Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლო გახმაურებული საქმეების განხილვას განაგრძობს


საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უგულავა-კაბელების გაერთიანებული საქმის სასამართლო სხდომის გადადების შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირა. შუამდგომლობა სხდომაზე დააყენეს მოსამართლეებმა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ პროცესი მანამდე უნდა შეჩერებულიყო, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე სავარაუდოდ განხორციელებული ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებით გამოძიება არ დასრულდებოდა. მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ 21 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა. მან გამოხატა მზადყოფნა, რომ მის მიერ გახმაურებულ ფაქტებზე ინფორმაცია პროკურატურაში წარდგენამდე პრემიერისა და პრეზიდენტისთვის პირადად გაეცნო, რაზეც მათგან პრაქტიკულად მყისიერი თანხმობა მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა გახმაურებული საქმეების მოსამართლეების მიმართ ზეწოლის ფაქტების შესახებ ზოგადი ინფორმაცია გაავრცელა, კონკრეტული გვარებისა და უწყებების დაუსახელებლად. კონკრეტულ ინფორმაციას მისგან ითხოვს, პირველ რიგში, მთავარი პროკურატურა, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მისთვის სასურველ დროს დაიბარა საგამოძიებო ორგანოში. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადების თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტები უკავშირდება ისეთ ფუნდამენტურ საკითხს, როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პროკურატურამდე, თავის ხელთ არსებულ მასალებს ჯერ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს გააცნობს. მანამდე კი საზოგადოებისთვის მხოლოდ ესაა ცნობილი:

გიორგი პაპუაშვილი
გიორგი პაპუაშვილი

“ბოლო პერიოდისა და ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს ძაან მიზანმიმართული ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე, რაც გამოიხატება მათ ფარულ თვალთვალში, მათი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების კომერციული საქმიანობის მიზანმიმართულ შევიწროებაში, დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებულები იქნებიან სხვადასხვა საბაბით, აგრეთვე პირადი ხასიათის ინფორმაციის, ფალსიფიცირებული, ძირითადად, მაგრამ შეიძლება გასაჯაროვდეს, რომლებიც დაკავშირებულია მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან. ყველა ეს საქმე დაკავშირებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე, რომლებიც განიხილება ახლა სასამართლოში“.

გიორგი პაპუაშვილი ამბობს,რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დაშანტაჟების პროცესი მიმართულია იმისკენ, რომ გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილება მათ ან ხელისუფლების სასარგებლოდ მიიღონ, ან მაქსიმალურად გააჭიანურონ პროცესი.

პროცესის გაჭიანურებისა და სასამართლოს პარალიზების საფრთხე, თავის მხრივ, ამ განცხადების გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე დაინახეს უგულავა-კაბელების გაერთიანებული საქმის ადვოკატებმა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ უგულავა-კაბელების საქმეზე სასამართლო სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა. ამ მოსამართლეების რიცხვში იყო ლალი ფაფიაშვილი:

“იქიდან გამომდინარე, რომ გუშინდელმა განცხადებამ პირდაპირი მინიშნება გააკეთა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, ორივე მიმართულებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ლეგიტიმურად იარსებებს კითხვის ნიშნები. ამიტომ ვითხოვთ, რომ გამოცხადდეს შესვენება“.

ლალი ფაფიაშვილისა და მასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის ეს შუამდგომლობა გიგი უგულავას ადვოკატის, ოთარ კახიძისთვის, სასამართლოზე ხელისუფლების ზეწოლის პირდაპირი გამოხატულება იყო. მან განაცხადა, რომ ამით მოსამართლეებმა სცადეს პრაქტიკულად მთავარი პროკურატურისთვის გადაეცათ იმის განსაზღვრის უფლება, როდის გაიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომები:

ამ ქვეყანაში არის შიდა სამართლებრივი მექანიზმები. ეს არის მხოლოდ განცხადებების დონეზე. თუ ამ განცხადებებში არის ნიშნები და გამოიკვეთა რაიმე სამართალდარღვევა, ამაზე რეაგირებას შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები გააკეთებენ...
გოჩა ლორთქიფანიძე

“ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების სურვილი გახლავთ გახმაურებული საქმეების, კერძოდ, გიგი უგულავას და „რუსთავი 2“-ის საქმეების გაჭიანურება საკონსტიტუციო სასამართლოში. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვიხილეთ ოთხი მოსამართლის განცხადება, რომელიც პირდაპირ ემთხვევა ხელისუფლების ამ დაკვეთას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს იმ ეჭვს, რომ ადგილი აქვს, მართლაც, სასამართლოს შემადგენლობაზე ზეწოლას. პრაქტიკულად ოთხმა მოსამართლემ მოითხოვა, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეცეს უფლება, თუ როდის გაიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომები. ეს არის ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტი“.

22 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეებზე „გიორგი უგულავა პარლამენტის წინააღმდეგ“ და ეგრეთ წოდებული კაბელების საქმეზე „ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვის სხდომა დილიდან დაიწყო და საღამოს მას შემდეგ განახლდა, რაც პლენუმმა მხარი არ დაუჭირა საქმის გადადებას მანამ, სანამ პროკურატურა გიორგი პაპუაშვილის 21 ივლისის განცხადების გარემოებების შესწავლას არ დაამთავრებდა. აღნიშნულ გაერთიანებულ საქმეზე დავის საგანია ნორმატიული შინაარსის განმარტების ბუნდოვანება, რომელიც გაფლანგვას ეხება. ამ გახმაურებული საქმის განხილვის გადავადებას 22 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრი ცხრა მოსამართლიდან ხუთმა არ დაუჭირა მხარი. შესაბამისად, ეს საქმე განიხილება იმის მიუხედავად, როდის და როგორ დასრულდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლის გამოძიება.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე ამბობს, თუ გიორგი პაპუაშვილის განცხადებებში სამართალდარღვევა გამოიკვეთა, მასზე რეაგირება მოხდება:

„ამ ქვეყანაში არის შიდა სამართლებრივი მექანიზმები. ეს არის მხოლოდ განცხადებების დონეზე. თუ ამ განცხადებებში არის ნიშნები და გამოიკვეთა რაიმე სამართალდარღვევა, ამაზე რეაგირებას შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები გააკეთებენ“.

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

პროცესი კი სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის აქტიური მონიტორინგის პირობებში ვითარდება. სახალხო დამცველი, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში, მზადაა თავადაც დაიწყოს საქმის შესწავლა, სამოქალაქო სექტორი კი, სამართლებრივის გარდა, მის პოლიტიკურ მხარეზეც ამახვილებს ყურადღებას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი საქმით დაინტერესებას ურჩევს პოლიტიკური თანამდებობის პირებსაც:

„ის განცხადება, რომელიც გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ნამდვილად არის შეშფოთების საგანი. ამ განცხადებით უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასევე შედგეს შეხვედრები უმაღლესი თანამდებობის პირებთან. თუ ასეთი რამე ხდება, ეს არ არის მხოლოდ პროკურატურის თემა. ეს პოლიტიკური საკითხიც არის და პოლიტიკური თანამდებობის პირები ამ თემით უნდა დაინტერესდნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასევე შევძლებთ შევხვდეთ ბატონ გიორგი პაპუაშვილს და დახურულ ფორმატში მოვისმინოთ მეტი დეტალი და კარგი იქნება, თუ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებიც დაინტერესდებიან, რომ მეტი ინფორმაცია მიიღონ და მხოლოდ პროკურატურის იმედად არ დატოვონ აღნიშნული საკითხი“.

პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრა კი როდის გაიმართება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG