Accessibility links

logo-print

დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და თანასწორობის მდგომარეობა ომბუდსმენის ანგარიშში


28 სექტემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს სახალხო დამცველმა გამართა სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია საქართველოში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ. რა ვითარებაა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებიდან ერთი წლის თავზე ქვეყანაში და რა ბედი ეწია დისკრიმინაციის საკითხზე ომბუდსმენის სახელზე შესულ იმ 111 საჩივარს, რომელთა ნაწილის შესწავლაც დღემდე გრძელდება?

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის“ ამოქმედებიდან დღემდე წელიწადზე მეტი გავიდა. ამ დროის განმავლობაში დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მოთხოვნით სახალხო დამცველის ოფისს საჩივრით 107-მა პირმა მიმართა. 4 საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა თავისი ინიციატივით დაიწყო; 8 საქმის განხილვა შეწყდა, რადგან დისკრიმინაციის ფაქტები არ დადასტურდა; 13 საქმე ადამიანის უფლებების დარღვევად შეფასდა და არა დისკრიმინაციად; 6 საქმის განხილვა საერთოდ შეჩერდა, რადგან მომჩივანმა სასამართლოს მიმართა - ასეთ დროს კი ომბუდსმენს საქმის განხილვის უფლება აღარ აქვს. 60 საქმის დეტალებს ამ დრომდე სწავლობენ.

28 სექტემბერს, დისკრიმინაციის შესახებ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციაზე, სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს ვკითხეთ, ყველაზე ხშირად დისკრიმინაციის რა ფორმების დადგენას მოითხოვენ მოქალაქეები:

„აქ საუბარია პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე, ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით გამოწვეულ, ანდა სექსუალური იდენტობის ნიშნით გამოკვეთილ დისკრიმინაციაზე. ასევე გამოვლენილი იყო შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციის არაერთი ფაქტი. ამ განცხადებების უმრავლესობაში საუბარია სიძულვილის ენაზე, რომელიც მოქალაქეებს დისკრიმინაციად მიაჩნიათ, თუმცა კანონით, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის და ჩვენ ამ საქმეებს დისკრიმინაციის კუთხით ვერ შევისწავლით“.

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში უკვე არსებობს დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკანონმდებლო ბაზა, ანტიდისკრიმინაციულო მექანიზმი და ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობს სახალხო დამცველის ოფისიც...

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ, მიუხედავად ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის არსებობისა, საზოგადოებამ დისკრიმინაციის არსის შესახებ ცოტა რამ იცის. ბოლო ერთმა წელმა ის საკანონმდებლო ხარვეზებიც გამოავლინა, რაც სახალხო დამცველის აპარატს ეფექტიანად მუშაობაში ხელს უშლის. მაგალითად, კერძო ორგანიზაციები კანონით არ არიან ვალდებულნი ითანამშრომლონ სახალხო დამცველის ოფისთან დისკრიმინაციის ფაქტების დადგენის პროცესში - ეს იმ დროს, როდესაც საჩივრების დიდი ნაწილი სწორედ კერძო სექტორს შეეხება. სახალხო დამცველმა პარლამენტს უკვე მიმართა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით. მეორე და მნიშვნელოვანი დაბრკოლება ომბუდსმენის ოფისისათვის სასამართლოსადმი მიმართვის პროცედურებს შეეხება. კერძოდ, თუ დისკრიმინაციის შესაძლო მსხვერპლი სასამართლოს მიმართავს, სახალხო დამცველი წყვეტს ამავე საქმის წარმოებას:

„რამდენიმე სერიოზული საქმის წარმოება სწორედ ამ მიზეზით შევწყვიტეთ: მსხვერპლმა სასამართლოს მიმართა. კანონით კი, თუ მოქალაქე მიდის სასამართლოში, ჩვენ უფლებამოსილება გვიწყდება. ჩვენ აღარ შეგვიძლია მას დავეხმაროთ, საქმის დეტალები ვიკვლიოთ და დისკრიმინაციის ფაქტი დავადგინოთ“.

დისკრიმინაციაა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ქალებს ყოველთვის უჭირთ. მათ ყოველთვის ეკითხებიან, აპირებენ თუ არა გათხოვებას და შვილის ყოლას - ეს შეკითხვა უკვე დისკრიმინაციულია. ფეხმძიმე ქალის სამსახურში აყვანაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია...

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში უკვე არსებობს დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკანონმდებლო ბაზა, ანტიდისკრიმინაციულო მექანიზმი და ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობს სახალხო დამცველის ოფისიც, რომელსაც როგორც მთავრობის, ისე საზოგადოების და საერთაშორისო საზოგადოებისგან მხარდაჭერა სჭირდება“, - განაცხადა 28 სექტემბერს სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა:

„ევროკავშირი დაინტერესებულია დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და, ზოგადად, თანასწორობის საკითხებით არა მხოლოდ მის საზღვრებს შიგნით, არამედ მის გარეთაც. ეს ის თემებია, რომლებზეც ევროკავშირი საქართველოსთანაც მჭიდროდ თანამშრომლობს. ამის დასტურია ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობლობაც, რაც გასულ წელს საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო, სახალხო დამცველის ოფისში კი, თანასწორობის დეპარტამენტის სახით, ანტიდისკრიმინაციული მექანიზმი შეიქმნა. ჩვენ ამას ვხედავთ და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ მთავრობამ გამოყო გარკვეული თანხა ამ დეპარტამენტის მუშაობისათვის“.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი ეთერ მათურელი სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის არსებობის სხვადასხვა ფორმაზე გვესაუბრება. მაგალითად, დღემდე პრობლემად რჩება ქალთა მიმართ სქესის ნიშნით გამოხატული დსკრიმინაცია, აცხადებს ეთერ მათურელი:

„დიახ, დისკრიმინაციაა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ქალებს ყოველთვის უჭირთ. მათ ყოველთვის ეკითხებიან, აპირებენ თუ არა გათხოვებას და შვილის ყოლას - ეს შეკითხვა უკვე დისკრიმინაციულია. ფეხმძიმე ქალის სამსახურში აყვანაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ეს მაშინ, როცა ქალს აქვს 7 თვემდე მუშაობის უფლება. ცხადია, ეს დისკრიმინაციაა, როცა ამ მიზეზით უარს მეუბნებიან“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსის მაკა კვაჭაძის ინფორმაციით კი, მიუხედავად ანტიდისკრიმინაციული კანონის არსებობისა, ჯერჯერობით გადაუჭრელი პრობლემაა სასამართლოს ელექტრონულ სისტემაში დისკრიმინაციის ნიშნით გამოყოფილი საქმეების აღრიცხვა. შესაბამის უწყებას საქმეების სათითაოდ განხილვა და იმის დადგენა უწევს, განიხილა თუ არა რომელიმე ინსტანციამ საქმეები სწორედ დისკრიმინაციის ფაქტებზე. მაკა კვაჭაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა როგორც მოსამართლეების, ისე მათი თანაშემწეების და აპარატის თანამშრომლების, ადვოკატების ტრენინგი ანტიდისკრიმინაციულ კანონთან მიმართებით. სახალხო დამცველიც მიიჩნევს და რეკომენდაციებშიც წერს, რომ დისკრიმინაციის აკრძალვის თემაზე ტრენინგების სერია სახელმწიფო სტრუქტურებში დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG