Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო საყოველთაო დაზღვევის პირველი ეტაპი


28 თებერვლიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, რომლითაც 2 მილიონზე მეტი ადამიანი ისარგებლებს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, 6-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებს პირველ ეტაპზე შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ დაზღვევის მინიმალური პაკეტით. პირველი ივლისიდან განზრახულია სადაზღვევო პროგრამის მეორე ეტაპის ამოქმედება, რომლის ფარგლებშიც უფასო პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელი დახმარების პროგრამებს გეგმური სერვისების დაფინანსებაც დაემატება. იგეგმება თუ არა საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოსახლის დაზღვევა და რა პირობებით დაეზღვევიან ისინი?

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით 28 თებერვლიდან 6-დან 60 წლამდე ასაკის ყველა ის ადამიანი ისარგებლებს, ვისაც აქამდე არანაირი სახის დაზღვევა არ ჰქონდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, პროგრამის პირველი ეტაპი მოიცავს მინიმალური პაკეტით გათვალისწინებულ მომსახურებას - მათ შორის, გეგმურ ამბულატორიულ, გადაუდებელ ამბულატორიულ და გადაუდებელ სტაციონარულ მკურნალობას:

”გეგმიური ამბულატორია მოიცავს ოჯახის ან უბნის ექიმთან შეუზღუდავ ვიზიტს, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ეროვნული კალენდრით გათვალისწინებულ პროფილაქტიკურ აცრებს და სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე დაავადებათა მართვას, ელექტროკარდიოგრაფიას... გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებისთვის არის გათვალისწინებული ე.წ. პოზიტიური სია, რომელიც მოიცავს ისეთ ურგენტულ მდგომარეობებს, როდესაც სამედიცინო ჩარევის გადადებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის გარდაცვალება ან რომელიმე კიდურის ან ორგანოს დაკარგვა”, - განმარტავს მარიამ ჯაში.

გადაუდებელი სტაციონარული მომსახურებისათვის დაწესებულია მაქსიმალური ლიმიტი, რომელიც ერთ კონკრტულ შემთხვევაზე 15 ათას ლარს მოიცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამბულატორიული მომსახურების მისაღებად მოქალაქეს უფლება აქვს თავად აირჩიოს პროგრამაში მონაწილე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება, ანუ პოლიკლინიკა, შერჩეული სამედიცინო დაწესებულების შეცვლა კი მას ყოველ ორ თვეში ერთხელ შეეძლება.
ბიუჯეტში ფული არ არის - ასეთი თემა არ არსებობს. რაც შეეხება თანხის გადარიცხვის სიჩქარეს, ძალიან დეტალურად არის ეს ყველაფერი გაწერილი, თუ რა ვადებში და როგორი წესებით უნდა იყოს თანხა გადარიცხული საავადმყოფოებში...
ლაშა ნიკოლაძე

ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი სადაზღვევო საკითხებში ლაშა ნიკოლაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სადაზღვევო პროგრამის დასაფინანსებლად გამოყოფილია ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი. როგორც ის ამბობს, აღნიშნული თანხა მთლიანად დაფარავს იმ 2 მილიონზე მეტი ადამიანის მომსახურების ხარჯს, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში არიან ჩართულნი. მისივე თქმით, მომსახურების თანხის დაფარვის ნიუანსებს პირველ ეტაპზე განიხილავს და დაამტკიცებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ზარალების მართვის დეპარტამენტი, რის შემდეგაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა კონკრეტულ კლინიკებში გადაირიცხება. ლაშა ნიკოლაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში გამოირიცხება პრობლემა, რომელიც აქამდე მწვავედ იდგა კერძო სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის თანხის ანაზღაურების კუთხით:

”ბიუჯეტში ფული არ არის - ასეთი თემა არ არსებობს. რაც შეეხება თანხის გადარიცხვის სიჩქარეს, ძალიან დეტალურად არის ეს ყველაფერი გაწერილი, თუ რა ვადებში და როგორი წესებით უნდა იყოს თანხა გადარიცხული საავადმყოფოებში. კლინიკების წარმომადგენლები - როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური შეხევდრებისას - ყოველთვის ამბობდნენ, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები ვერ იხდიდნენ თანხას დროულად. სწორედ ამიტომ ახლა ისინი ამბობენ, რომ ამ საკითხის დარეგულირებაში ხელისუფლება ჩაება”, - ამბობს ლაშა ნიკოლაძე.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ არსებობს სრული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იმისათვის, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება შესაბამისად იყოს უზრუნველყოფილი. ამასვე ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში კომპანია ”მედისონის” გენერალური დირექტორი ნინო მიქავა, რომლის დაქვემდებარებაშიც შედის თბილისის სამი სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი:

”აქტიურად ვმუშაობთ მომსახურების ხარისხზე, რომ კლინიკებში არ შეიქმნას რიგების პრობლემა. არის საკმარისი კაბინეტების რაოდენობა, პაციენტთა მიმღები ოთახები გადაკეთდა. კლინიკები ტექნიკურად აბსოლუტურად სრულ მზადყოფნაშია”, - ამბობს ნინო მიქავა.
პაციენტის პირადი ნომრით უნდა შეიძლებოდეს ავადმყოფობის ისტორიის ამოღება - ლიმიტი რამდენი აქვს დარჩენილი, რა მომსახურება ეკუთვნის ან არ ეკუთვნის. ელექტრონულად უნდა იგზავნებოდეს დოკუმენტაცია სადაზღვევო სამსახურსა და დაწესებულებას შორის და არა ისე, როგორც დღეს არის...
გიორგი გიგოლაშვილი

საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი გიგოლაშვილი პოზიტიურად აფასებს 28 თებერვალს ამოქმედებულ სადაზღვევო პროგრამას. ამბობს, რომ ამ ეტაპზე ადამიანებს აღარ მოუწევთ, მაგალითად, გადაუდებელი დახმარების მისაღებად სახლის გაყიდვა. თუმცა, მისივე თქმით, გაცილებით მეტი შედეგის მომტანი იქნება სადაზღვევო პროგრამის მეორე ეტაპი, რომელიც, როგორც ჯანდაცვის სამინისტრი აცხადებს, პირველი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს და გეგმური სერვისების დაფინანსებასაც მოიცავს. გიორგი გიგოლააშვილს წინგადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მოქალაქეს ეძლევა უფლება, თავად აირჩიოს პროგრამაში მონაწილე ჯანდაცვის დაწესებულება. თუმცა, მისი აზრით, ეს საკმარისი არ არის - სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ სადაზღვევო პროგრამა ელექტრონულ სისტემაზე გადავიდეს:

”პაციენტის პირადი ნომრით უნდა შეიძლებოდეს ავადმყოფობის ისტორიის ამოღება - ლიმიტი რამდენი აქვს დარჩენილი, რა მომსახურება ეკუთვნის ან არ ეკუთვნის. ელექტრონულად უნდა იგზავნებოდეს დოკუმენტაცია სადაზღვევო სამსახურსა და დაწესებულებას შორის და არა ისე, როგორც დღეს არის: ფორმა 100 უნდა გამოართვა საავადმყოფოს, რომელიც, უბრალოდ, ხელით შევსებული ფურცელია; უნდა ჩადგე სადღაც რიგში, ელოდო პასუხს; იქ შეიძლება ერთი სიტყვა არასწორად ეწეროს და ამან არასწორი პასუხი გამოიწვიოს და ა.შ.”, - ამბობს გიორგი გიგოლაშვილი.

ლაშა ნიკოლაძე, ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ რამდენიმე თვეში იგეგმება სადაზღვევო პროგრამის მესამე ეტაპის ამოქმედებაც. შეგახსენებთ, რომ, 28 თებერვალს დაწყებული პროგრამის მიხედვით, დაზღვევა ვრცელდება მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვინც დღემდე არანაირი დაზღვევით არ სარგებლობდა. სადაზღვევო პროგრამის მესამე ეტაპი კი გულისხმობს საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოსახლის მინიმალური პაკეტით დაზღვევას. თუმცა, მიუხედავად ამისა, იმ ადამიანებს, ვისაც საშუალება აქვს კერძო სადაზღვევო კომპანიების მომსახურებით ისარგებლოს, ლაშა ნიკოლაძე მხოლოდ სახელმწიფო დაზღვევის ხარჯზე დარჩენას არ ურჩევს:

”ხაზს გავუსვამ, სახელმწიფო გთავაზობთ საბაზო დაზღვევას. ანუ, შეიძლება ცუდი მაგალითი მომყავს, მაგრამ ეს დაზღვევა არ გაძლევს სიკვდილის უფლებას. რაც შეეხება მაღალტექნოლოგიურ სერვისებს, კვლევებს, წამლებს, ექსტრასერვისებს, ეს ყველაფერი ამ საბაზო პროგრამაში არ შედის. ბიუჯეტს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველას ყველაფერი დაუფაროს და არც არის ეს საჭირო. იმ ადამიანებმა, ვისაც შეუძლია რომ ისარგებლოს, მაგალითად, სამსახურებრივი, კორპორაციული დაზღვევით, ამ მომსახურებით უნდა ისარგებლონ”, - ამბობს ლაშა ნიკოლაძე.

რაც შეეხება სადაზღვევო პროგრამაში დარეგისტრირებას, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ პროგრამით მოსარგებლის თანხმობის საფუძველზე, რაც დადასტურებული უნდა იყოს ხელმოწერით. რეგისტრაციის ფორმის შევსება შესაძლებელია კლინიკაში. მისი ელექტრონული ფორმა ხელმისაწვდომია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებსაიტზე: www.moh.gov.ge
XS
SM
MD
LG