Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სარჩელი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს წინააღმდეგ


საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო

საპარლამენტო ოპოზიცია „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი 30-ზე მეტი დეპუტატის ხელმოწერილი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა. პარლამენტმა გასულ კვირაში მხარი დაუჭირაეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გატანას და ცალკე სააგენტოს შექმნას, რაც, საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა.

კონსტიტუციის 95-ე მუხლის თანახმად, ფინანსური ინსტიტუტების სტაბილური ფუნქციონირება და ამ საკითხზე ზედამხედველობა ეროვნული ბანკის ვალდებულებაა და ეს არის მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება, განმარტავენ „თავისუფალი დემოკრატების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატები. შესაბამისად, ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ. დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს წარმოებაში მიიღებს:

„’ოცნების’ და მეჭიაურების მმართველობა და ზედამხედველობა ამ სფეროში საფრთხეს უქმნის მთლიანად ეკონომიკას, ამიტომაც სასწრაფოდაა ჩასატარებელი გამწესრიგებელი სხდომა, რომ ამ ახალი საზედამხედველო სააგენტოს ბედი გაირკვეს და შეწყდეს მისი ფუნქციონირება და ეს ფუნქციები ეროვნული ბანკის შიგნით შენარჩუნდეს“.

საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის ხელმომწერი „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი შალვა შავგულიძე განმარტავს, რომ სასარჩელო განცხადება მოიცავს მოთხოვნას, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობა შეჩერდეს:

„სარჩელთან ერთად ჩვენ შუამდგომლობა წარვადგინეთ, რათა ამ ნორმების ამოქმედების შეჩერება მოხდეს. ეს არ გამოიწვევს ამ სფეროს რეგულირებაში კოლაფსს, ვინაიდან კანონპროექტთა პაკეტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებაში დებულებას, რომ ვიდრე ამოქმედდება ეს ახლად შექმნილი სააგენტო, მანამდე ზედამხედველობას განახორციელებს ეროვნული ბანკი ისე, როგორც დღემდე და მეტად წარმატებულად ახორციელებდა“.

ეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი

საფინანსო ზედამხედველობის დეპარტამენტის ეროვნული ბანკისგან გამოყოფის ინიციატივა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თამაზ მეჭიაურს ეკუთვნოდა, მოტივაცია კი ეროვნული ვალუტის - ლარის - კურსის რყევებით სარგებლობის შესაძლებლობის გამორიცხვა იყო, რასაც, მისი შეხედულებით, ეროვნული ბანკი წარმატებით ვერ ართმევდა თავს.

საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ცალკე გამოყოფის წინააღმდეგი იყო პრეზიდენტი, მან კანონს ვეტოც დაადო, მაგრამ მოგვიანებით, ანუ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვეტო დაძლია, მან ხელი მოაწერა კანონს, თუმცა ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის თქმით, კანონის ანტიკონსტიტუციურობასთან დაკავშირებული კითხვები ხელმოწერის შემდეგაც არ მოხსნილა:

„პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც მე წარვადგინე პარლამენტში, შეიცავდა პუნქტს, რომლის თანახმადაც, ჩვენ ვსაუბრობდით, რომ შეიქმნებოდა სერიოზული პრობლემა იმ შემთხვევაში, თუ საფინანსო ზედამხედველობის სამსახური გამოეყოფოდა ეროვნულ ბანკს, რამდენადაც ვერ შეძლებდა ეროვნული ბანკი მისი კონსტიტუციური ფუნქციების შესრულებას. ბუნებრივია, ეს კითხვის ნიშანი არ მოხსნილა და ეს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებშიცაა ასახული“.

ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. ბევრი სიურპრიზი მიგვიღია და შეიძლება ახლაც მივიღოთ, არ არის პრობლემა...
ზურაბ ტყემალაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ცვლილებები კონსტიტუციასთან წანააღმდეგობაში არ მოდის და ეს პრეზიდენტის ხელმოწერითაც დადასტურდა:

„ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. ბევრი სიურპრიზი მიგვიღია და შეიძლება ახლაც მივიღოთ, არ არის პრობლემა“.

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი დეპუტატის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანისას ორი მოტივაცია ჰქონდა. ერთი იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმართული, მეორე კი ეროვნული ბანკის წინააღმდეგ, რომელთაც მიიჩნევდნენ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში მთავარ დამნაშავედ.

„ეს იქეთკენაა მიმართული, რომ შეასუსტონ ის ინსტიტუტები, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაშია და მას ექვემდებარება, მაშინ როცა პრეზიდენტი მნიშვნელოვანი ინსტიტუტების განვითარებას და მდგრადობას უწყობს ხელს და, მეორე, ეს არის ეროვნული ბანკის მიმართ უნდობლობა, რაც დანერგა ხელისუფლებამ, რომ თითქოს ეროვნული ვალუტის კრიზისი დაკავშირებულია ეროვნული ბანკის დაუმორჩილებლობასთან“.

რაც შეეხება თავად გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხს, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ საფინანსო ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკს ჩამოერთვა და გადაეცა მასზე ნომინალურად დაქვემდებარებულ სააგენტოს, ანუ ეს ფუნქცია ეროვნული ბანკის იურისდიქციიდან გავიდა, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.

„ფინანსური სექტორის ხელშეწყობა და ზედამხედველობა, კონსტიტუციის მიხედვით, არ უნდა აკონტრლოს პარლამენტმა და მმართველმა უმრავლესობამ იმაზე მეტად, ვიდრე ამას კონსტიტუცია უშვებს. ეს კონტროლი ასე ხორციელდება პარლამენტის მიერ. დანიშნული წევრების გათავისუფლება მხოლოდ იმპიჩმენტით არის შესაძლებელი, ანუ მმართველი უმრავლესობა ამ საკითხში არ უნდა ჩაერიოს. ლაიტმოტივი სწორედ ეს იყო, რომ დარღვეულიყო კონსტიტუციური ბალანსი, რომელსაც უზენაესი კანონი გვთავაზობს, და ის მორგებოდა მმართველ გუნდს, საპარლამენტო უმრავლესობას, რომელიც მთავრობასთან ერთად აბსოლუტურად გააკონტროლებდა პროცესს, რაც თავისთავად, კონსტიტუციური თვალსაზრისით, არის პრობლემა“,- განმარტავს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე, რომლის თქმითაც, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს ანტიკონსტიტუციურად ცნობს, მაშინ ახალშექმნილი სააგენტოს გაუქმების საკითხი დაისმება და ფინანსური ზედამხედველობის ფუნქცია კვლავ ეროვნულ ბანკს დარჩება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG