Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო საწარმოები საქართველოში


სახელმწიფო საწარმოების უმეტესობა რომ ქვეყნისთვის კვლავ ტვირთია და არა შემოსავლის წყარო, ამას რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიც მოწმობს. დღეს ამ ანგარიშის რამდენიმე მიგნებაზე შევჩერდებით:

მთავარ პრობლემად ის რჩება, რომ 2013 წელს სახელმწიფოს მართვაში არსებული 373 საწარმოდან მხოლოდ 13 % იყო მომგებიანი. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, სახელმწიფოს 51 %-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი 70 საწარმოს მოგება 2011 წელს 152,8 მლნ. ლარს შეადგენდა, 2012 წელს - 12,6 მლნ. ლარს, ხოლო 2013 წელს - 30,9 მლნ. ლარს. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, 2011 წლის მოგებაში უდიდესი წილი, კერძოდ, 146,7 მილიონი ლარი, ერთ საწარმოზე, შპს სახელმწიფო მომსახურების ბიუროზე, მოდის, რომელმაც აღნიშნული მოგება ქონების გაყიდვიდან მიიღო. მომდევნო წლებში ასეთი პრივატიზება არ განუხორციელებია, ხოლო 2013 წელი 12 მილიონ ლარზე მეტი ზარალით დაასრულა. საინტერესოა, რომ გამოქვეყნების მომენტამდე, ანუ 10 ივლისამდე, სააგენტოს არ გააჩნდა 2014 წლის ეკონომიკური მონაცემები. ყოველ შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მისი მიწოდება ვერ შეძლო.

ამას გარდა, ახალგაზრდა იურისტები ყურადღებას აჩერებენ შემდეგ საკითხებზე:

არ არსებობს რაიმე სპეციალური წესი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების გამჭვირვალობის თუნდაც მინიმალურ სტანდარტს დაადგენდა.

2014 წლის განმავლობაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სულ 52 საწარმოს დირექტორს/ხელმძღვანელს აქვს წარდგენილი ქონებრივი დეკლარაცია, რომლის მიხედვით, მათი შემოსავლები აღნიშნულ პოზიციაზე, ჯამში, 1,455,305 ლარს შეადგენს.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მართვაში არსებულ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოთა აქტივები, ჯამში, 922,265,390 ლარს და 244,5 ათას აშშ დოლარს შეადგენს. მათ შორის ყველაზე დიდი საწესდებო კაპიტალი შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს" აქვს, 226,3 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა, მიუხედავად კაპიტალის მოცულობისა, კომპანიას დღემდე ვებგვერდიც კი არ მოეპოვება.

საქართველოს მთავრობამ 2013-2014 წლების განმავლობაში 20 დადგენილება მიიღო სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური წესის შესახებ. ამ საწარმოთა შორისაა, მაგალითად: სს „საქართველოს ელექტროსისტემა", სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი", შპს „თბილავიამშენი", შპს „საქართველოს ფოსტა", შპს „ენგურჰესი", შპს „საქართველოს ლატარიის კომპანია" და სხვა.

სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ იმ საწარმოთაგან, რომლებსაც უშუალოდ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მართავს, 14 აქვს ეთიკის მარეგულირებელი წესები და აწამოებს, ასევე, თვითშეფასების კვლევას, 11 საწარმოში კი მხოლოდ ეთიკის მარეგულირებელი წესებია.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მართვაში არსებულ არც ერთ საწარმოში ამ დრომდე მმართველი რგოლი კონკურსის წესით არ დანიშნულა.

სააგენტო არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას საწარმოებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის შესახებ, რაც საწარმოების მხრიდან ანგარიშვალდებულების სისტემის სისუსტეზე მიუთითებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 2012-2013 წლებში სახელმწიფომ ადგილობრივ თვითმმართველობებს 271 საწარმო გადასცა, ხოლო 27 საწარმო მართვის უფლებით არის გადაცემული სხვადასხვა პირისთვის, მათ შორის, სამინისტროებისა და კერძო კომპანიებისთვის.

სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა უმეტესობას არ გააჩნია ვებგვერდი, არ არსებობს პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია განხორციელებული ღონისძიებების, სამომავლო გეგმების, წლიური ანგარიშებისა და სხვა მსგავსი ხასიათის საკითხების შესახებ.

ყველაფერი ეს, ცხადია, სახელმწიფო საწარმოების გაუმჭვირვალობასა და მართვაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭირო იქნება, ერთი მხრივ, გასხვისების პროცესის დაწყება, მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა სახელმწიფო საწარმოთა მართვის არსებულ პრაქტიკაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG