Accessibility links

საყდრისის ფართომასშტაბიანი „დაშლა-გადატანა“


 საყდრისის მაღარო

საყდრისის მაღარო

საყდრის-ყაჩაღიანის მაღაროს გარშემო კამათი გრძელდება. 17 დეკემბერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა პრესკონფერენციაც გამართა, რომელიც საყდრისის მცველებთან კამათით დასრულდა. როგორ ამართლებს სააგენტო საყდრის-ყაჩაღიანის მაღაროს ნაწილის აფეთქებას და რას ფიქრობენ ამაზე საყდრისის მცველები?

სტვენითა და შეძახილებით დასრულდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკა ანთიძის, პრესკონფერენცია, რომელიც საყდრის-ყაჩაღიანის მაღაროს თემას ეხებოდა.

17 დეკემბერს ნიკოლოზ ანთიძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც კომპანია RMG GOLD-ს 12 დეკემბერს საყდრის-ყაჩაღიანის პირველ სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვების განახლების უფლება მიეცა. RMG GOLD-მაც არ დააყოვნა და ობიექტზე მეორე დღიდანვე დაიწყო აფეთქებები.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსი ამბობს, სააგენტომ საყდრის-ყაჩაღიანისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოხსნისა და არქეოლოგიური ობიექტის განადგურების გადაწყვეტილება ექსპერტების დასკვნის საფუძველზე მიიღო:

ნიკოლოზ ანთიძე

ნიკოლოზ ანთიძე

„იმ ადგილზე, სადაც არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობდა, სამუშაო დასრულებულია და სრულფასოვნადაა შესწავლილი. უცხოელი ექსპერტების დასკვნა, რომ იქ აღმოჩენები მოსალოდნელი აღარ არის, ყველასთვის სარწმუნო უნდა იყოს“.

მისივე თქმით, ასეთივე დასკვნა ჰქონდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმსაც, თუმცა 16 დეკემბერს მუზეუმის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საყდრისი მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია.

ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ ყველა არქეოლოგიური ძეგლის შენარჩუნება შეუძლებელია და მათი განადგურება გამართლებულია, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ამის მაგალითად მას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა მოჰყავს:

„არქეოლოგიური ობიექტები ითხრებოდა კანონმდებლობის შესაბამისად. მერე იღებოდა და მერე გადიოდა ბაქო-ჯეიჰანი. ეს ნორმალური და ცივილური მიდგომაა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით. ძეგლთა დაცვა არის მოწოდების სიმაღლეზე და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვემსახურებით ძალიან კეთილშობილ და კარგ საქმეს“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსს არ ეთანხმება ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძე. სწორედ მან შეაწყვეტინა გამოსვლა ნიკოლოზ ანთიძეს. მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ გამართულ შეხვედრაზე მან და ხელოვნებათმცოდნე ლალი ტერტენავამ დაპირება მიიღეს, რომ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობა დაცული იქნებოდა:

„და თუნდაც ერთი წლის განმავლობაში, სანამ საყდრისის ინტერდისციპლინარულ არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილე არქეოლოგები არ იტყოდნენ იმას, რომ საყდრისის კვლევა ბოლომდე დასრულებულია, საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე ხელს ვერავინ აღმართავდა“.

ამავე საკითხს არეგულირებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებაც. განჩინების მიხედვით, კომპანია RMG-ს საყდრის-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების ჩატარება ტერიტორიის კულტურული სტატუსის საბოლოო განსაზღვრამდე ეკრძალებოდა.

პრობლემა ისაა, რომ RMG GOLD არქეოლოგიური ობიექტის აღება-დაშლის სახელით აწარმოებს მსხვილმასშტაბიან სამუშაოებს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით აქვს აკრძალული...

საჩივარი სასამართლოში “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ შეიტანა. როგორც ასოციაციის წევრი სულხან სალაძე ამბობს, 12 დეკემბერს მომხდარი აფეთქებით კომპანია RMG GOLD-მა სასამართლოს ეს განჩინება დაარღვია:

„ჩვენ სააგენტოს არაერთხელ ვკითხეთ, არის თუ არა ეს მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები. სააგენტო ამბობს, რომ მათ გასცეს უფლება არქეოლოგიური ობიექტის აღება-დაშლაზე. ლოგიკურად ჩნდება კითხვა: აღება-დაშლა რა არის? როცა რაღაცას აიღებ, სადღაც უნდა დადო, ხომ? მაგრამ ბულდოზერით, ტრაქტორით, აფეთქებით არქეოლოგიური ობიექტის დაშლა და აღება არ ხდება. პრობლემა ისაა, რომ RMG GOLD არქეოლოგიური ობიექტის აღება-დაშლის სახელით აწარმოებს მსხვილმასშტაბიან სამუშაოებს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით აქვს აკრძალული“.

საყდრისის გადარჩენის ეროვნული კომიტეტის წევრი ეკატერინე სოხაძე ეჭვქვეშ აყენებს იმ დოკუმენტის შინაარსსაც, რომლითაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ RMG GOLD-ს არქეოლოგიური ძეგლის აღება-დაშლის უფლება მისცა:

„დოკუმენტის ბოლო წინადადებაში წერია, რომ ჩვენ გვაქვს გასაჩივრების უფლება, მაგრამ როგორ გვაქვს გასაჩივრების უფლება, როდესაც 12-ში, პარასკევს, მიღებული დოკუმენტი აღსრულებაში მოდის შაბათს და გასაჩივრებას აქვს ვადა ერთი თვე. ეს არის ცინიზმი, ეს არის დაცინვა მთელი საზოგადოების, სამეცნიერო სამყაროსი“.

საყდრისის მცველები ამბობენ, რომ, მიუხედავად მიწისზედა ნაწილის ნაწილობრივ განადგურებისა, საყდრის-ყაჩაღიანის მაღაროს, როგორც არქეოლოგიური ძეგლის, შენარჩუნება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამისათვის ისინი აპირებენ მიმართონ პროტესტის რადიკალურ ფორმებს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კი 18 დეკემბერს, დღის ოთხის ნახევარზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საყდრის-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის დაზიანებასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურისაგან საჯარო ინფორმაციას კიდევ ერთხელ მოითხოვს.

XS
SM
MD
LG