუილად წამოსწიეს...”

ის, რომ კანონი არ გადაიხედება, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგაც არაერთხელ განმარტა და ასევე მოიქცნენ სამთავრობო გუნდის სხვა წარმომადგენლებიც. ითქვა, რომ სახელმწიფო ქურდული სამყაროს ცხოვრების წესს ერთმნიშვნელოვნად გმობს და რომ დანაშაული ამ ჭრილშიც ყოველთვის დაისჯება.

პარასკევის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის საკმაოდ მწვავე კრიტიკის საგანი გახდა საგადასახადო კოდექსისთვის მომზადებული ცვლილებებიც. მისი აზრია, რომ საქართველოში, ვისაც არ ეზარება, ყველა კანონპროექტების შეცვლას ცდილობს და რომ ეს ცუდია. ამჯერად საუბარია საგადასახადო საიდუმლოებაზე წვდომის უფლების მქონეთა წრის გაფართოებაზე საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლში, რაც ეკონომისტების ერთი ნაწილისთვის ნიშნავს ამ ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების რისკის ზრდას, ეს კი, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის თავისუფალ კონკურენციასა და ბიზნესის განვითარების პერსპექტივებს. ეს საკითხიც რომ სადავო გახდა, პრემიერ-მინისტრმა, როგორც თავად ამბობს, ასევე მასმედიის საშუალებებიდან შეიტყო და განმარტება ინიციატორი უწყების ხელმძღვანელს, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს, პირდაპირ მთავრობის სხდომაზე მოსთხოვა:

ირაკლი ღარიბაშვილი: „რატომ არ აძლევთ ინფორმაციას?! ინფორმაციას არ აძლევთ თუ რა?! და ამისთვის გინდათ კანონი შეცვალოთ, თუ რა ხდება?!“

ნოდარ ხადური: „სამთავრობო დაწესებულებების ნაწილს აქვს წვდომა ინფორმაციაზე, ნაწილს არა“...

ირაკლი ღარიბაშვილი: „ვისაც სჭირდება, იმას მიაწოდეთ“...

ნოდარ ხადური: „და ამისათვის კანონშია საჭირო ცვლილება“...

ირაკლი ღარიბაშვილი: „არა, არა. მე ვნახე გუშინ სიუჟეტები და გაუგებარი იყო. ამბობდნენ, რომ ჩვენ არ გვჭირდებოდაო და ტყუილად ჩაწერეთ რაღაც სამინისტროები და უწყებები“.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემა არსებობს არა მხოლოდ მთავრობის შიგნით, არამედ კოორდინაციისა და კომპეტენციის პრობლემა არსებობს ასევე მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის და საპარლამენტო უმრავლესობის შიგნითაც. ჩვენ ერთი წლის და 3 თვის განმავლობაში სწორედ ამ პრობლემაზე მივუთითებდით...
მართალია, ნოდარ ხადური მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგაც თავის აზრს ავითარებდა, რომ კანონპროექტის დამტკიცება აუცილებელია და რომ ყველა უწყება აუცილებლობასა და კანონმდებლობაზე დაყრდნობით მოხვდა საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის ჩამონათვალში, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აშკარად გაუგებარია, თუ როგორ დაემატა, მაგალითად, სახალხო დამცველის აპარატი საგადასახადო საიდუმლოებაზე წვდომის უფლების მქონეთა ნუსხას, მაშინ როცა კანონპროექტის შესახებ არაფერი იცოდა თავად სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, ხოლო მას შემდეგ, რაც გაიგო, არაერთი შეკითხვა გაუჩნდა.

”უწყებებმა ჯერ ერთად განიხილეთ, ერთმანეთს შეუთანხმეთ და ისე გააკეთეთ კანონპროექტების ინიცირება”, - გააფრთხილა კაბინეტის წევრები პრემიერ-მინისტრმა და ამ შინაარსის განცხადება მას კოორდინაციის პრობლემის აღიარებად ჩაუთვალეს პოლიტიკურმა ოპონენტებმა. სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი ”ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ 10 იანვარს გამართულ ბრიფინგზე:

როდესაც რეალურად ნიჰილიზმი საკმაოზე მეტად იკიდებს ფეხს საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ, ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იყო თვითკრიტიკული ნოტებისა და რეალისტური შეფასებებისა და ხედვის გაჩენა მთავრობაში...
”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემა არსებობს არა მხოლოდ მთავრობის შიგნით, არამედ კოორდინაციისა და კომპეტენციის პრობლემა არსებობს ასევე მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის და საპარლამენტო უმრავლესობის შიგნითაც. ჩვენ ერთი წლის და 3 თვის განმავლობაში სწორედ ამ პრობლემაზე მივუთითებდით. ჩვენ ვფიქრობდით, რომ მთავარი პრობლემა, რაც არის დღეს ქვეყანაში, ეს არის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება და ეს გამოწვეულია სწორედ ამ ორი მიზეზით. ერთი მიზეზი ეს არის ის, რომ მთავრობაში არსებული პოლიტიკური გუნდი არის უკიდურესად ეკლექტური და იქ არიან წარმოდგენილი ადამიანები, რომლებსაც რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენები აქვთ, თუ როგორ უნდა მოაგვარონ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები, და მეორე მიზეზი - ეს არის კოორდინაციის პრობლემა“.

მმართველ გუნდში არსებულ კოორდინაციის პრობლემაზე ანალიტიკოსების ერთი ნაწილიც ლაპარაკობს. მაგალითად, როგორც ხათუნა ლაგაზიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, პრემიერ-მინისტრის სიტყვებსა და ტონში რეალობიდან გამომდინარე აუცილებლობა შეინიშნებოდა:

”როდესაც რეალურად ნიჰილიზმი საკმაოზე მეტად იკიდებს ფეხს საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ, ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იყო თვითკრიტიკული ნოტებისა და რეალისტური შეფასებებისა და ხედვის გაჩენა მთავრობაში. ეს ქმედება პიარზეა ორიენტირებული თუ შედეგზე, ამას მომავალი გვიჩვენებს”.

ხათუნა ლაგაზიძისთვის მისასალმებელია, რომ პრემიერ-მინისტრი მასმედიის საშუალებებს ადევნებს თვალყურს, თუმცა მთავრობის ხელმძღვანელს პრობლემების შესახებ ინფორმაციას, უპირველეს ყოვლისა, უშუალოდ თავისი გუნდის წევრები უნდა აწვდიდნენ.
XS
SM
MD
LG