Accessibility links

logo-print

ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურული პროექტების შედარებით სიმცირე და შეფერხებები, ერთი მხრივ, ბიუჯეტის პრიორიტეტების სოციალური მიმართულებით ცვლილებით იყო განპირობებულ, მეორე მხრივ კი, ტენდერების წარმოების პროცესში არსებული პრობლემებით.

ამ გამოცდილების გაანალიზება ძალიან მნიშვნელოვანია 2015 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების უკეთ განხორციელებისთვის. ამ თვალსაზრისით საინტერესოა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევა. ორგანიზაციამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2013-2014 წლებში სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის განხორციელებული შესყიდვები შეისწავლა. კვლევა დაეფუძნა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით განხორციელებული ტენდერების მონიტორინგს.

ბიუჯეტი ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროსი, რომელიც, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს შემდეგ, ყველაზე მაღალბიუჯეტიანი მხარჯავი უწყებაა, 2014 წელს 890 მლნ ლარით განისაზღვრა. შედარებისთვის: 2013 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი კიდევ უფრო მაღალი იყო და 928 მლნ ლარს შეადგენდა. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვებს ძირითადად სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ჯამურად, ამ უწყებამ 2013-2014 წლებში დაახლოებით 346.5 მლნ ლარი გახარჯა.

კვლევის თანახმად, შესყიდვების უმრავლესობა კონკრეტული ტენდერების მეშვეობით განხორციელდა, რაც დადებითად არის შეფასებული. თუმცა რიგ შემთხვევებში, კერძოდ, 400-დან 126 შემთხვევაში, გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. აქედან, 100-მდე გაფორმებული კონტრაქტიდან დაახლოებით 40 შესყიდვა 1 მლნ ლარზე მეტი ღირებულების იყო. ეს ფაქტი ყურადსაღებია, რამდენადაც ტენდერები, რომლებშიც მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს, კონკურენციის უქონლობის გამო კორუფციის მაღალი რისკის შემცველია - ასეთ შემთხვევებში სახელმწიფოს არა აქვს შესაძლებლობა ფასის მიზანშეწონილობა შეამოწმოს და თანხების დაზოგვის ალბათობაც ნაკლებია. კვლევაში აღნიშნულია ასევე ისეთი ტენდერები, რომლებში გამარჯვებული კომპანიების მფლობელებიც მაღალი თანამდებობის პირები არიან.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც ანგარიში შეეხო, კონტრაქტების ვადის გადაწევა და ხელშეკრულებების შეწყვეტაა. სამშენებლო სამუშაოებისთვის 2013-2014 წლებში გაფორმებული 300 კონტრაქტიდან 200-ზე მეტ კონტრაქტში ცვლილებები შევიდა მათი მიმდინარეობისას, უმეტესად - კონტრაქტის ვადის გადაწევის შესახებ. აღნიშნული ფაქტები კითხვებს ბადებს იმის თაობაზე, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებენ მომწოდებლები დაკისრებულ ვალდებულებებს და რამდენად ადეკვატურად რეაგირებს ასეთ შემთხვევებზე შემსყიდველი ორგანიზაცია – სახელმწიფო.

კვლევაში გამოკვეთილი ფაქტორები, ერთი მხრივ, სახიფათოა მათში კორუფციული საფრთხეების ნიშანთა არსებობის გამო, მეორე მხრივ კი, აფერხებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რაც ბოლო ორი წლის მანძლზე ძალზე თვალშისაცემია და რაც ხელისუფლების მხრიდან საგანგებო რეაგირებას საჭიროებს.

XS
SM
MD
LG