Accessibility links

logo-print

საკონსტიტუციო სასამართლო, პრეზიდენტი და ვენეციის კომისია


საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლო

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, 20 მაისს ვენეციის კომისიას გაუგზავნა. იგივე პროექტი კომისიამ პარლამენტის სახელითაც მიიღო. სამართლის ევროპული კომისიის შეფასებებს განსაკუთრებული ინტერესით ელის პრეზიდენტი, რომელსაც, პროცედურის თანახმად, ათდღიანი ვადა აქვს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე ხელმოწერისათვის.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, 13-14 მაისს მიიღო, პრეზიდენტს ხელმოწერისათვის 19 მაისს გაეგზავნა. უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი იმედოვნებს, რომ ქართული კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ვენეციის კომისიაც ჩაეტევა, რათა თავისი დასკვნით პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს:

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოაგზავნის ვენეციის კომისია თავის დასკვნას აღნიშულ კანონთან დაკავშირებით და ასევე საქართველოს პრეზიდენტი მანამ, სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონთან დაკავშირებით, მოაწეროს მას ხელი თუ დაუბრუნოს მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პარლამენტს, აუცილებლად, როგორც ითქვა, კიდევ ერთხელ გაივლის კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორთან“.

ხელმოწერისა და მოტივირებული შენიშვნებით უკან დაბრუნების გარდა, კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის რეაგირების კიდევ ერთი ფორმაა ვეტო, რომლის დაძლევის იმედიც საპარლამენტო უმრავლესობას აქვს. ამ ეტაპზე კი ისინი გიორგი მარგველაშვილს ვენეციის კომისიისადმი მიმართვის გამო აკრიტიკებენ და მას ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხაში სდებენ ბრალს. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიასთვის გაუგებარია, რატომ გაუგზავნა ცვლილებების პაკეტი ვენეციის კომისიას პრეზიდენტმა, მაშინ როდესაც ეს საკანონმდებლო ორგანოს ევალება, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად:

“პრეზიდენტის მიერ დოკუმენტის გაგზავნამდე, თუმცა არ ვიცი, რა აუცილებლობით იყო ეს გამოწვეული, გუშინვე უკვე ვენეციის კომისიას ეს დოკუმენტები გაეგზავნა. ეს რამდენიმე დღე დასჭირდა ამ დოკუმენტების თარგმანის მომზადებას და ეს იყო აუცილებელი პროცედურა, რომელსაც დასჭირდა სამი დღე“.

ის პირობა, რა პირობაც ჰქონდა თავის დროზე აღმასრულებელ ხელისუფლებას გაცემული, რომ გადააგზავნიდნენ მეორე მოსმენამდე ვენეციის კომისიაში ამ კანონპროექტს, არ იქნა შესრულებული და ეს სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენს იმიჯს საერთაშორისო ფონზე...

ეკა ბესელიას თანახმად, ვენეციის კომისიას „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის ცვლილებების კანონპროექტი 20 მაისს, კანონის პარლამენტში დამტკიცებიდან რამდენიმე დღისშემდეგ, გაეგზავნა, მაშინ როდესაც, პირობის მიხედვით, ეს მანამდე უნდა მომხდარიყო. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ვენეციის კომისიის შეფასების გარეშე მიღების გამო 19 მაისს სინანული გამოთქვეს საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმაც. ისინი ფიქრობენ, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება ამ ცვლილებებზე და მათი რეკომენდაციების დაუყოვნებელი შესრულება დაეხმარებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფას და ხელს შეუშლიდა თავად სასამართლოს შესაძლო პოლიტიზების მცდელობებს მომავალში, საპარლამენტო არჩევნების წინ. 23 მაისს პარიზში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე მონიტორინგის კომიტეტი იმსჯელებს.

საქართვევლოს პარლამენტის ოპოზიციურ სპექტრში კი ფიქრობენ, რომ ვენეციის კომისიაში ცვლილებების პროექტის პოსტფაქტუმ გაგზავნით საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის იმიჯი დააზარალა. ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს:

“ის პირობა, რა პირობაც ჰქონდა თავის დროზე აღმასრულებელ ხელისუფლებას გაცემული, რომ გადააგზავნიდნენ მეორე მოსმენამდე ვენეციის კომისიაში ამ კანონპროექტს, არ იქნა შესრულებული და ეს სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენს იმიჯს საერთაშორისო ფონზე. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ პრეზიდენტმა გააგზავნა და უმრავლესობამაც გააგზავნა. მე ვთვლი, რომ ამაშიც არის მნიშვნელოვანი გაუგებრობა. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: მას შემდეგ, რაც კანონი იქნა მიღებული გასულ კვირას, რეალურად პარლამენტში არ არსებობდა სრულყოფილი კანონპროექტი და მხოლოდ მაშინ იქნა გამზადებული სრულყოფილი კანონპროექტი, როდესაც პრეზიდენტს გადაუგზავნეს ხელმოსაწერად“.

თვითონ ეს კანონი გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და საკონსტიტუციო სასამართლომ თქვას, რამდენად მართებული და კონსტიტუციურია ის შეზღუდვები, რომლებიც პარლამენტმა დაუწესა სასამართლოს და რამდენად ხელყოფს რეალურად საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურ და დამოუკიდებელ საქმიანობას...

კანონში სიახლე უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის არჩევის პროცედურებს - პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად კვორუმის გაზრდას, კოლეგიის უფლებამოსილებების განხორციელებას და სხვა საკითხებს. მმართველი ძალის თანახმად, კანონში შეტანილი ცვლილებისარსი საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური მოტივებისგან გათავისუფლებაა. ამ აზრს, ოპოზიციის მსგავსად, არ იზიარებს არც სამოქალაქო სექტორი, რომელიც მიიჩნევს, რომ მოცემული საკანონმდებლო ცვლილებები საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას და მიზნად ისახავს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურობის შემცირებასა და მის ფაქტობრივ პარალიზებას, უფლებამოსილებების დასუსტებისა და პროცედურების გართულების გზით.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი სოფო ვერძეული ვარაუდობს, რომ ვენეციის კომისია, დიდი ალბათობით, გაიმეორებს ადგილობრივი ექსპერტებისა და ორგანიზაციების შენიშვნებს. თავის მხრივ, იგი ამატებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი არსებითად აფერხებს და ხელს უშლის ქვეყანაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტურ განხორციელებას და ყველაზე პრაგმატული ნაბიჯი ამ შემთხვევაში ცვლილებების პროექტის საკონსტიტუციო სასამართლოშივე გასაჩივრება იქნებოდა:

“თვითონ ეს კანონი გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და საკონსტიტუციო სასამართლომ თქვას, რამდენად მართებული და კონსტიტუციურია ის შეზღუდვები, რომლებიც პარლამენტმა დაუწესა სასამართლოს და რამდენად ხელყოფს რეალურად საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურ და დამოუკიდებელ საქმიანობას. ამიტომ ახლა ჩვენი მოსაზრება ასეთია, - მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონსულტაციის დროს გაიჟღერა არგუმენტებმა, -რომ მნიშვნელოვანი იქნება დროულად მოხდეს აღნიშნული კანონის გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში, ვინაიდან, როგორც ცნობილია, მეორე მოსაზრება არის ვეტოს გამოყენება პრეზიდენტის მხრიდან“.

კონსულტაციები პრეზიდენტთან გრძელდება და გადაწყვეტილებაც, როგორც ადმინისტრაციაში ითქვა, ამ კონსულტაციების შედეგებისა და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით იქნება მიღებული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG