Accessibility links

logo-print

მსოფლიოს ბაზრებზე სურსათის გაიაფების ტენდენციაა, საქართველოში კი, პირიქით, სურსათი ძვირდება. „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები თითქმის 9 პროცენტით გაიზარდა. სწორედ ამ ჯგუფს უკავია საქართველოს მოსახლეობის სამომხმარებლო კალათის მესამედი და მისი გაძვირება უმალვე აისახება ინფლაციის მაჩვენებელზე.

სექტემბერში საქართველოში 4.8-პროცენტიანი ინფლაცია აღინიშნა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასების თითქმის 5 პროცენტით მომატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მაჩვენებლებს არ აღემატება, მაგრამ ის მაინც მტკივნეულად აისახება მოსახლეობაზე. ამის მიზეზი კი სასურსათო პროდუქციის თითქმის 9-პროცენტიანი გაძვირებაა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრმა“ თბილისის ერთ-ერთ ბაზარში სურსათით მოვაჭრეები გამოკითხა. დახლთან მდგომი მოქალაქეები ფასების ზრდას და მომხმარებლების ნაკლებობას უჩივიან.

„ყველაფერს ფასი მოემატა, აბსოლუტურად ყველაფერს“.

მსოფლიო ბაზარზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ცოტა ალოგიკურია, რომ საქართველოში ფასები გაიზარდა, იმიტომ რომ მსოფლიოს სურსათის ინდექსი არის შემცირებული. თითქმის ყველა პროდუქცია გაიაფებულია...

„იმატებს, იკლებს - თამაშობს ფასი. ალბათ, კრიზისია“.

„ყველაფერი ძვირია, ბაზარში ხალხი აღარ დადის უკვე“.

თბილისის ერთ-ერთ ბაზარში დასაქმებულთა მიერ აღწერილი რეალობა რამდენიმე კითხვას ბადებს, კერძოდ: თუ სურსათის მყიდველთა რაოდენობა მცირდება, რატომ არ მცირდება ფასები? ამ შეუსაბამობის შესახებ საუბრობს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნოდარ ჭიჭინაძე:

„მსოფლიო ბაზარზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ცოტა ალოგიკურია, რომ საქართველოში ფასები გაიზარდა, იმიტომ რომ მსოფლიოს სურსათის ინდექსი არის შემცირებული. თითქმის ყველა პროდუქცია გაიაფებულია“.

ნოდარ ჭიჭინაძე ამ შეუსაბამობის ახსნას ექსპორტისა და იმპორტის სტატისტიკაში ეძებს:

ნოდარ ჭიჭინაძე

ნოდარ ჭიჭინაძე

„მსოფლიო ტრენდისგან ასეთი გადახვევა გამოიწვია, ალბათ, ორმა ფაქტორმა. ერთი ის, რომ სასურსათო პროდუქციის ექსპორტი არის გაზრდილი, და მეორე ის, რომ იმპორტი არის შემცირებული. ანუ ბაზარზე საქონლის მოცულობის შემცირებაზე მოქმედებს ეს ორი ფაქტორი: ეტყობა, უფრო მეტი იქნა გატანილი ქვეყნის გარეთ, ვიდრე შემოტანილი, რამაც რაღაც მომენტში, ვერ ვიტყვი რომ დეფიციტი, მაგრამ შემცირება გამოიწვია რაღაც მომენტში“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გარდა, ფასებმა მოიმატა ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე. ასევე გაძვირდა საცხოვრებელი, სასტუმროები და კაფე-რესტორნები, ფასებმა მოიმატა ტრანსპორტზე და ჯანდაცვის სერვისზე.

თუ ალკოჰოლური სასმელების ფასის ზრდა შეიძლება რუსეთში გაზრდილი ექსპორტით იყოს განპირობებული, სიგარეტის გაძვირება მასზე აქციზური გადასახადის ეტაპობრივ ზრდას უკავშირდება. სასტუმროებს და კაფე-რესტორნებს რაც შეეხება, ამ ჯგუფის ფასების ზრდა სურსათის გაძვირებითა და ტურისტების ნაკადის ზრდითაა გამოწვეული.

მიმდინარე წლის მაისიდან გავრცელდა ინფორმაცია რეცეპტების შემოღების შესახებ, რამაც გარკვეული აჟიოტაჟი და უსიამოვნო მოლოდინი გამოიწვია. ყველა ცდილობდა წამლის მარაგი დაეგროვებინა...

კიდევ ერთი სფერო, რომელსაც გაძვირება შეეხო, არის ტრანსპორტი და აქ ძირითადად საწვავის ფასები იგულისხმება. მართალია, ოქტომბრის დასაწყისში მისი სარეალიზაციო ღირებულება ოდნავ შემცირდა, მაგრამ სტატისტიკის მეთოდოლოგია ითვალისწინებს მიმდინარე ფასის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებას, ვინაიდან მათ შორის არსებული სხვაობა კლების ან ზრდის სურათს იძლევა.

ტრანსპორტის გაძვირებასთან ერთად 15 პროცენტზე მეტად გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვის სერვისის ღირებულება. მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე. ამის მიზეზებს სააგენტო „ბიზნეს-პრეს-ნიუსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განმარტავს ეკონომიკის ექსპერტი ვაჟა კაპანაძე. მისი აზრით, „მიმდინარე წლის მაისიდან გავრცელდა ინფორმაცია რეცეპტების შემოღების შესახებ, რამაც გარკვეული აჟიოტაჟი და უსიამოვნო მოლოდინი გამოიწვია. ყველა ცდილობდა წამლის მარაგი დაეგროვებინა. ხალხმა დაიწყო ექიმებთან უფრო ინტენსიურად მისვლა და წამლების დიდი რაოდენობით შესყიდვა“. მედიკამენტების გაძვირებაზე საუბრობს მოქალაქეთა დიდი ნაწილი ინტერნეტგამოცემა „ნიუს ჯის“ (news.ge) მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში:

„მნიშვნელოვნად არა, მაგრამ ფასები გაზრდილია“.

„ბავშვების ვიტამინებს ვყიდულობ და შარშან რაც ღირდა, 1-2 ლარით ძვირია ახლა“.

„ადრე პენსია მყოფნიდა წამლებში, ახლა კი არა“.

ექსპერტთა ნაწილი ამ ვითარების გაუარესების ვარაუდს გამოთქვამს, რადგან მთავრობას ასათვისებელი აქვს საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი. დარჩენილ 3 თვეში დიდი რაოდენობით თანხების მიმოქცევაში გაშვება კი, გასული წლის ბოლოს განვითარებული პროცესების მსგავსად, ინფლაციის გაღრმავებისა და ლარის კურსის დაცემის საფრთხეს ქმნის.

XS
SM
MD
LG