Accessibility links

logo-print

2 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი - უჩა ნანუაშვილი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის 2014 წლის მდგომარეობის ამსახველი ანგარიშით პარლამენტის წინაშე წარსდგა. 900–გვერდიან დოკუმენტში არაერთი დარღვევევაა გამოვლენილი: სასამართლო სისტემის, პატიმრების უფლებების, სამართალდამცველი სტურუქტურებისა თუ უმცირესობათა უფლებების მიმართულებებით. უჩა ნანუაშვილის საათნახევრიანმა გამოსვლამ, რასაც კითხვა–პასუხისა და დეპუტატთა გამოსვლების ხანგრძლივი პროცესი მოჰყვა, უკმაყოფილო დატოვა საპარლამენტო ოპოზიცია და კერძოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომელთა შეფასებითაც ომბუდსმენს ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს.

მართალია, პატიმართა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, სახალხო დამცველის შეფასებით, „მთავარ გამოწვევას აღარ წარმოადგენს“, მაგრამ ამ მხრივ ვითარება ჯერ ისევ არასახარბიელოდ გამოიყურება. ანგარიშის თანახმად, 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, იმატა პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ შეტყობინებათა რიცხვმა. შესაბამისად, ომბუდსმენის აპარატმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა, თუმცა უშედეგოდ. იგივე ითქმის პოლიციის მხრიდან გამოვლენილ დარღვევათა ფაქტებზეც:

„სახალხო დამცველმა 28 წინადადებით მიმართა მთავარ პროკურატურას – პოლიციისა და პენიტენციური სისტემის თანამშრომლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ან სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ სიცოცხლის მოსპობის შემთხვევებზე გამოძიების წარმოების მოთხოვნით. 21 წინადადება შეეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარ ფაქტებს, ხოლო 7 წინადადება სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიან გამოძიებას. როგორც უკვე აღვნიშნე, სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ არის დაწყებული ამ ფაქტებთან დაკავშირებით“.

სახალხო დამცველის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს პატიმრების დაღუპვის ფაქტების ზრდა, 2013 წელთან შედარებით. შარშან აღრიცხულ 27 შემთხვევას ბევრი ეჭვი და ვარაუდი უკავშირდება. იმის გარდა, რომ „ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მისი კონტროლის ქვეშ მყოფ პირთა სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლების ეფექტური დაცვა“, სიმართლის დადგენა ვერც მოგვიანებით მოხერხდა:

უჩა ნანუაშვილი

უჩა ნანუაშვილი

„ამ საქმეებიდან მხოლოდ ერთ საქმეზეა რამდენიმე პირი ბრალდებულად ცნობილი და საქმე არსებითი განხილვისთვის გადაგზავნილია სასამართლოში. ერთ საქმეზე შეწყდა გამოძიება, სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში დევნა არ არის დაწყებული ან ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება და არ არის დასრულებული“.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, არასათანადო ყურადღება გამოავლინა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომაც მაშინ, როცა ომბუდსმენი მას ცალკეული მოსამართლეების მიმართ დისციპლინური დევნის მოთხოვნით მიმართავდა. უჩა ნანუაშვილის განმარტებით, საუბარი იყო მოსამართლეების მხრიდან საქმეების განხილვის დროს პროცესუალური ნორმების უხეშ დარღვევაზე, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საპასუხო რეაგირება არასაკმარისი იყო:

„სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ყველა წინადადების განხილვისას, შემოიფარგლა შაბლონური პასუხით, რომ მოსამართლეების მხრიდან გადაცდომა არ დასტურდებოდა“.

ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს თანამდებობის პირი ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობის ნიშნები...

უჩა ნანუაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას კიდევ არაერთი საკითხი გამოყო - იქნებოდა ეს სამართლიანობის აღდგენა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა თუ გენდერული თანასწორობა. ანგარიშში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ასევე უმცირესობათა საკითხები. სახალხო დამცველის თქმით, გამოწვევად რჩება ჰომოფობიური დამოკიდებულება ლგბტ პირთა მიმართ და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების დროული და ეფექტიანი გამოძიება. აქვეა რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებული გამოწვევებიც:

„პრობლემად დარჩა რელიგიური ნიშნით ძალადობისა და მასზე სამართალდამცველების მხრიდან არაადეკვატური რეაგირების საკითხი. გამოძიება არ დასრულებულა წინა წლებში მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებულ საქმეებზე. კვლავ გადაუჭრელია საბჭოთა პეროდში ჩამორთმეული რელიგიური ქონების რესტიტუციის საკითხი, საგადასახადო უთანასწორობა, საჯარო სკოლებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული გარემოს არსებობა, საჯარო სივრცის ხელმისაწვდომობა, ინკლუზიურობა დასხვა“.

უჩა ნანუაშვილის ანგარიშმა უკმაყოფილო დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ეს ჯერ კიდევ შეკითხვების დასმის ეტაპზე გამოვლინდა. შეკითხვებს შეფასებებიც მოსდევდა და, ასე მაგალითად, დეპუტატი აკაკი მინაშვილი დაინტერესდა, ხედავს თუ არა ომბუდსმენი ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის არსებობას, მაშინ როცა

„ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს თანამდებობის პირი ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობის ნიშნები. მათ შორის ამას ადასტურებენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები“.

ჩვენ ვლაპარაკობთ უმცირესობების უფლებების დაცვაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვაზე, მაგრამ კაცთა უფლებაზე ვინ უნდა იზრუნოს?...

აკაკი მინაშვილის შეკითხვაზე პასუხს უჩა ნანუაშვილმა იმ მოტივით აარიდა თავი, რომ არაფორმალური მმართველობის თემა ომბუდსმენის განსასჯელ საკითხებში არ შედის. სამაგიეროდ, მან პირდაპირ გასცა პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან წამოსულ შეკითხვას – ჰყავს თუ არა ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები. ომბუდსმენს ამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს.

შეიძლება ითქვას, რომ სახალხო დამცველი ერთგვარ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატის მიერ დასმულმა შეკითხვებმა. მაგალითად, დეპუტატი ელდარ კურტანიძე კაცების უფლებების დაცვის თემით დაინტერესდა:

„ჩვენ ვლაპარაკობთ უმცირესობების უფლებების დაცვაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვაზე, მაგრამ კაცთა უფლებაზე ვინ უნდა იზრუნოს? და იქნება თუ არა კაცთა უფლება დაცული, მთელი თავისი შინაარსით?“

შეკითხვაზე პასუხად, სახალხო დამცველმა პარალელები ქალისა და კაცის უფლებებს შორის გაავლო და დეპუტატს აუხსნა, რომ შექმნილი რთული ვითარებიდან და, მათ შორის, ფემიციდის ფაქტების მომრავლებიდან გამომდინარე, ქალთა უფლებები საგანგებო ყურადღებას საჭიროებს. სახალხო დამცველმა ვერ დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას, ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი პროცენტით გაუმჯობესდა მდგომარეობა ადამიანის უფლებათა კუთხით ახლანდელი ხელისუფლების პირობებში. უჩა ნანუაშვილი პროცენტების გამოთვლას აპოლიტიკური მიდგომის მოტივით მოერიდა, თუმცა თავისი გამოსვლისას არაერთხელ აღნიშნა, რომ ვითარება ბევრი მიმართულებით არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG