Accessibility links

logo-print

საკონსტიტუციო სასამართლო ცვლილებების მოლოდინში


საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა ბათუმში

საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა ბათუმში

2016 წლის 30 სექტემბერს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრიდან ოთხ წევრს, რომელთა შემცვლელები უნდა დანიშნოს პარლამენტმა, პრეზიდენტმა და უზენაესმა სასამართლომ. მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე უნდა აირჩიონ სხვა მოსამართლის ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე, თუმცა სულ მალე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს უმრავლესობის წევრთა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიღების შემთხვევაში, მოსამართლის არჩევისთვის საჭირო ერთთვიანი ვადა შეიცვლება სამთვიანი ვადით. ხომ არ ემუქრება საფრთხე საკონსტიტუციო სასამართლოს გამართულ მუშაობას?

2016 წლის 30 სექტემბერს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურებათ გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას. მათი შემცვლელებიდან ორი უნდა დანიშნოს პრეზიდენტმა, ერთი უზენაესმა სასამართლომ და ერთი აირჩიოს საქართველოს პარლამენტმა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციას და საქართველოს პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს, ვადები კი, როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი განმარტავს, შეზღუდულია:

„ახალი მოსამართლის არჩევა უნდა მოხდეს მოქმედისთვის უფლებამოსილების გასვლამდე არაუადრეს 30 დღის და არაუგვიანეს 10 დღისა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა მოხდეს 1 სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე ახალი მოსამართლის არჩევა, მაგრამ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომები, როგორც წესი, არ ტარდება. თუ პლენარული სხდომები არ ჩატარდება, ბუნებრივია, ვერც მოსამართლის არჩევა მოხერხდება“.

მოცდა უმჯობესია, რათა უზრუნველვყოთ შემდეგი ათი წლით ამ მნიშვნელოვან პოსტზე დაკავებული ადამიანის სწორი შერჩევა ისე, რომ საზოგადოებისთვისაც და ქვეყნისთვისაც ეს იყოს კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილება...

გიორგი კახიანის თქმით, პარლამენტის პლენარული სხდომები წყდებაარჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ანუ 8 სექტემბერს, თუმცა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის ავტორები დეპუტატები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე არიან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 6 სექტემბერს უნდა განიხილოს. მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შესარჩევად უფლებამოსილ სუბიექტს, საქართველოს პარლამენტს, აქვს ერთთვიანი ვადა. დეპუტატების ინიციატივა კი ითვალისწინებს ამ ვადის სამ თვემდე გაზრდას. როგორც დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განმარტა, პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს ირჩევს უმრავლესობით, ანუ 76 ხმით, რის გამოც კონსენსუსის მისაღწევად ხანგრძლვიი მუშაობაა საჭირო. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკიც ამბობს, რომ პარლამენტი არ უნდა აჩქარდეს, როცა ლაპარაკია მოსამართლეების ათი წლით არჩევაზე:

„მოცდა უმჯობესია, რათა უზრუნველვყოთ შემდეგი ათი წლით ამ მნიშვნელოვან პოსტზე დაკავებული ადამიანის სწორი შერჩევა ისე, რომ საზოგადოებისთვისაც და ქვეყნისთვისაც ეს იყოს კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილება“.

საპარლამენტო უმრავლეობის ამ არგუმენტებისა არ სჯერათ ოპონენტებს. დეპუტატ თამარ კორძაიას ვარაუდით, ხელისუფლება არ არის დაინტერესებული მოსამართლეების დროული დანიშვნით:

„თუ პროცესები გაიწელება და მოსამართლის არჩევა გადაიდება, ეს შედის „ქართული ცონების“ ინტერესებში, ანუ ამ მოსამართლეებს დარჩათ ერთი თვე და ამ ერთი თვის განმავლობაში, თუ რომელიმე პროცესის დასრულება ვერ მოხდება, ესეც იქნება მათ ინტერესებში. გასაგებია, რომელ საქმეებზეც ვლაპარაკობ. ესენია ე.წ. „კაბელების საქმე“, „’რუსთავი ორის’ საქმე“.

თუ მოსამართლე იხილავს საქმეს, ჩატარდა არსებითი პროცესი და ამ განხილვისას შეუწყდა ვადა, ამ მოსამართლეს უგრძელდება ვადა, რათა ჩაამთავროს და ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე...

იურისტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევის გაჭიანურება ვერ შეაფერხებს სასამართლოს მუშაობას. ასე ფიქრობს გიორგი მუმლაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი.

„თუ მოსამართლე იხილავს საქმეს, ჩატარდა არსებითი პროცესი და ამ განხილვისას შეუწყდა ვადა, ამ მოსამართლეს უგრძელდება ვადა, რათა ჩაამთავროს და ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე. რა თქმა უნდა, ცუდია როდესაც იწელება სასამართლოს წევრთა დანიშვნის პროცესი, მაგრამ ამ შემთხვევაში პარლამენტს მხოლოდ ერთი მოსამართლის დანიშვნის უფლება აქვს და თუ ყველა სხვა კეთილსინდისიერად შეასრულებს თავის უფლება-მოვალეობას (თუ პრეზიდენტი დროულად დანიშნავს ორ წევრს, ხოლო უზენაესი სასამართლო - ერთ წევრს), მაშინ სასამართლოს ეყოლება რვა წევრი, რის გამოც პრობლემა ნაკლები იქნება, თუ, ცხადია, ისინი კეთილდსინდისიერად შეასრულებენ თავიანთ უფლებამოსილებას და ისე არ მოხდება, როგორც 1 სექტებმერს, როცა სასამართლო პროცესი ჩაშალეს გამოუცხადებლობის გამო. რვა მოსამათლით მოუშაობის გამოცდილებაც აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს. ვიდრე მერაბ ტურავას დანიშანვდნენ, 1,5 წელიწადი სასამართლო რვა წევრით ახორციელებდა უფლებამოსილებას“, უთხრა გიორგი მუმლაძემ რადიო თავისუფლებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო შედგება ცხრა მოსამართლისაგან – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისაგან, რომელთაგან აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი. საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, ხოლო სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG