Accessibility links

logo-print

ზუგდიდის გამგეობამ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ახალი პროგრამა შეიმუშავა. პროგრამის ფარგლებში გამგეობა უარს ამბობს მძიმე პირობებში მყოფი მოსახლეობისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემაზე, თუმცა უშენებს მცირე ზომის სახლს.

ზუგდიდის სოფელ დარჩელის მკვიდრი გოჩა არნანია ერთ-ერთია იმ ბენეფიციარებს შორის, რომელსაც საკუთარ ეზოში სახლი აუშენეს. მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მცხოვრები არნანიების ოჯახი ახალ სამოთახიან სახლში ზაფხულისთვის შესახლდება. მანამდე უნდათ ახალი ავეჯი შეიძინონ.

„გვაწვიმდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავით. იმის საშუალება არ გვქონდა, რომ გაგვეკეთებინა. ერთხელ ...ორჯერ მოვიდნენ, შეამოწმეს. მერე მოვხვდით ამ პროექტში. სამი ოთახია და მეოთხე - აბანო. თავისი ოთახი ექნებათ ბავშვებს. ეს ჩვენ თვითონ უნდა მოვაწყოთ“, - ამბობს ახალი სახლის დიასახლისი ხათუნა ნაჭყებია.

არნანიების ოჯახი სოციალურად დაუცველია. მათი შემოსავალი სოციალური შემწეობიდან და 120 ძირი თხილისგან მიღებული თანხაა. შინაური პირუტყვი არ ჰყავთ. ოჯახის უფროსი და დიასახლისი უმუშევრები არიან. მათ ორი შვილი ჰყავთ.

არნანიების მსგავსად, სახლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სულ 16 ადმინისტრაციულ ერთეულში აუშენდათ მძიმე პირობებში მცხოვრებთ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებულ პროექტში ადგილობრივი ბიუჯეტიდან შარშან 380 000 ლარი დაიხარჯა. როგორც გამგებლის მოადგილე გურგენ სართანია აცხადებს, სახლების მშენებლობა სოციალურად დაუცველებისთვის მიმდინარე წელსაც იგეგმება. მისივე ინფორმაციით, გაიზრდება ბენეფიციართა რაოდენობაც და დაიხვეწება სახლის პროექტი:

„ეს არის ძალიან ეფექტური და ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, რაც არსებობს სოციალური პროგრამები, მათ შორის. მე ქვეყნის მასშტაბით მოვუწოდებ გამგეობას და მერიას, რომ გააკეთონ ეს პროგრამა და მოსახლეობას ეშველება. ერთი 10 წლის შემდეგ უსახლკარო, ალბათ, არ იარსებებს“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი არჩილ თოდუა აცხადებს, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ბევრად სასარგებლოა არა მარტო ბენეფიციარისთვის, არამედ მუნიციპალიტეტის გამგეობისთვისაც, რადგან ასეთი მიდგომით უსახლკაროთა რაოდენობა ნელ-ნელა შემცირდება. მისივე განცხადებით, კარგია ის, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა ორგანიზაციის ეს რეკომენდაცია და სოციალური პროგრამებისადმი მიდგომა შეცვალა:

„გამგეობას ჩვენ თავის დროზე შევთავაზეთ ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმები. მოვუმზადეთ დოკუმენტი, სადაც დეტალურად არის გაწერილი ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმი. ვფიქრობ, რომ კრიტერიუმები იმდაგვარად არის გაწერილი, რომ ის ყველაზე მძიმე პირობებში მყოფ ადამიანს ანიჭებს უპირატესობას, სხვებთან შედარებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას არჩილ თოდუამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აცხადებენ, რომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პარალელურად, მსგავსი რეკომენდაციებით მიმართეს ქალაქის მერიასაც და სხვა მუნიციპალიტეტებსაც, თუმცა ამ ეტაპზე მათ ეს წინადადება არ გაუთვალისწინებიათ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG