Accessibility links

logo-print

20 აგვიტოს საპროტესტო აქციები გაიმართა თბილისში - სახელმწიფო კანცელარიასთან და სამტრედიაში - პოლიციის შენობის წინ, სადაც შეკრებილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი და მიმართვა გაუგზავნეს პრემიერ-მინისტრს, რომლისგანაც რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლა და დამნაშავე პოლიციელების დასჯა მოითხოვეს.

„სახელმწიფომ მოკლა დემურ სტურუა“ - ამ შინაარსის ტრანსპარანტი ჰქონდათ გაშლილი სახელმწიფო კანცელარიის წინ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრებს, რომელთა თქმით, დემურ სტურუას თვითმკვლელობის აქტი საპროტესტო გზავნილია, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიემართება. მოძრაობის წევრ გიორგი კიკონიშვილის თქმით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ძალადობა უპასუხოდ არ უნდა დატოვოს საზოგადოებამ.

„ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ნებისმიერ დროს ხელისუფლებამ შეიძლება პოლიციის ხელით მოკლას ჩვენი მოქალაქე უაპელაციოდ. ვაპროტესტებთ 22 წლის დემურ სტურუას, ვიტყოდი, მკვლელობას, რადგანაც ახალგაზრდა არსებული ნარკოპოლიტიკით მიიყვანეს პროტესტის იმ ზომამდე, რომ სხვა გზა არ დაუტოვეს, გარდა თავის მოკვლისა. ვაპროტესტებთ არა მხოლოდ დემურ სტურუას, არამედ არაერთი სხვა ადამიანის მკვლელობას, მათ შეწირულ სიცოცხლეს, ბედნიერებას და მოვითხოვთ ამ სადისტური, მკვლელი პოლიტიკის შეცვლას“, უთხრა გიორგი კიკონიშვილმა რადიო თავისუფლებას.

სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში მცხოვრებ 22 წლის დემურ სტურუას ფიზიკური და ფისქოლოგიური ძალადობის გამოყენებით პოლიციასთან თანამშრომლობას და თანასოფლელების დასმენას აიძულებდნენ. თავის ჩამოხრჩობამდე დემურ სტურუამ დატოვა წერილი, რომლის მიხედვითაც, უბნის რწმუნებული გოდერძი თევზაძე მას აძალებდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში, რისთვისაც პოლიციელმა იგი წაიყვანა იანეთში, სცემა და დაემუქრა, რომ, თუ არ ითანამშრომლებდა, ისეთ დანაშაულს დააბრალებდა, რომელიც მას ჩადენილი არ ჰქონდა. საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი დათო ლაღიძე ამბობს, რომ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პოლიციისათვის მინიჭებული ძალაუფლება სცილდება გონივრულ და ლეგალურ ფარგლებს და რომ ის, რაც ნარკოპოლიტიკით ინიღბება, სინამდვილეში წარმოადგენს პოლიციური კონტროლისა და შანტაჟის მექანიზმს. დათო ლაღიძის თქმით, ვითარების გამოსასწორებლად ცვლილებები უნდა შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე და 273-ე მუხლებში, რომლებიც ნარკოტიკულ დანაშაულებს შეეხება:

„ჩვენ ვიცით, რომ, საქართველოს კანონმდელობით, „მცირე დოზები“ არ არსებობს და რომ ნებისმიერი დოზის გამო შეიძლება ადამიანი ციხეში წავიდეს. რეალურად ეს და ბევრი სხვა საკითხი არის საშუალება პოლიციის ხელში, რომ მარტივად მოახდინოს ადამიანებზე კონტროლი. მარიხუანისა და სხვა ნივთიერებების გამო ადამიანებს ემუქრებიან, აიძულებენ თანამშრომლობას და ჩვენი მოთხოვნა არის, შეიცვალოს, პირველ რიგში, პოლიტიკა, შეიცვალოს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართლის კოდექსები, შეიცვალოს ნარკოტიკული დახმარების შესახებ კანონი, რომელშიც დოზები არ არის გაწერილი (მაგ. მცირე ოდენობა, დიდი ოდენობა, განსაკუთრებით დიდი ოდენობა და ა.შ.)“.

საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ნარკოპოლიტიკის მძიმე შედეგები უამრავმა ადამიანმა გამოსცადა საკუთარ თავზე, 22 წლის დემურ სტურუა კი ამ პოლიტიკის არც პირველი მსხვერპლია და არც უკანასკნელი. „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ მიმართვას უგზავნის პრემიერ-მინისტრს და მოითხოვს:

პასუხისმგებლობაში მიეცეს პოლიციელი გოდერძი თევზაძე და მისი მეწყვილე, რომლის ვინაობასაც პოლიცია ამ დრომდე ასაიდუმლოებს;

თანამდებობა დატოვოს სამტრედიის რაიონული პოლიციის უფროსმა;

შსს-ს მინისტრმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც თბილისსა და რეგიონებში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და შანტაჟის პრაქტიკებს შეისწავლის;

დაუყოვნებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.

დემურ სტურუას თითმკვლელობიდან ორი კვირა გავიდა. პოლიციელმა, რომელიც სიკვდილის წინ დატოვებულ წერილშია ნახსნები, თანამდებობა დატოვა. გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა, რომელმაც საქმე აღძრა სისხლის სამართლის 115-ე- თვითმკვლელობამდე მიყვანის - მუხლით. საზოგადოებას ახსოვს 13 აგვისტოს, დემურსტურუას დაკრძალვის დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დადებული პირობა:

„რა თქმა უნდა, გამოძიება ჩატარდება და არავითარ შემთხვევაში სახელმწიფო არავის არ დააფარებს ხელს. პირადად გავაკონტროლებთ გამოძიების მიმდინარეობას“.

თუმცა „თეთრი ხმაურის მოძრაობა“და საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეები სწორედ გამოძიების მიმდინარეობით არიან უკმაყოფილონი. 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანიდან ორი კვირის თავზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გამოძიება დაიწყო. „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ხმაურის შეწყვეტას არ აპირებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG