Accessibility links

logo-print

ავტორი: ირინა გურული

საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა დღეს საქართველოში მოსახლეობის სოციალური კმაყოფილების თითქმის ერთადერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. რეფორმამ ასახვა პოვა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მასშტაბზე, თუმცა საკმაოდ ბევრი კითხვა გააჩინა რეფორმის დაფინანსების მასშტაბსა და მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

ეკონომიკურ მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული მთავარი კითხვები ბიუჯეტის მეტისმეტ სოციალურ ორიენტირებულობას და სახელმწიფო ფინანსების საშუალებით ეკონომიკის სტიმულირების შენელებას უკავშირდება.

ბოლო პერიოდში თავად ხელისუფლებისგანაც გაისმა განცხადებები იმის თაობაზე, რომ პროგრამას გადახედვა და თავიდან გააზრება სჭირდება.

მორიგი გადაწყვეტილებების მიღებამდე, ვფიქრობთ, საინტერესოა კვლევა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ კვლევით ორგანიზაცია CRRC-ს დაუკვეთა და რომლის დროსაც, საქართველოს მასშტაბით, 2032 რესპონდენტი გამოიკითხა.

კვლევის ძალიან საინტერესო შედეგია, რომ მოსახლეობის ნაწილი, რომელიც მზად არის ფინანსური პასუხისმგებლობა სახელმწიფოსთან ერთად გაიზიაროს, 2015 წელთან შედარებით, 10 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, კერძოდ, მოსახლეობის 56% - ეს კი, როგორც შესაბამისი ანალიზი აჩვენებს, საქართველოს, სულ მცირე, 2.5 მილიონ მოქალაქეს უდრის - ჯანდაცვაზე ფინანსურ პასუხისმგებლობას სახელმწიფოსთან ერთად საკუთარ თავსაც აკისრებს.

მოსახლეობის 61 %-ს, ანუ 5 პროცენტით მეტს, 2015 წელთან შედარებით, მიაჩნია, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვს, უფრო მეტი უნდა გადაიხადონ სამედიცინო დაზღვევაში და ამით ნაწილობრივ დააფინანსონ იმ ადამიანების სამედიცინო დაზღვევაც, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს. მოსახლეობის 18 %-ს მიაჩნია, რომ ყველა ადამიანმა თავად უნდა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და, შემოსავლის მიუხედავად, თავად დაფაროს საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯები.

მოსახლეობის 44 %-ს, ანუ, 2015 წელთან შედარებით, 19 პროცენტით მეტს, მიაჩნია, რომ ჯანდაცვის ხარჯები ნაწილობრივ სახელმწიფომ უნდა გაწიოს, ნაწილობრივ კი თავად ადამიანებმა. იმ რესპონდენტების რაოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ ჯანდაცვის ხარჯები სახელმწიფომ სრულად უნდა გაწიოს, 2015 წელთან შედარებით, 12 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ამ მონაცემის შესაბამისი ანალიზით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მინიმუმ 1.4 მილიონი ზრდასრული მოქალაქე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის ხარჯები სახელმწიფომ და მოქალაქემ უნდა გაინაწილონ.

საინტერესოა, რომ მოსახლეობის 41 %-ს ჰქონია შემთხვევა, როდესაც ავადმყოფობის დროს ვერ მისულა ექიმთან იმის გამო, რომ კონსულტაციის ღირებულების მის მიერ გადასახდელი წილი მეტისმეტად მაღალი იყო, ხოლო 59 %-ს ასეთი შემთხვევა არ ჰქონია.

ეს მონაცემები ნოყიერ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ხელისუფლებამ საყოველთაო ჯანდაცვის სქემაში კერძო ინიციატივისა და თანამონაწილეობის სხვადასხვა საშუალებებზე იფიქროს, რაც ეკონომიკურ წნეხს სახელმწიფო ბიუჯეტზე შეამცირებდა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის თანხებს გამოათავისუფლებდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG