Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ტენდენციები


ფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ დასკვნები და რეკომენდაციები წარმოადგინა. აღსანიშნავია რამდენიმე ტენდენცია, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ეროვნული ვალუტის კურსზეც. კერძოდ, აღინიშნება ფისკალური წლის განმავლობაში ბიუჯეტის სახსრების არათანაბარზომიერი ათვისების ტენდენციები, განსაკუთრებით, ცალკეული პროგრამებისთვის.

გადმოწერა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, საჭიროა ყურადღება გამახვილდეს მსგავსი ტენდენციის მქონე პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებების დროულ და თანაბარზომიერ ათვისებაზე, რათა თავიდან იქნესსაბიუჯეტო წლის ბოლოს, გასული წლების მსგავსად, ასიგნებების მასშტაბური ათვისების ტენდენცია. წლის ბოლოსათვის აუთვისებელი საბიუჯეტო სახსრების მასშტაბური ხარჯვა კი, როგორც გასული წლების პრაქტიკამ გვიჩვენა, ქმნის საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანად და არამიზნობრივად გახარჯვის რისკს და, ამასთანავე, უარყოფითად აისახება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე.

ყურადსაღებია მხარჯავი დაწესებულებების მიერ განხორციელებული გადანაწილებები. მიუხედავად იმისა, რომ მხარჯავი უწყებები აკმაყოფილებენ საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ლიმიტებს, საყურადღებოა მათ მიერ წლის განმავლობაში პროგრამებს/ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ასიგნებების გადანაწილების მასშტაბურობა და სიხშირე, რაც ბიუჯეტის ფორმირების პროცესში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე მიუთითებს.

2016 წლის 8 თვის განმავლობაში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განხორციელდა 77 ხარჯთაღრიცხვის ცვლილება, განათლების და მეცნიერების სამინისტროში - 116, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში - 112. გარკვეულ შემთხვევებში საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ხორციელდება ასიგნებების გადანაწილების უკუპროცესი. კერძოდ, ადგილი აქვს იმ პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე თანხების უკან მობრუნებას, რომლებიდანაც წლის განმავლობაში ხდებოდა ასიგნებების გადატანა. რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს წლის განმავლობაში ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში აუთვისებელი საბიუჯეტო სახსრების გადანაწილებას სხვადასხვა პროგრამებზე/ ქვეპროგრამებზე.

ასევე, გარკვეულ შემთხვევებში, პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში ადგილი აქვს თანხების გადანაწილებას ისეთი ღონისძიებების/პროექტების დასაფინანსებლად, რომელთა განხორციელება ან დაგეგმილი არ იყო ბიუჯეტის კანონით, ან გამოყოფილი საბიუჯეტო რესურსების ოდენობა არასაკმარისი აღმოჩნდა ღონისძიების სრულყოფილად განსახორციელებლად, რაც ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მხედველობაში იქნეს მიღებული გასული და მიმდინარე წლების გამოცდილება, რათა თავიდან იქნეს აცილებული წლის განმავლობაში განხორციელებული მასშტაბური ხასიათის გადანაწილებებისა და აუთვისებელი/დაბალი ათვისების მქონე პროგრამების/ქვეპროგრამების არსებობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG