Accessibility links

სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველო საიმედო პარტნიორია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში


გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველო შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორია, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ტერორიზმის თვალსაზრისით მსოფლიოში 2015 წლის განმავლობაში არსებულ ვითარებას აღწერს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტერორიზმი კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საფრთხედ აღიქმება, ტერორისტულ აქტებს კი ძირითადად ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ახორციელებს.

2015 წელს საქართველო, როგორც გლობალური კოალიციის წევრი ბრძოლაში, განაგრძობდა მაღალი დონის თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან იმ საკითხების გარშემო, რომლებიც კონტრტერორიზმს უკავშირდებოდა, და შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორად რჩებოდა უსაფრთხოების საკითხებში, ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ტერორიზმის შესახებ.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველომ ივნისში გაამკაცრა ტერორიზმთან ბრძოლის კანონმდებლობა და ქვეყნის ხელისუფლებამ დააკავა ტერორიზმში ბრალდებული რამდენიმე პირი, მათ შორის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში შემჩნეულებიც. ამასთან, საქართველომ ნაბიჯები გადადგა საზღვრების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ.

სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ 500-დან 1000-მდე მერყეობს იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც სირიასა და ერაყში იბრძვიან ან ალ-ყაიდის, ან „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებაში და ისინი წარმოადგენენ მუსლიმურ თემს საქართველოს აჭარის რეგიონიდან და პანკისის ხეობიდან.

მას შემდეგ, რაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ ღია ვიდეომუქარა განახორციელა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, ამან მეტი მობილიზაცია გამოიწვია, ერთი მხრივ, საზოგადოებაში და, მეორე მხრივ, თვითონ მუსლიმური თემის აბსოლუტური უმრავლესობა გაემიჯნა ამ ადამიანებს...

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ექსტრემისტებმა გაახშირეს სოციალური მედიის გამოყენება საკუთარი იდეების გასავრცელებლად. მაგალითად, ნოემბერში სირიაში მებრძოლმა ქართველებმა მოუწოდეს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს, განახორციელონ თავდასხმები „ურწმუნოებზე“ საქართველოში. თუმცა ანგარიშში, ამასთანავე, აღნიშნულია, რომ საქართველომ გაამკაცრა ანტიტერორისტული კანონმდებლობა და სერიოზული სამართლებრივი ბაზა შექმნა ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად.

დოკუმენტში, რომელშიც 2014 წელს საქართველოში არსებული ვითარების შეფასებისას ეწერა, საქართველო საერთაშორისო ტერორისტების სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენსო, უკვე 2015 წლის მდგომარეობის ამსახველ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველომ საზღვრების უსაფრთხოება გააუმჯობესა, რაც, ნაწილობრივ, უკავშირდება მიზანს, მიღწეული იქნეს ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი.

თუმცა კვლავ პრობლემად რჩება ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრის კონტროლი, რაც უზღუდავს ქვეყანას შესაძლებლობას, უზრუნველყოს ადმინისტრაციული საზღვრების უსაფრთხოება სეპარატისტულ რეგიონებთან, ნათქვამია ანგარიშში.

პოლიტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში ალექსანდრე კვახაძე შეერთებული შტატების ანგარიშში მოხმობილი ფაქტების კომენტირებისას განმარტავს, რომ, ფაქტობრივად, საქართველოში აღარ არის ის ქსელი, რომელიც ფუნქციონირებდა და რომ ამ ქსელის მთავარი კოორდინატორის, აიუფ ბორჩაშვილის, დაკავებამ ის მთლიანად მოშალა:

„მას შემდეგ, რაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ ღია ვიდეომუქარა განახორციელა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, ამან მეტი მობილიზაცია გამოიწვია, ერთი მხრივ, საზოგადოებაში და, მეორე მხრივ, თვითონ მუსლიმური თემის აბსოლუტური უმრავლესობა გაემიჯნა ამ ადამიანებს და მათი მხრიდან გამოჩნდა მზაობა სახელმწიფოსთან თანამშრომლობის ამ იდეოლოგიის წინააღმდეგ. ამდენად, შემცირდა საქართველოდან ტერორისტულ ორგანიზაციებში ადამიანების გადინება. მეორე მხრივ, თვითონ „ისლამური სახელმწიფოს“, როგორც პროექტის, დაღმასვლამაც იმოქმედა, როდესაც სირიასა და ერაყში ქურთების ძალების კოალიციის შეტევის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ის ტერიტორიები, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ მიმდინარე წლის მარტში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვის კომიტეტების წინაშე წლიური ანგარიშის წარდგენისას, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სწორედ ტერორისტულ საფრთხეებზე ხელისუფლების რეაგირების შესაძლებლობათა გაუმჯობესებასა და მის მზადყოფნას გაუმკლავდეს ამ საფრთხეებს. ლევან იზორიას თქმით, მნიშვნელოვანი იყო „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები:

„დაიწყო გამოძიება ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ე. წ. წარმომადგენელ აიუფ ბორჩაშვილისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ. დასრულდა მათი სასამართლო პროცესი და მათ სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ტერორისტების გამოვლენისა და დაკავების მიზნით გატარდა ოპერატიული ღონისძიებები აჭარასა და გურიაში. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ნივთმტკიცებები და დაკავებული იქნა ოთხი პირი, რომლებმაც ფიცი მისცეს ე. წ. ‘ისლამურ სახელმწიფოს’“.

გიორგი გობრონიძე

გიორგი გობრონიძე

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე დადებით შედეგს, რომელიც საქართველოში ტერორიზმთან ბრძოლას უკავშირდება, 2 მიზეზით ხსნის: თავად ადგილობრივ ახალგაზრდებში აღარ არის ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსადმი“ რომანტიკული დამოკიდებულება და, რა თქმა უნდა, ექსტრემიზმის აღსაკვეთად თავად სახელმწიფოს მხრიდანაც გადაიდგა ეფექტური ნაბიჯები. თუმცა საფრთხე მოკლევადიან პერსპექტივაშია ნეიტრალიზებული, მიიჩნევს გიორგი გობრონიძე:

„როცა ვსაუბრობთ რადიკალიზმის ანდა ექსტრემიზმის გამომწვევ მიზეზებზე, მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე საფრთხე მოხსნილია. კონკრეტული ფაქტორები, რაც განაპირობებს სხვადასხვა რელიგიური ფაქტორების რადიკალიზმს, მთლიანობაში, ისევ სახეზე რჩება, ეს არის სოციოკულტურული ფაქტორი, ეკონომიკური ფაქტორები და დიდი დრო სჭირდება ასეთი ფაქტორების მოხსნას და ეს თუ არ მიიღებს გრძელვადიანი და მდგრადი პოლიტიკის ხასიათს, საბოლოო ჯამში, დადებითი შედეგების მომტანი არ იქნება“.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის აზრით, რომელიც მან საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ კომენტარში გამოხატა, ტერორიზმის ბუდე არის საქართველოსთან ახლო რეგიონში, სირიასა და ერაყში, და ამ ფონზე ქვეყანა ავლენს თავის ძალიან სერიოზულ შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს არა მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებას, არამედ არის ძალიან ძლიერი საერთაშორისო პარტნიორი ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით. ამ შეფასებას ჩვენ გადავყავართ ურთიერთობის ახალ ფაზაზე.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, 2015 წლის განმავლობაში 11 774 ტერაქტი განხორციელდა. შეტევათა უმრავლესობა ერაყში, ავღანეთში, პაკისტანში, ინდოეთსა და ნიგერიაში ხორციელდებოდა. ტერორისტული აქტების შედეგად დაიღუპა 28 328 ადამიანი, დაშავდა 35 000 და 12 000 ადამიანი ტერორისტების ტყვეობაში ჩავარდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG