Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფრიდომ ჰაუსი“: მედია ”ნაწილობრივ თავისუფალია” საქართველოში


ავტორიტეტიანი უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის ”ფრიდომ ჰაუსის” მორიგი ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2012 წლის მონაცემებს ეყრდნობა, საქართველო კვლავაც რჩება ქვეყნად, სადაც მედია ”ნაწილობრივ თავისუფალია”, თუმცა, ქულების თვალსაზრისით, წელს, ისევე როგორც შარშან, საქართველო სამი ქულით დაწინაურდა. ახალ ანგარიშში მედიის თავისუფლება 197 ქვეყნისა და ტერიტორიის მაგალითზეა შეფასებული. მსოფლიოში ვითარების გაუარესება შეინიშნება.

რაც უფრო დაბალია ”ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში ამა თუ იმ ქვეყნისთვის მინიჭებული ქულა, მით უფრო უკეთესად არის საქმე, ანუ მით უფრო თავისუფალია მედია კონკრეტულ ქვეყანაში. ზღვარი, რომლის მიღმაც არათავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალი იწყება, 61 ქულაზე გადის. ამ ზღვარს მიღმა ვხედავთ, მაგალითად, სომხეთს - 61 ქულით, აზერბაიჯანს - 82 ქულით და რუსეთს - 81 ქულით. ყველაზე მოწინავე ქვეყნებად შვედეთი და ნორვეგია სახელდება. მათ მოსდევს ბელგია, ფინეთი და ჰოლანდია. გამოკვლევის თანახმად, ყველაზე ცუდი მდგომარეობაა თურქმენეთსა და ჩრდილოეთ კორეაში, რომლებიც ”არათავისუფალი” ქვეყნების ნუსხის ბოლოში არიან მოქცეული.

წლევანდელი ანგარიშის მიხედვით, 197 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან მედია ”თავისუფალია” მხოლოდ 63 ქვეყანაში (შარშან იყო 66), ”ნაწილობრივ თავისუფალია” 70 ქვეყანაში (შარშან იყო 72) და ”არათავისუფალია” 64 ქვეყანაში (შარშან იყო 50).

საქართველოს შემთხვევაშიც ასევე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გამოვლინდა. ძირითადად წარმატება მიღწეულია პოლიტიკური მრავალფეროვნების ზრდით სატელევიზიო ბაზარზე...
უფლებადამცველი ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ აცხადებს, რომ, მედიის თავისუფლების მხრივ, მსოფლიოში ვითარება გასული წლის განმავლობაში გაუარესდა და თითქმის ყველაზე უარეს ნიშნულს მიაღწია ბოლო 10-წლიან პერიოდში. როცა „პრესის თავისუფლების შესახებ“ ყოველწლიური ანგარიში ოთხშაბათს ვაშინგტონში წარადგინა, პროექტის დირექტორმა კარინ დოიჩ კარლეკარმა განაცხადა, რომ მოპოვებული ინფორმაცია ასახავს „უარყოფით ტენდენციებს მსოფლიოს რეგიონების უმრავლესობაში“, თუმცა საქართველომ, ისევე როგორც სომხეთმა, ქება დაიმსახურა მედიის თავისუფლების კუთხით მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისათვის. ანგარიშშიც არის ასახული და კარინ დოიჩ კარლეკარი თავის კომენტარშიც ჩამოთვლის იმ ასპექტებს, რომელთაც ძირითადი როლი შეასრულეს საქართველოს რეიტინგულ დაწინაურებაში:

”საქართველოს შემთხვევაშიც ასევე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გამოვლინდა. ძირითადად წარმატება მიღწეულია პოლიტიკური მრავალფეროვნების ზრდით სატელევიზიო ბაზარზე და მათ შორისაა ტელეკომპანია ”იმედის” თავდაპირველი მფლობელებისთვის დაბრუნების ფაქტი. ასევე, მედიას შესაძლებლობა ჰქონდა, რომ ძალიან კარგად გაეშუქებინა არჩევნები”.

”ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ თავისუფალი მედიის გარეშე შეუძლებელია სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ამ კონტექსტში უარყოფით მაგალითებად დასახელებულია რუსეთი და ვენესუელა, ხოლო დადებით მაგალითებად კვლავაც სომხეთი და საქართველო, სადაც, ამავე დროს, ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვალა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად.

მართალია, 3-ქულიან მატებაში ”თვითდამშვიდების” საფუძველს არავისთვის ხედავს, მაგრამ ანგარიშის შედეგებს საქართველოს შემთხვევაში ადეკვატურად მიიჩნევს მედიაექსპერტი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. ადგილობრივი მედიისთვის მთლიანობაში მეტად დაძაბულ 2012 წელს, მისი აზრით, მაინც შეინიშნებოდა პოზიტიური ძვრები:

ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი ფაქტი დაგროვილი, დაწყებული ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფით, დასრულებული საჯარო ინფორმაციის ხელმიუწვდომლობით, თეფშების დაყადაღებით წინასაარჩევნო პროცესში თუ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლით...
ზვიად ქორიძე
”2012 წელი არ იყო ერთსახოვანი წელი, მას საკმაოდ სერიოზული წყალგამყოფი ჰქონდა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სახით. 1 ოქტომბრამდე სხვა აქცენტები გვხვდებოდა მედიაში და 1 ოქტომბრის შემდეგ - სხვა აქცენტები. სწორედ ბოლო პერიოდმა დიდწილად განსაზღვრა ის, რომ პროგრესი უფრო მეტად არის აქცენტირებული, ვიდრე სტაგნაციური მდგომარეობა მედიაში”.

”ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში ასახულ წინსვლას, ზვიად ქორიძისგან განსხვავებით, ”მცირედ არაადეკვატურს” უწოდებს ია მამალაძე, საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი. ია მამალაძე მონიტორინგის შედეგების მიხედვით მსჯელობს და ამბობს, რომ, მედიის მუშაობის თავისუფლების თვალსაზრისით, 2012 წელი ”უმძიმესი” იყო:

”ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი ფაქტი დაგროვილი, დაწყებული ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფით, დასრულებული საჯარო ინფორმაციის ხელმიუწვდომლობით, თეფშების დაყადაღებით წინასაარჩევნო პროცესში თუ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლით - განსაკუთრებით ოფიციალური პირების გადაადგილების დროს. ამიტომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, თუ რას ეყრდნობა რეიტინგის გაუმჯობესება”.

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, თუკი შარშანწინდელ ანგარიშში საქართველომ 55 ქულა, ხოლო შარშანდელში 52 ქულა დაიმსახურა, წლევანდელ ანგარიშში ისევ 3 ნაბიჯით წაიწია წინ და ქვეყანაში მედიის თავისუფლება 49 ქულით შეფასდა.

დაბოლოს, განვმარტოთ, რომ „ფრიდომ ჰაუსის” ყოველწლიური რეიტინგები განისაზღვრება სამი ფართო კატეგორიის კვლევის მიხედვით. ესენია: სამართლებრივი გარემო, რომელშიც მედიას უწევს მოქმედება; პოლიტიკური ზეგავლენები ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და მოვლენათა გაშუქებაზე და ეკონომიკური წნეხი ახალი ამბების შინაარსსა და გავრცელებასთან მიმართებით.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG