Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვა, ამერიკა და რუსეთი


27 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის ყოველწლიურ აქტს, რომელშიც, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღარ არის გამოხატული ეჭვები პოლიტიკური ოპონენტების დევნის თაობაზე. კონკრეტულად რას ნიშნავს საქართველოსთვის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში მოხსენიება და რა პრაქტიკული შედეგების მომტანია ეს?

მეტად სასიხარულო უწოდა ინფორმაციას, რომელიც 27 დეკემბერს დეპუტატებს საკომიტეტო მოსმენაზე მიაწოდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოს საკითხი ადეკვატურად არის ასახული:

”ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი აქტი, რაც ითვალისწინებს სამხედრო თანამშრომლობას და დახმარებას ამერიკის სტრატეგიული პარტნიორებისთვის - მათ შორის არის საქართველო. მოგეხსენებათ, ამის შესახებ დისკუსია მიმდინარეობდა გასული თვეების განმავლობაში როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში. იყო იქ კონგრესმენ ტერნერის დამატება, რომლის გარშემოც ძალიან ხმაური იყო ატეხილი ქართულ მედიაში. მინდა გაცნობოთ, რომ ეს დამატება, რომელიც არ შეიცავდა საქართველოსთვის სახარბიელო ელემენტებს, იქნა გატანილი. საბოლოო ტექსტი არის ძალიან კარგი, შეჯერებული”.

შესწორება, რომელიც პრეზიდენტ ობამას მიერ ხელმოწერილ საბოლოო ვარიანტში ვეღარ მოხვდა, ინიცირებული იყო რესპუბლიკელი კონგრესმენის მაიკლ ტერნერის მიერ, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელიც არის. შესწორებაში ლაპარაკი იყო ”ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების უკანონო სამართლებრიც დევნაზე, შერჩევით სამართალზე, შევიწროებასა და ძალადობაზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებით იყო ხაზგასმული ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავების ფაქტი. ტექსტის მიხედვით, ვითარების გაუარესებას შესაძლოა ”მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა” მოეხდინა თანამშრომლობაზე აშშ-სა და საქართველოს შორის.

ზოგადად ბევრი სფეროა, რომელშიც ჩვენ ვთანამშრომლობთ. ეს არის: სამხედრო განათლების სფერო, ერთობლივი ოპერაციების სფერო, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა და კიდევ მრავალი სფეროა უშუალოდ თავდაცვაში, რომლის ფარგლებშიც საქართველო-ამერიკის თანამშრომლობა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს...
დავით სიხარულიძე
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პრეზიდენტ ობამას მიერ ხელმოწერილ ვარიანტში ეს აქცენტები აღარ გვხვდება იმის გამო, რომ აშშ დარწმუნდა -საქართველოში პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობს. მინისტრი მაია ფანჯიკიძე თავად იღებდა მონაწილეობას აქტიურ მოლაპარაკებებში, რომელიც ვაშინგტონის ამაში დარწმუნებას ისახავდა მიზნად. აშშ–ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტს მაია ფანჯიკიძე განიხილავს მყარ ფუნდამენტად თავდაცვის სფეროში საქართველო-ამერიკის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისათვის. ამ აქტში საქართველო მოხსენიებულია აშშ-ის ”მეტად ძვირფას მოკავშირედ”, რომელმაც არაერთხელ დაადასტურა ვალდებულება ორი ქვეყნის საერთო ინტერესების განვითარებისა. ამ კონტექსტში მოხსენიებულია, მაგალითად, წვლილის შეტანა ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში.

აშშ–ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის ხაზგასმას ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების წინაპირობად განიხილავს დავით სიხარულიძე - „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ თავმჯდომარე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატბში. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს პროცესი ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასაც წაადგება:

”ზოგადად ბევრი სფეროა, რომელშიც ჩვენ ვთანამშრომლობთ. ეს არის: სამხედრო განათლების სფერო, ერთობლივი ოპერაციების სფერო, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა და კიდევ მრავალი სფეროა უშუალოდ თავდაცვაში, რომლის ფარგლებშიც საქართველო-ამერიკის თანამშრომლობა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს... ეს წაადგება საქართველოს თავდაცვას, საქართველოში თავდაცვის რეფორმების განხორციელებას და შესაძლებლობების განვითარებას იმისათვის, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდეს”.

რუსეთში ავადმყოფურად აღიქვამენ ნებისმიერი შეიარაღების შესყიდვას ქართული არმიის მიერ. ეს ჩვეულებრივი, უბრალო პისტოლეტიც რომ იყოს, მაინც რაღაც პროტესტს გამოთქვამს რუსეთი...
ირაკლი ალადაშვილი
მართალია, ჯერჯერობით არ არის დაკონკრეტებული, თუ რას ჰპირდება 2014 წლისთვის ამ აქტის ფარგლებში ამერიკა საქართველოს, მაგრამ ბარაკ ობამას ხელმოწერას უკვე მოჰყვა გამოხმაურება რუსულ მედიაში. მაგალითად, როგორც 27 დეკემბრის გაზეთ ”იზვესტიას” სტატიაშია ნათქვამი, შეერთებული შტატები საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის ხაზით დახმარებისას აუცილებლად გაითვალისწინებს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, რუსეთის ინტერესებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრიორიტეტს თავდაცვითი იარაღის შესყიდვა წარმოადგენს, სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილისთვის გასაკვირი არ არის რუსეთის გაღიზიანება. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, რუსეთის რეაქციები პოლიტიკური ხასიათისაა:

”რუსეთში ავადმყოფურად აღიქვამენ ნებისმიერი შეიარაღების შესყიდვას ქართული არმიის მიერ. ეს ჩვეულებრივი, უბრალო პისტოლეტიც რომ იყოს, მაინც რაღაც პროტესტს გამოთქვამს რუსეთი”.

რუსეთი - ქვეყანა, რომელიც ჩასაფრებულია, რომ საქართველომ არ შეისყიდოს იარაღი (და აგვისტოს ომის შემდეგ განსაკუთრებით შეიმჩნევა მისი შედეგიანი ძალისხმევა ამ მიმართულებით), ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების შეფასებით, თავად წარმოადგენს საფრთხეს საქართველოსთვის. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა აღნიშნა 27 დეკემბერს გამართული საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, მომავალი წელი საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ”სერიოზული გამოწვევების” წელი იქნება და მოსალოდნელია ”ძალიან სერიოზული ზეწოლა”. დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო სერიოზულად ემზადება და მუდმივ კონსულტაციებს აწარმოებს პარტნიორებთან, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს ზეგავლენის მოხდენა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG