Accessibility links

logo-print

რატომ ვერ იმუშავა საკონსტიტუციო კომისიამ


პარლამენტის შენობა ქუთაისში

პარლამენტის შენობა ქუთაისში

საკონსტიტუციო კომისიის შექმნიდან სამი წლის თავზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც, იმავდროულად, კომისიის თავმჯდომარეცაა, იმ მიზეზებს ასახელებს, რომელთა გამოც კომისიამ ვერ შეძლო დასახული ამოცანის შესრულება - ვერ მოამზადა კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი. დავით უსუფაშვილის თქმით, კომისიას ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო უმცირესობამ, ხოლო მმართველმა პარტიამ არ გამოიჩინა ჯეროვანი ინტერესი.

საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებით დამტკიცდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულება, რომლის მიხედვითაც, კომისიას განესაზღვრა შემდეგი ამოცანები: კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადება, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კონსტიტუციური გარანტიების შექმნა და ხელისუფლების ჰორიზონტული და ვერტიკალური გამიჯვნის, გაწონასწორებისა და ურთიერთქმედების მოდელის გაუმჯობესება. კომისიის შექმნიდან სამი წლის თავზე კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კომისიის არაეფქტიანობა პარლამენტისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეებს დაუკავშირა:

„ამ კომისიის თავმჯდომარეა უსუფაშვილი, იქვე შედის ხმალაძეც, რომელსაც მეც კარგად ვიცნობ როგორც კარგ იურისტსა და კონსტიტუციის სპეციალისტს. თითი თითზე არ დაუდვიათ. არადა, ბევრი რამ იყო შესაცვლელი კონსტიტუციაში, მათ რიცხვში პრეზიდენტის შესახებ ჩანაწერი, რაზეც კოალიციაში შეთანხმებული ვიყავით, მათ შორის, რესპუბლიკელებთანაც“.

დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი

ბრალდების პასუხად დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ძალიან აქტიურად მუშაობდა, რაც დასტურდება კიდეც დოკუმენტით, რომელშიც წარმოდგენილია კოალიცია “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსთვის სასწრაფოდ განსახილველად შეთავაზებული საკითხები, რომლებმაც, როგორც დავით უსაფაშვილი ამბობს, კოლეგების ოდნავი დაინტერესებაც კი არ გამოიწვია. ამის შემდეგ კომისიის თავმჯდომარე კოალიციის წევრებსა და ლიდერებს უგზავნის მასალებს ელექტრონული ფოსტით:

„რეაქცია - ნული! ამის შემდეგ ვაკეთებ ახალ დოკუმენტს, რომელშიც თავმოყრილია ყველაფერი, უკვე ნორმატიული შინაარსის დოკუმენტები. თან, იმისთვის, რომ ჩემი კოლეგებისთვის მარტივი იყოს, ვუწერ: ეს არის მოქმედი რედაქცია, ეს -შემოთავაზებული ცვლილება და იმისთვის, რომ რამე მივიღო მათგან, ყველაფერს ვუმზადებ, მათგან მხოლოდ საჭიროა ნიშნის დასმა, მაგრამ რეაქცია კვლავ - ნული! და ამაზე მეუბნებიან, რომ თითი თითზე არ დამიდვია და საკონსტიტუციო მუშაობა ჩავაგდე და ასე შემდეგ. სირცხვილია, ბატონო ბიძინა!“

დავით უსუფაშვილის თქმით, კომისიაში შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანიდოკუმენტი, ჯამში, 101 კონკრეტული წინადადებით, რომელთა ნახვა შესაძლებელია პარლამენტის ვებსაიტზე, ამ დოკუმენტის ნახევარზე მეტი კი მომზადებულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის მიერ, თუმცა, როგორც გიორგი ჩიბჩიური, კომისიის მიწვეული სპეციალისტი, ამბობს, რეალურად ეს დოკუმენტიც არ არის მხოლოდ კომისიის მუშაობის პროდუქტი.

„მართალია, არის ეგ პროექტი, მაგრამ ის არ შემუშავებულა ამ კომისიის ფარგლებში. ვახტანგ ხმალაძეს ეგ 2010 წელსაც ჰქონდა. გასაგებია, რომ საბოლოო პროექტში არის 102 წინადადება, მაგრამ კითხვას ბადებს, ამ 102-დან რამდენი შეიმუშავა კომისიამ მუშაობის დროს? მეოთხედი, ალბათ, არასამთავრობო სექტორის მიერ არის წარმოდგენილი, ერთი ამდენი, ალბათ, კომისიის მიერ და უმრავლესობა კი არის ვახტანგ ხმალაძის წარმოდგენილი, რომელიც 2010 წელს არის დაწერილი“, უთხრა გიორგი ჩიბჩიურმა რადიო თავისუფლებას.

როგორც ჩანს, არ არსებობდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ გატარებულიყო კონკრეტული პოლიტიკური რეფორმები. ასევე, ალბათ, იმოქმედა იმანაც, რომ ერთ-ერთ საკითხად იყო ჩასმული საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხი, რომელზეც არსებითად განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ მმართველ პოლიტიკურ ძალას და საპარლამენტო უმცირესობას...

გიორგი ჩიბჩიურის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის შექმნასთან ერთად ასევე იყო მცდელობა, ცვლილებების თაობაზე შეთანხმებულიყვნენ ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს შეთანხმება ვერ შედგა, რამაც კვალი დაამჩნია კომისიის მუშაობას:

„თავიდან ორივე ძალა მზად იყო შეთანხმებისთვის. შემდეგ ეს შეთანხმება ჩაიშალა, რის შემდეგაც კომისიაზე ხელი აიღო როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ასევე მმართველმა პარტიამ. ბოლოს კომისიის სხდომებზე დადიოდნენ ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და კონსტიტუციის სპეციალისტები, რომლებსაც ეს სფერო აინტერესებთ და არ უყურებენ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში“.

კომისიის დებულების მიხედვით, კომისიის სამუშაო ჯგუფის და სარედაქციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ასევე, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მიღების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ხოლო სხვა საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. იურისტ ნინო ლომჯარიას თქმით, კომისიამ ეფექტიანად იმის გამო ვერ იმუშავა, რომ მმართველ პოლიტიკურ გუნდს არ ჰქონდა შესაბამისი პოლიტიკური ნება.

„როგორც ჩანს, არ არსებობდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ გატარებულიყო კონკრეტული პოლიტიკური რეფორმები. ასევე, ალბათ, იმოქმედა იმანაც, რომ ერთ-ერთ საკითხად იყო ჩასმული საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხი, რომელზეც არსებითად განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ მმართველ პოლიტიკურ ძალას და საპარლამენტო უმცირესობას. სწორედ ეს საკითხი იყო პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი ყველა პოლიტიკური ძალისთვის და, ალბათ, ამ საკითხზე შეუთანხმებლობის გამო ჩიხში შევიდა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა, იმიტომ რომ სხვა საკითხებზეც შეუძლებელი გახდა კონსენსუსის მიღწევა“, უთხრა ნინო ლომჯარიამ რადიო თავისუფლებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG