Accessibility links

logo-print

სახელმწიფო დეპარტამენტი: რელიგიური კონფესიების დაფინანსება არაპროპორციულია


გამოქვეყნდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ. ანგარიშში ერთი თავი საქართველოსაც შეეხება. იქ ნათქვამია, რომ რელიგიურ საფუძველზე დისკრიმინაციის ფაქტები კვლავ აღინიშნება. ამასთან, გამოუძიებელია რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთა ნაწილი. ანგარიშში საუბარია რელიგიის საკითხთა სააგენტოს როლზეც და სახელმწიფოს მიერ რელიგიურ კონფესიათა არაპროპორციულ დაფინანსებაზე.

„საქართველოს კონსტიტუციით, რელიგიის თავისუფლება გარანტირებულია და დაუშვებელია რელიგიური ნიშნით მოქალაქეთა დევნა“, - აღნიშნულია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც გასული წლის განმავლობაში რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით საქართველოში არსებულ მდგომარეობასაც აფასებს. სამოქალაქო სექტორი, ნათქვამია ანგარიშში, ხშირად აკრიტიკებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, რომელიც ხელისუფლების რელიგიურ პოლიტიკას ახორციელებს და სახელმწიფოს საკონსულტაციო ორგანოს წარმოადგენს. ამ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ოთხი რელიგიური კონფესიისთვის - იგულისხმება ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესიები - საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურების საკითხზე გაუმჭვირვალეა. სახელმწიფო დეპარტამენტი, სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრზე დაყრდნობით, წერს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო რელიგიური კონფესიებისთვის ქონების დაბრუნება. შეზღუდვებია რელიგიურ საქმიანობასთან მიმართებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, სადაც ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება.

იმის გამო, რომ საბჭოა პერიოდში დევნა და ზიანი სხვა კონფესიებმაც განიცადეს, - მათ შორის, ლუთერულმა ეკლესიამ, ადვენტესთა ეკლესიამ, ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ და ა. შ. - სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ ოთხი ორგანიზაციის გამორჩევა და სხვების გარიყვა ამ პროცესიდან არის დისკრიმინაციული...

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ იმ 4 კონფესიის დაფინანსებაც დისკრიმინაციულია:

„იმის გამო, რომ საბჭოა პერიოდში დევნა და ზიანი სხვა კონფესიებმაც განიცადეს, - მათ შორის, ლუთერულმა ეკლესიამ, ადვენტესთა ეკლესიამ, ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ და ა. შ., - სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ 4 ორგანიზაციის გამორჩევა და სხვების გარიყვა ამ პროცესიდან არის დისკრიმინაციული და ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში სადავოდაც ვხდით ამ დადგენილების დისკრიმინაციულ ხასიათს“.

ამასთან, თამთა მიქელაძე ამბობს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისედაც პრივილეგირებული დაფინანსების პარალელურად, მუდმივად ფინანსდება სახელმწიფო სარეზერვო ფონდებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობიდან და მიწის ნაკვეთებისა და შენობა- ნაგებობების სახითაც იღებს საკმაოდ დიდ ქონებას.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია ასევე იეჰოვას მოწმეების მიმართ რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის 51 ფაქტზე. ანგარიშის თანახმად, ეს, წინა წლებთან შედარებით, შემცირებული რაოდენობაა, თუმცა საქმე ეხება საკუთრების დაზიანებას, სიტყვიერ შეურაცხყოფას, რელიგიურ მსახურებაში ხელის შეშლას და სხვა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუსლიმები ლაპარაკობენ დისკრიმინაციაზე საზოგადოებაში, ასევე ხელისუფლების უმოქმედობაზე, რაც ხელს უშლის მათ ქობულეთში ააშენონ სკოლა-ინტერნატი. რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები იტყობინებიან, გავრცელებულია აზრი, რომ რელიგიური უმცირესობები საფრთხეს უქმნიან მართლმადიდებლურ ეკლესიასო. არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდს“ დოკუმენტურად აქვს აღნუსხული რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციული გამონათქვამები (სულ - 77) ეროვნულ საინფორმაციო არხებში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია პრივილეგირებულ მდგომარეობაშია და, ამასთან, რელიგიური უმცირესობების მიმართ ჩადენილი დანაშაულები გამოუძიებელია.

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” წარმომადგენელ ეკა ჭითანავას თქმით, ასევე პრობლემაა სახელმწიფომ დაზარალებულად ცნოს რელიგიური უმცირესობები:

ეკა ჭითანავა

ეკა ჭითანავა

„დღემდე არც ერთ მუსლიმს, რომლებიც დაზარალდნენ მოხეს, ქობულეთის, ადიგენის, ჭელას შემთხვევების დროს, როცა მათ მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და დევნას ჰქონდა ადგილი, არ მიუღია დაზარალებულის სტატუსი. ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, პროკურატურას არ გამოუძიებია ასეთი შემთხვევების დროს თვითონ სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულთა საქმეები“.

ეკა ჭითანავას შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკა აქვს უმცირესობების მიმართ. ამასთან, პრობლემას წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულება, რომელიც რელიგიურ კონფესიებს აქვთ და რისგანაც გათავისუფლებულია მართლმადიდებელი ეკლესია. ამ საკითხზე ორგანიზაციას საკონსტიტუციო სარჩელიც აქვს შეტანილი.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2015 წელი, წინა წლებთან შედარებით, გამოირჩეოდა რელიგიური გაერთიანებებისა და მათი წევრების მიმართ ძალადობის, დევნისა და დისკრიმინაციის ფაქტების მკვეთრი კლებით. სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქმეს ბოლომდე მიადევნებს თვალყურს. გაიზარდა ის თანხა, რომელიც გამოყოფილი იყო საბჭოთა პერიოდში რელიგიური თემების დევნის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. სააგენტომ გასცა არაერთი დადებითი რეკომენდაცია საკულტო ნაგებობების მშენებლობის თაობაზეც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG