Accessibility links

logo-print

5 ივნისს თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“ საქართველოს სახალხო დამცველმა საზოგადოებას დევნილთა და კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშები გააცნო. დევნილთა საცხოვრებელი პირობები, მათი განსახლებისა და პრივატიზაციის საკითხები, უსაფრთხოება, დასაქმება – წლების განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ამჟამად კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები ხალხისთვის პრობლემები უცვლელი რჩება. გალის რაიონში მცხოვრებთათვის კი სიცოცხლის, გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, საკუთრების უფლების დარღვევა მათი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

სახალხო დამცველმა თავისი ყოველწლიური დიდი ანგარიშიდან, რომელსაც, ტრადიციულად, პარლამენტს წარუდგენს, ცალკე გამოყო იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა უფლებრივი მდგომარეობისა და კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშები და საზოგადოების იმ ნაწილს წარუდგინა, ვინც წლებია დევნილების და, ზოგადად, კონფლიქტების საკითხებზე მუშაობს. ანგარიშს უსმენდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარიც.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში უკანასკნელ წლებში გაკეთებულ საქმეებზეცაა საუბარი, მისთვის ერთი თვალის გადავლებითაც აშკარაა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ასობით ათასი დევნილის პრობლემა წლიდან წლამდე არ იცვლება.

უჩა ნანუაშვილი

უჩა ნანუაშვილი

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაზე მთავარი პრობლემა დღემდე განსახლების ნელი ტემპია. მიუხედავად გარკვეული ფინანსური რესურსების გამოყოფისა, ეს პროცესი მაინც მეტად ნელა მიმდინარეობს და, რაც ყველაზე საგანგაშოა, ათასობით დევნილი დღემდე ცხოვრობს სიცოცხლისათვის საშიშ გარემოში, ძალიან ბევრია ავარიული კორპუსები, სადაც დევნილები კომპაქტურად არიან ჩასახლებულები. ვფიქრობთ, პირველ რიგში, ეს ხალხი უნდა გამოვიყვანოთ ამ შენობებიდან. რაც შეეხება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებას, იქ მცხოვრებთა მთავარი პრობლემა უსაფრხოებაა. კონფლიქტის ზონაში მხოლოდ გასულ წელს რუსმა სამხედროებმა ასობით ადამიანი დააკავეს. ანგარიშში ცალკე ადგილი ეთმობა გალის რაიონში მცხოვრებ ქართველთა პრობლემებს“, - აცხადებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

დღევანდელი მონაცემებით, თბილისში ცხოვრობს 100 187 დევნილი, იმერეთში – 25 120, მცხეთა-მთიანეთში – 10 944, სამეგრელო-ზემო-სვანეთში – 85 081, ქართლში – 29 236, სხვა რეგიონებში კი – 11618.

2014 წლის პირველი ივნისის მონაცემებით, დევნილთა ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ, საქართველოში რეგისტრირებულია 262 186 დევნილი. მათგან ე.წ. „კერძო სექტორში“ 140 584 დევნილი ცხოვრობს, ხოლო ყოფილი კომპაქტური განსახლების ობიექტებში 121 602 დევნილია რეგისტრირებული.

დევნილთა უმთავრეს პრობლემად სწორედ გრძელვადიანი განსახლება რჩება. 2014 წლის ბოლოსთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფილია 33 349 დევნილი ოჯახი, ხოლო 60 000-ზე მეტი ოჯახი კვლავაც საჭიროებს თავშესაფრით უზრუნველყოფას. სახალო დამცველის აპარატის პროექტის კოორდინატორი თორნიკე ცაგარეიშვილი, რომელმაც დევნილთა უფლებების შესახებ ანგარიშის ნაწილზე იმუშავა, „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში აცხადებს, რომ სახელმწიფო, ფინანსური სახსრების სიმწირიდან გამომდინარე, ცდილობს ასობით სახლი ათასობით დევნილს გაუნაწილოს:

„ამ ფონზე, ცხადია, სახელმწიფოს უჭირს თავიდან ბოლომდე სამართლიანობის დაცვით გაანაწილოს ეს ფართები. მართალია, დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი ბოლო ორ წელში გასამმაგდა, თუმცა, პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს თანხა, ფაქტია, რომ საკმარისი არ არის და ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ოჯახი ელის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფინანსური პრობლემის გარდა, წლების განმავლობაში ამ სფეროში არსებობდა მენეჯმენტის პრობლემაც“.

სოზარ სუბარმა დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხზე განაცხადა, რომ სამინისტრო ორი კრიტერიუმით ხელმძღვანელობს – პირველ რიგში, ისინი ბინით აკმაყოფილებენ იმ დევნილებს, ვინც დანგრევის პირას მყოფ ობიექტებში ცხოვრობენ და ასევე დევნილთა იმ ნაწილს, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან. სუბარი აღნიშნავს, რომ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სახელმწიფოს პოლიტიკა მკვეთრად შეიცვალა და დევნილების ინტერესებზე მორგებული გახდა:

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

„მაგალითად, როდესაც წინა ხელისუფლებამ აბსოლუტურად აკრძალა დევნილებისათვის ბინების მიცემა თბილისში, დღეს ეს დაშვებულია, არსად ხდება ძალადობრივი გზებით გამოსახლება ან დაკანონება, პირიქით, ჯერ ვეკითხებით, რა სურთ მათ და მხოლოდ შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ვისაც არ მოსწონს საკუთარი საცხოვრებელი და უარს ამბობს დაკანონებაზე, მათ ალტერნატიულ ფართს ვთავაზობთ. პირველ სექტემბრამდე, დაახლოებით, 10 000-მდე ოჯახს დაუკანონდება საცხოვრებელი ფართი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ისინი საკუთრების მფლობელები ხდებიან, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა ადამიანები“.

რაც შეეხება კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში დღემდე ცხოვრობენ, სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის უწყებებს, დაიცვან ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება, უზრუნველყონ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დაიცვან იქ მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოება და მოაწყონ დამატებითი საგუშაგოები წალენჯიხისა და გორის რაიონებში. სახალხო დამცველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერიტორიაზე დღეს საბრძოლო მოქმედებები აღარ მიმდინარეობს, კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობა ჯერ კიდევ მწვავედ განიცდის ომის შედეგებს და დღემდე ირღვევა მათი ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG