Accessibility links

logo-print

ჯაშუშობასთან დაკავშირებული მუხლის არაკონსტიტუციური ნაწილი


საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოქალაქეების ალექსანდრე ბარამიძის, ლაშა ტუღუშის, ვახტანგ ხმალაძისა და ვახტანგ მაისაიას სარჩელი. აღნიშნული სარჩელი სასამართლოში 2011 წლის 5 აგვისტოს ძირითადად ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ”ფოტორეპორტიორების საქმის” პასუხად შევიდა, კანონის შესწორებით კი სისხლის სამართლის საქმეების გადასინჯვის საშუალება დაახლოებით 20 ადამიანს მიეცემა.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ერთ-ერთი ავტორი, პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე ვახტანგ მაისაია, იმ 20 ადამიანს შორისაა, რომლებიც სწორედ სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით - ჯაშუშობის ბრალდებით - გასამართლდნენ და რომელთა საქმეებშიც ამ მუხლის ნაწილობრივ არაკონსტიტუციურად ცნობა, ბრალის გადასახედად, ახალი გარემოებაა.

” საუბარია ბაკურ კიღურაძის, ფოტოგრაფების საქმეზე, ენვერის საქმეზე, ბატონ სიმონ კილაძის საქმესა და თქვენი მონა-მორჩილის, ჩემს საქმეზე. ბუნებრივია, რომ ეს უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს საქმეები თავიდანვე გამოცხადდეს შეთითხნილად და შეიძლება დადგეს საკითხი სრულ რეაბილიტაციაზეც კი. ჩემს საქმეში, მაგალითად, პირდაპირ წერია, რომ თურმე გადავცემდი ინფორმაციას ფირმა „ნოვარდისს“. ფირმა „ნოვარდისის“ უკან თურმე, გონივრული ეჭვის საფუძველზე, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მაშინდელი თანამშრომლების მტკიცებით, იმალებოდნენ სლოვაკეთის რესპუბლიკის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები, ანუ ნატოს სპეცსამსახურების თანამშრომლები”.

ვახტანგ მაისაია, ერთი მხრივ, პოლიტიკურ აბსურდად მიიჩნევს იმას, რომ იგი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის წევრი ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს, მეორე მხრივ კი, განმარტავს, რომ სამართლებრივად მის საქმეში ფიგურირებს შვეიცარიული კომპანია ”ნოვარდისი”. შესაბამისად, გავრცელდა მაისაიას საქმეზე 314-ე მუხლის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს მოქალაქის მიერ უცხოური ორგანიზაციისთვის ინფორმაციის გადაცემას ჯაშუშობის კვალიფიკაციას აძლევდა.

დაზვერვასთან დაკავშირებით კონსტიტუციურად ცნო და სარჩელი არ დააკმაყოფილა, თქვა, რომ დაზვერვასთან ურთიერთობა თავისთავად საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის და, აქედან გამომდინარე, პირი რომ გადასცემს ნებისმიერი სახის ინფორმაციას, ის უკვე თანამშრომლობს დაზვერვასთან...
უფრო კონკრეტულად კი, აღნიშნული მუხლის მიხედვით,
ჯაშუშობად განსაზღვრული იყო ” უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან მათი წარმომადგენლისთვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა, ანდა გამოძალვა, ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით; აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა”.

სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის მოსარჩელეთათვის, ერთი მხრივ, პრობლემატურად მიიჩნეოდა სადავო ნორმაში მოხსენიებული ტერმინი ”სხვა ინფორმაცია”, მეორე მხრივ კი, ტერმინი „უცხოეთის ორგანიზაცია”. ზოგადად კი, ისინი მიიჩნევდნენ, რომ ნებისმიერი უცხოური ორგანიზაციისთვის ნებისმიერი ინფორმაციის გადაცემა არ შეიძლება ყოფილიყო ქვეყნის ინტერესების საზიანო. სასამართლომ მომჩივანთა არგუმენტები გაიზიარა, არაკონსტიტუციურად კი აღნიშნული მუხლის კერძოდ რომელი ნაწილი მიიჩნია, საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსი მრჩეველი გიორგი ჩიტიძე განგვიმარტავს:

”დაზვერვასთან დაკავშირებით კონსტიტუციურად ცნო და სარჩელი არ დააკმაყოფილა, თქვა, რომ დაზვერვასთან ურთიერთობა თავისთავად საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის და, აქედან გამომდინარე, პირი რომ გადასცემს ნებისმიერი სახის ინფორმაციას, ის უკვე თანამშრომლობს დაზვერვასთან და აცნობიერებს, რომ ეს არის ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი. რაც შეეხება მეორე ასპექტს, უცხოეთის ორგანიზაციას, სწორედ ეს სიტყვები გავაუქმეთ და გავაუქმეთ იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლომ მიიჩნია, რომ უცხოეთის ორგანიზაცია შეიძლება იყოს მრავალი სახის და აქ მოიაზრებოდა ნებისმიერი ორგანიზაცია, მარტო ის არა, რომელიც დაზვერვასთან ასოცირდება, არამედ ნებისმიერი - მაგალითად, საერთაშორისო ასოციაცია”.

გიორგი ჩიტიძე აზუსტებს, რომ მოქმედი ნორმა ზღუდავდა კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების უფლებას და, შესაბამისად, მუხლიდან ამოღებულ იქნა ჩანაწერი ”უცხოეთის ორგანიზაცია”. რაც შეეხება სარჩელის იმ ნაწილს, რომელიც ”საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით, სხვა ინფორმაციის შეგროვებას და გადაცემას ითვალისწინებდა, იგი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ დაზვერვის მოქმედება, როგორც წესი, საფრთხეა ქვეყნის უშიშროებისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელების ნაწილობრივ დაკმაყოფილებას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად მიიჩნევს საქმის მოსარჩელე, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში:

”ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იყო დაკავებული, ვთქვათ, სამეცნიერო მუშაობით, მედიით ან სხვა სახის აქტივობით, რომელიც კავშირშია საერთაშორისო თანამეგობრობასთან, უცხოელებთან, კვლევით ორგანიზაციებთან, იყო რისკის ქვეშ, იმიტომ რომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ეთქვათ მისთვის, რომ ის იყო ჯაშუში. და ის ნორმა, რომელიც იყო აქამდე, იძლეოდა ამის საშუალებას. ეს იყო საბჭოთა გადმონაშთი, ტიპიური საბჭოთა ნორმა და ძალიან კარგია, რომ დღეს არის საშუალება ეს ნორმა შეიცვალოს”.

ახალი ნორმა კი პრაქტიკულად უკვე ამოქმედებულად ითვლება. გადაწყვეტილება საკანონმდებლო მაცნეში 23 მაისს გამოქვეყნდა.
XS
SM
MD
LG