Accessibility links

logo-print

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მეორედ ჩაშლა და ბრალდებები


საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე მეორედ გადაიდო გიგი უგულავასა და ე.წ. „კაბელების საქმისთვის“ მსჯავრდებული ხუთი პირის გაერთიანებული სარჩელის არსებითი განხილვა. საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაში არ არის მითითებული 1 სექტემბრის სხდომის ჩაშლის მიზეზი. თუმცა მსჯავრდებულთა ადვოკატები მოსამართლეთა ნაწილის გამოუცხადებლობაზე ლაპარაკობენ და ასეთი შედეგის უკან პოლიტიკურ ინტერესებს ხედავენ. ბრალდებები უკავშირდება ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილსაც, რომელიც 1 სექტემბერს ასევე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს და თითი „ნაციონალური მოძრაობისკენ“ გაიშვირა.

„ეს არის სრულიად სამარცხვინო ფაქტი – მოსამართლეების ნაწილი უარს ამბობს პირდაპირ მოვალეობაზე, მართლმსაჯულების განხორციელებაზე“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ე.წ. „კაბელების საქმის“ ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა 1 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში ჩაიშალა ორი გახმაურებული საქმის სასამართლო პროცესი. ადვოკატი პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს:

„უკვე მეორეჯერ ხდება, როდესაც გვიბარებენ სასამართლოში. ჩვენ ჩამოვდივართ ბათუმში თბილისიდან და არც კი გვიმარტავენ გადადების მიზეზს. დღეს ხუთი მოსამართლე არ გამოცხადდა, როგორც გავარკვიეთ სასამართლოში. ეს ვნებს არა მხოლოდ ამ საქმეს და ამ ადამიანებს, ვისი სარჩელიც არის შესული, არამედ, საერთოდ, მართლმსაჯულებას და ძალიან მძიმედ მოქმედებს ქვეყნის რეპუტაციაზეც. საკონსტიტუციო სასამართლო უკვე გადაქცეულია პოლიტიკური ბრძოლის ეპიცენტრად, რაც დაუშვებელია“.

მოსამართლეები თავაძე, ტურავა, სიჭინავა, ცაბუტაშვილი და ფაფიაშვილი არიან ბიძინა ივანიშვილის ჯიბის მოსამართლეებად ქცეული, ასრულებენ ამ ადამიანის პირდაპირ დაკვეთებს...

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა გვარები ასევე პოლიტიკური ინტერესების კონტექსტში ისმოდა 2 აგვისტოსაც, ანუ იმ დღეს, როცა, პლენუმის კვორუმის არარსებობის გამო, პირველად ჩაიშალა გიგი უგულავასა და ე.წ. „კაბელების საქმისთვის“ მსჯავრდებული ხუთი პირის გაერთიანებული სარჩელის არსებითი განხილვა. 2 აგვისტოს, როცა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, სხდომა უნდა გამართულიყო, მოსამართლეთა ერთი ნაწილი თბილისში უცხოელ დიპლომატებს ხვდებოდა. მათ შორის იყო მოსამართლე ოთარ სიჭინავა, რომელიც „რუსთავი 2“–ის კამერამ 1 სექტემბერსაც თბილისში აღმოაჩინა – ის ეზოში ძაღლებს ასეირნებდა. შეკითხვაზე, რატომ არ იმყოფებოდა ბათუმში, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა უნდა გამართულიყო, მოსამართლე სიჭინავამ „რუსთავი 2“-თან მიზეზი არ დაასახელა და ზოგადად თქვა, რომ მისი პოზიცია მთლიანად ემთხვევა საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციას.

თუ რატომ ჩაიშალა 1 სექტემბრის სხდომა, ამის მიზეზი არც თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოს დაუკონკრეტებია სხდომის დაწყების დრომდე (15:00 საათამდე) ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ტექსტში ვკითხულობთ მხოლოდ იმას, რომ 740-ე და 764-ე გაერთიანებული კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვა არ შედგება და რომ “მხარეებს დამატებით ეცნობებათ არსებითი განხილვის თარიღის შესახებ”.

ე.წ. „კაბელების საქმის“ ადვოკატების მსგავსად, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის უკვე მეორედ ჩაშლის მიღმა ასევე ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაიაც:

„მოსამართლეები თავაძე, ტურავა, სიჭინავა, ცაბუტაშვილი და ფაფიაშვილი არიან ბიძინა ივანიშვილის ჯიბის მოსამართლეებად ქცეული, ასრულებენ ამ ადამიანის პირდაპირ დაკვეთებს... შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ, კორუმპირებულ ინტერესებში არ შედის, რომ მოხდეს განხილვა გიორგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმის განხილვა, რადგანაც ამ საქმის განხილვის შემდეგ გიორგი უგულავა უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. ივანიშვილის ინტერესშია ოლიგარქიული, კორუმპირებული სისტემის შენარჩუნება და ზუსტად ამ მიმართულებით მუშაობს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ კორუმპირებულ წევრებთან, როგორიც არის, მაგალითად, ბატონი ტურავა და როგორიც არის, მაგალითად, ბატონი სიჭინავა“.

თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებულ ხუთ მოსამართლეს ხელისუფლების მარიონეტობა ედებათ ბრალად, დანარჩენ ოთხს, თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის ჩათვლით, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებლად მოიხსენიებენ. ამის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რიგებშიც. 1 სექტემბერს კი განცხადება ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა ბათუმში რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. ის ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თანდათან კარგავს ზეგავლენას საკონსტიტუციო სასამართლოზე:

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

„ძალიან კარგად ჩანს, რომ საერთო სასამართლო და, მგონი, საბედნიეროდ, საკონსტიტუციო სასამართლოც თავს აღწევს „ნაციონალური მოძრაობის“ უხეშ მმართველობას და „ნაციონალური მოძრაობის“ ჩარევას... თვითონ ვეღარ ახერხებენ კონტროლს და ამაზე არიან აღშფოთებული და მომაწერენ მე... იქნებ ეს არის ჩემი ბრალეულობა, რომ სტანდარტები, რომელიც დარჩა გუნდში, როდესაც ლიდერი მე ვიყავი და მოვიყვანე და ძალიან დიდი ნაწილი ამ გუნდის დღესაც აგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას, ამ სტანდარტებს იცავენ... დღეს არც ერთ შემთხვევაში მთავრობა არ აკონტროლებს სასამართლოს და მცდელობაც არა აქვს კვირიკაშვილს“.

ბევრს არ გაჰკვირვებია, რომ 1 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში არ გაიმართა სხდომა, რომელზეც გახმაურებული საქმე უნდა განხილულიყო. ასეთ მოლოდინს ლოგიკურად აჩენდა 29 ივლისს გავრცელებული წერილი, რომელსაც მოსამართლეების ერთი ნაწილი, კერძოდ, 5 მოსამართლე აწერდა ხელს. წერილის ხელმომწერთა შორის ვხვდებით ზაზა თავაძეს, ლალი ფაფიაშვილს, ოთარ სიჭინავას, მერაბ ტურავასა და თამაზ ცაბუტაშვილს. ტექსტში გახმაურებულია ბრალდებები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მისამართით, რომ ის, მაგალითად, ერთპიროვნულად განაგებდა საკონსტიტუციო სასამართლოს დღის წესრიგს და ხელს უწყობდა „პოლიტიკური კონტექსტის“ შემცველი საქმეების დაჩქარებას. ხსენებული მოსამართლეები სარჩელების გამოცვლასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ლაპარაკობდნენ. სარჩელების გამოცვლასთან დაკავშირებულ ბრალდებას, რომელიც ხშირად მეორდება პოლიტიკოსთა რიტორიკაში, კატეგორიულად უარყოფენ ბრალდების ადრესატები. საკონსტიტუციო სასამართლოს სამმა მოსამართლემ (ქეთევან ერემაძემ, მაია კოპალეიშვილმა და კონსტანტინე ვარძელაშვილმა) თავიანთი პოზიცია დაწვრილებით განმარტეს 31 ივლისს გამოქვეყნებულ წერილში.

გიგი უგულავასა და „კაბელების საქმის“ მსჯავრდებულების სარჩელები ერთმანეთთან სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლმა (გაფლანგვა) დააკავშირა. ორივე სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ არის მიმართული და ორივე სარჩელი სწორედ გაფლანგვის ბრალდებასთან დაკავშირებული გარკვეული დებულებების ნორმატიული შინაარსის ბუნდოვანებას აპროტესტებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG