Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისთვის სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა?


„ქართული ოცნების“ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს და იმედი აქვს, რომ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შედეგად, მას ქვეყნის მთავარი კანონის დაბალანსების საშუალება ექნება. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების აუცილებლობაზე 19 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც ილაპარაკა. მან ეს პერსპექტივა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების გარანტიად განიხილა და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის წარმომადგენლობითი ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. თუმცა ეს დამზღვევ მექანიზმად არ მიაჩნიათ ოპონენტებს. ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოქცევას სახელმწიფოსთვის დიდი საფრთხეების შემცველად მიიჩნევენ როგორც ოპოზიციური ფლანგი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები და ექსპერტები.

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტის წევრთა ¾-ის, ანუ 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს – და ეს მან ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზეც აღნიშნა – რომ „ქართული ოცნება“ მეორე ტურის შედეგებით საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს და საქართველოში ამჟამად მოქმედ დაუბალანსებელ საკონსტიტუციო ნორმებს შეცვლის. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ამას აუჩქარებლად გააკეთებს:

„ჩვენ მივიღეთ მემკვიდრეობად ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია და აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ძალიან ფართო ჩართულობით მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ მომავალში ვერავინ ვეღარასოდეს მოახდინოს ხელისუფლების კონცენტრირება-უზურპირება და ეს იყოს, ერთხელ და სამუდამოდ, ნამდვილად ევროპული, დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია. მაგრამ ეს არ იქნება ის, რომ ჩვენ ახლა პარლამენტში, პირველ რიგში, დავეტაკებით და ამ საკითხით ვიქნებით დაკავებული ყველანი. რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში, აქ სიჩქარე არ ივარგებს“.

საკონსტიტუციო ცვლილებებს აქვს პროცედურები, რომლებსაც ვერც ხელოვნურად დასმული პრემიერი და ვერც ვერავინ გადააკეთებს. ამიტომ, ის, უბრალოდ, დღეს იმეორებს ჩვეულებრივ პროცედურებს – მხოლოდ პროცედურებზეა საუბარი...
სერგო რატიანი

პრემიერის ინიციატივაში ახალსა და მითუმეტეს – შედეგის მომტანს ვერაფერს ხედავს ოპოზიციური ფლანგი. მაგალითად, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო რატიანი აღნიშნავს, – არსებობს რეალური საფრთხე, რომ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას შეეცდება და მას ვერც წარმომადგენლობითი ჯგუფის კონტროლი შეაჩერებს:

„საკონსტიტუციო ცვლილებებს აქვს პროცედურები, რომლებსაც ვერც ხელოვნურად დასმული პრემიერი და ვერც ვერავინ გადააკეთებს. ამიტომ, ის, უბრალოდ, დღეს იმეორებს ჩვეულებრივ პროცედურებს – მხოლოდ პროცედურებზეა საუბარი. აქ ლაპარაკია იმაზე: როდესაც მოიპოვებს ამის გაკეთების უფლებას და ამის გაკეთების ძალაუფლება რომ ექნება, მერე რას კითხავს, რამდენად კითხავს და რომ კითხავს, მერე დაუჯერებს თუ არა – ამაზეა საუბარი“.

უკანასკნელი 25 წლის არცთუ სახარბიელო გამოცდილების გათვალისწინებით, ერთი პოლიტიკური ძალის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის სადავეების მოქცევას დიდ საფრთხედ განიხილავს კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაიაც. როგორც მან უთხრა „რადიო თავისუფლებას“, გარდა იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში არის რისკი –საკონსტიტუციო ცვლილებებიც ერთი პარტიის ინტერესების მიხედვით გატარდეს, არამედ ეს კარგ საფუძველს ქმნის მთელი ძალაუფლების მოქცევისთვის ერთი ხელისუფლების ხელში, ანუ ხელისუფლების უზურპაციისთვის. რაც შეეხება გამოსავალს, კოტე ჩოკორაია თვლის, რომ, ასეთ შემთხვევაში, გამოსავალი ერთადერთია: ხელისუფლების ნება სამოქალაქო საზოგადოებამ განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა აკონტროლოს:

„ყველაფერი იმ ბერკეტებზეა დამოკიდებული, რომლებსაც ფლობს მედია, არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება. განცხადებებითა და თუ გნებავთ – ზეწოლით, მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ ხელისუფლებამ კეთილი ნება გამოიჩინოს და მაქსიმალურად უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალობა და რეალურად ისე წარმართვა, როგორც ეს არის საჭირო (დემოკრატიულ სახელმწიფოში)“.

საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი პარტიის ხელში მოქცევას დემოკრატიისთვის გარკვეულ საფრთხედ და გამოწვევადაც განიხილავს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძეც. ის თვლის, რომ საკუთარ თავზე კონსტიტუციის მორგებით, პირველ რიგში, ისევ მომრგები პარტია დაზარალდება; სახელმწიფოს დემოკრატიის რელსებზე დგომის გაკონტროლება კი, ისევ და ისევ, ფხიზელი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების – ე.ი. ხალხის – საქმეა. თუმცა, ვახტანგ ძაბირაძის აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებები სულაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ ხელისუფლებამ, სურვილის შემთხვევაში, დემოკრატიული გზიდან გადაუხვიოს – რადგანაც წლების წინ შექმნილი სისტემა ამის საშუალებას ახლაც იძლევა:

ვახტანგ ძაბირაძე
ვახტანგ ძაბირაძე

„სისტემა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს შეიქმნა და ამ კონსტიტუციას ეფუძნება, სწორედ ის სისტემაა, რომელიც რეპრესიულ საქმიანობას უწყობს ხელს, თუკი ხელისუფლებას საამისო ნება ექნება, მაგრამ თუკი ხელისუფლებას ასეთი ნება არ ექნება, მაშინ არც კონსტიტუციის ცვლილებები იქნება პრობლემური. აი ასეთი ვითარება გვაქვს“.

როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების აუცილებლობასა და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ გეგმებზე საუბრობდა, 19 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მართალია, „ჩვენ გვქონდა წარსულში პრეცედენტი, როდესაც კონსტიტუცია მორგებული იყო ერთ კაცზე და ერთ პოლიტიკურ ძალაზე, რამაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა“, მაგრამ ახლა ამის საფრთხე აღარ არსებობსო. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის სჭირდება, რომ სრულფასოვნად შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირებები. პრემიერი „აბსოლუტურად არაჯანსაღ სპეკულაციას“ უწოდებს საზოგადოების გარკვეული წრეების შეშფოთებას „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პერსპექტივებით.

საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი პარტიის ხელში მოქცევას იმდენად დიდ საფრთხედ მიიჩნევს სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილი, რომ ერთობლივი განცხადებით 45-მა ხელმომწერმა მიმდინარე კვირაში მიმართა პარლამენტის ზღურბლს მიღმა დარჩენილ პროდასავლურ პარტიებსა და მათ ამომრჩევლებს – რომ არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. მთავრობის რიგებში დღეს, კონკრეტულად, ეს მიმართვაც მწარედ გააკრიტიკეს. მაგალითად, მინისტრ სოზარ სუბარის თქმით, ამ კამპანიაში ჩართული ყველა პირი „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელია და ე.ი. „ადამიანების წამებას“, „კერძო საკუთრების შელახვასა“ და 9-წლიან „საშინელებას“ უჭერს მხარს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG