Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაბაღის ზავი და საქართველოს შუამავლობის შესაძლებლობები


სომხეთის საარტილერიო პოზიცია, მთიანი ყარაბაღი
სომხეთის საარტილერიო პოზიცია, მთიანი ყარაბაღი

5 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ და ეს ინფორმაცია დაადასტურა თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამაც.

ანალიტიკოსებისთვის ნათელია, რომ სამდღიანი სისხლისღვრის შემდეგ მშვიდობის დამყარება რეგიონში პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის გარეშე. იმედებს სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურობაზე ამყარებდა საქართველოს ხელისუფლებაც და, პარალელურად, ლაპარაკობდა მზადყოფნაზე, შეესრულებინა შუამავლის როლი. რამდენად ხელეწიფება თბილისს შუამავლის როლის შესრულება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების კუთხით?

პროცესების მშვიდობიანი განვითარების იმედი გაჩნდა 3-დღიანი სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ, რომელმაც, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 40-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მხარეთა გადაწყვეტილებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 5 აპრილს შუადღის 12 საათიდან შევიდა ძალაში, მაგრამ ეს ინფორმაცია სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში, გახდა ცნობილი, – მანამდე, ვიდრე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში შუამავალი ეუთოს ე. წ. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების – საფრანგეთის, რუსეთისა და შეერთებული შტატების – წარმომადგენლები ვენაში შეიკრიბებოდნენ კრიზისის მოგვარების გზების განსახილველად.

ჩვენ მუდმივ კონსულტაციებში და კოორდინაციაში ვართ როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე ჩვენს საერთაშორისო მისიებთან და არ ვაკლებთ ძალისხმევას იმას, რომ საქართველომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რეგიონში ვითარების დეესკალაციას...
გიორგი მარგველაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტამ დაასწრო ვენაში დაგეგმილი შეხვედრის გამართვას, სამშვიდობო შეთანხმების უკან ბევრი ხედავს სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის მონდომებასა და საერთაშორისო სტრუქტურებისა თუ დასავლეთის ცალკეული ლიდერების ძალისხმევას, რაც 3-დღიანი დაძაბულობის მანძილზე გამოვლინდა. გაისმა არაერთი სამშვიდობო მოწოდება – ასე მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მიმართა მხარეებს, რომ „ვითარების სამხედრო გზით მოგვარების საშუალება არ არსებობს“და რომ საუბარი ეუთოს ეგიდით უნდა გაგრძელდეს. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ განახლებული სამხედრო მოქმედებების შესახებ ცნობებს „უკიდურესად საგანგაშო“ უწოდა და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდა.

საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდამხარ, ბოლო დღეების განმავლობაში შეშფოთებას გამოთქვამდა საქართველოც და ცდილობდა, რომ გარკვეული წვლილი შეეტანა ყარაბაღის განახლებული კონფლიქტის დარეგულირების საქმეში. როგორც, მაგალითად, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა 5 აპრილს

ნატოს კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, საქართველო, ამ მხრივ, დიპლომატიური არხების დახმარებითაც აქტიურობს:

„ჩვენ მუდმივ კონსულტაციებში და კოორდინაციაში ვართ როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე ჩვენს საერთაშორისო მისიებთან და არ ვაკლებთ ძალისხმევას იმას, რომ საქართველომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რეგიონში ვითარების დეესკალაციას“.

გარდა ამისა, ბოლო დღეებში ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ლაპარაკობდა საქართველოს შესაძლებლობასა და მზადყოფნაზე შეასრულოს შუამავლის როლი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. მათ შორის იყო, მაგალითად, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ასეთი იდეა გაჩნდა ოპოზიციის რიგებშიც და, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველოს მიერ შუამავლის როლის შესრულებას საერთაშორისო ძალისხმევის დამატებით კომპონენტად განიხილავს.

ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ შუამავლის როლის შესრულება, ანუ მიუკერძოებელი პოზიციის დაკავება, ყველაზე მომგებიანია საქართველოსთვის, როდესაც ერთმანეთს მისი ორი მეგობარი და მეზობელი ქვეყანა უპირისპირდება. ასევე მიუმხრობლობის პოლიტიკას უჭერს მხარს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძეც, თუმცა ამ ეტაპზე მას საქართველოს შემთხვევაში შუამავლობის ამბიცია გადაჭარბებულად მიაჩნია.

ზაალ ანჯაფარიძე
ზაალ ანჯაფარიძე

„ცოტა არ იყოს, მე სკეპტიკური წარმოდგენა მაქვს, იმიტომ რომ საქართველო თვითონ არის კონფლიქტებით დახუნძლული ტერიტორია ... და რამდენად არის საერთოდ საქართველოზე, როგორც შუამავალზე, მოთხოვნა თვითონ რეგიონული აქტორების მხრიდან ანდა თავად კონფლიქტის მონაწილეთა მხრიდან, ამის თქმა ცოტა რთულია...“ – უთხრა რადიო თავისუფლებას ზაალ ანჯაფარიძემ.

მართალია, საქართველოს ოფიციალურად არ შეუთავაზებია და არც აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუთხოვიათ, მაგრამ საქართველოს მიერ შუამავლის როლის შესრულებას სავსებით რეალისტურად მიიჩნევს კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე და ის რადიო თავისუფლებასთან საამისო საფუძველზეც ლაპარაკობს:

„საქართველოს აქვს ძალიან სერიოზული გეოგრაფიული ბერკეტი როგორც სომხეთზე, ასევე აზერბაიჯანზე. მაგალითად: ორივე სახელმწიფო შავი ზღვის გავლით დანარჩენ ევროპას უკავშირდება სწორედ საქართველოს ტერიტორიიდან და საქართველოს ტერიტორიიდან ხდება ძირითადი ვაჭრობა სხვა სახელმწიფოებთან... ასევე ნუ დაგვავიწყდება სარკინიგზო მიმოსვლა და მილსადენები...ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით, საქართველოს გაცილებით უკეთესი კონტაქტები აქვს დასავლელ პარტნიორებთან – ევროპელებთან და ამერიკელებთან... საქართველო წონადი მოთამაშეა ევროპულ სივრცეში, რადგანაც ხელი აქვს მოწერილი ასოცირების შეთანხმებაზე ევროკავშირთან...“

როდესაც სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობაზე ლაპარაკობენ, ანალიტიკოსების დიდი ნაწილი, როგორც დიდ გამოწვევაზე, საგანგებოდ ამახვილებს ყურადღებას რუსეთის დაინტერესებაზე ჩააყენოს თავისი სამშვიდობოები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ, თუკი ეს მოხდა, რუსეთი მიაღწევს დიდი ხნის მიზანს – გააძლიერებს თავის ზეგავლენას სამხრეთ კავკასიის რეგიონში და მოიპოვებს დამატებით ბერკეტებს ზეგავლენის გასაძლიერებლად პოსტსაბჭოთა სივრცეში. ასეთი სცენარი კი, ანალიტიკოსის აზრით, არათუ ხელს ვერ შეუწყობს, არამედ მნიშვნელოვნად დააზარალებს სამშვიდობო პროცესებს და ამიტომ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას საერთაშორისო თანამეგობრობამ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG