Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი: ,,შეუზღუდავად ვაწვდიდი წამალს საკურორტო ტყეებისათვის“


ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

,,ბორჯომის ტყეებში მძიმე მდგომარეობაა“ – პრემიერ მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ტელეკომპანია ,,ბორჯომის“ ჟურნალისტმა კითხვა ასე დაიწყო. საკურორტო ტყეები, სადაც უკვე რამდენიმე წელია მავნე მწერს ებრძვიან, სხვადასხვა ფაქტორის გამო ზიანდება. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ,,მბეჭდავი ქერქიჭამიას“ შესაჩერებლად, რომელიც მცენარის გულს ჭამს და ხეებს ახმობს, მან თანხა რამდენიმე წლის წინ გამოყო, თუმცა აცხადებს, რომ მას შემდეგ ამ საკითხზე ყურადღება აღარ გამახვილებულა.

,,შეუზღუდავად ვაწვდიდი წამალს. მაშინ მე დავეხმარე და შემოვიტანე წამალი და არ მივეცი ფული, რის გამოც წამლის დარიგებაშიც კი არ დამეხმარნენ, იმიტომ რომ ფული არ მივეცი. ამის მერე მითხრეს, რომ საჭირო აღარ ვარ და თითქოს ჩასრულდა ეს პროცესი და ბიუჯეტიდან გამოიყოფა ეს თანხები. დავინტერესდები აუცილებლად და ის ფაქტი, რომ უმოწყალოდ იჩეხებოდა ხე-ტყე კატასტროფაა“.

ბორჯომის ტყეში ქერქიჭამია 2005 წელს გაჩნდა. იმ ფაქტზე, რომ სამცხე-ჯავახეთის ტყეებს მავნე მწერის გაჩენის გამო გახმობა ემუქრებოდა, რადიო თავისუფლებასთან მაშინდელი გარემოს დაცვის ინსპექციის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ინსპექტირების უფროსი სპეციალისტი ტარიელ კაპანაძე ლაპარაკობდა. 2007 წელს იგი ირწმუნებოდა, რომ ქერქიჭამიას გამრავლება უკანონო და მასობრივმა ჭრამ და ტყეში მოჭრილი ხე-ტყის ნარჩენებმა გამოიწვია.

,,საგანგაშო მდგომარეობაა ტყის დაცვის მიმართულებით როგორც ხანძრის, ასევე ენტო და ფიტო დაავადებების გავრცელების არეალით. ხე-ტყის ნარჩენი არის მორები და გაუქერქავი ჯირკები, რომელიც საუკეთესო პირობას უქმნის ქერქიჭამიასა და ლაფანჭამიას გამოსაზამთრებლად. თითქმის მთელი რეგიონის ტყეები მოცულია ამ დაავადებებით. მასიურად მოდებულია ექვსკბილა ქერქიჭამია, რომელიც ზამთრის პერიოდში სახლდება ჩახერგილ მორებში და გაზაფხულისთვის გამრავლებას უპრობლემოდ ახერხებს. ჩვენ ნიმუშებს კიდევ შევაგროვებთ, გავაგზავნით და ამ საკითხს, ალბათ, სახელმწიფო დონეზე განიხილავენ. ეს დაავადება ახალგაზრდა ხე-ტყის მასიურ გახმობას იწვევს. ერთი თვის განმავლობაში შეუძლია ლაფანჭამიასა და ქერქიჭამიას გაახმოს უზარმაზარი მასივები. იგი განსაკუთრებით ნაძვნარ კორომებშია საშიში”, - აცხადებს კაპანაძე.

ტარიელ კაპანაძე ირწმუნებოდა, რომ ხე-ტყის მასობრივი გახმობის თავიდან აცილება ტყის მასივების ნარჩენებისგან გაწმენდით, დაწვით ან მოსახლეობაზე გაცემით შეიძლებოდა. გუჯარეთის ხეობა, ბაკურიანი, თორი, საკირე, დგვარი – ეს იმ ტყეების არასრული ჩამონათვალია, სადაც უნიკალური ნაძვნარი გახმა. გარდა ამისა, 2008 წელს გადაიწვა წაღვერის საკურორტო ტყე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი ნარგავებით განაშენიანება არ დაწყებულა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნათელა გოგოლაძე აცხადებს, რომ ეს ფაქტი მხოლოდ ბორჯომის ხეობისთვის არ არის მტკივნეული.

ბორჯომში განმრტავენ, რომ სხვადასხვა პრობლემასთან ერთად ტყეების გადაშენებას საშეშე მერქნის ჭრა იწვევს. აქ მოსახლეობა დაუნომრავ ხეებს ჭრის და ზამთრის პერიოდში საკურორტო ფართობები ნადგურდება.

სამცხე-ჯავახეთის საკურორტო ტყეების მდგომარეობის შესასწავლად ამ ეტაპზე რამდენიმე არასამთავრობო სექტორი მუშაობს. გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ბორჯომის ტყეებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა ამ მიმართულებით სახელმწიფო კონტროლი გამკაცრდეს. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიექცეს რეინჯერების მუშობას, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბალუს“ წარმომადგენელი სოფიკო ხეთაგაშვილი.

სამცხე-ჯავახეთის საკურორტო ტყეებში არსებულ მდგომარეობას პრემიერ-მინისტრი სახელმწიფოს დაუდევრობის შედეგად მიიჩნევს. მისი თქმით, მავნე მწერების გასანადგურებლად საჭირო მედიკამენტის შეძენა საზღვარგარეთ შეიძლება. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, საკურორტო-რეკრეაციული ტყეების მოსავლელად მთავრობა აუცილებელ ზომებს მიიღებს.

ქერქიჭამია ბორჯომის ტყეებს 2005 წელს შეესია, ოღონდ მაშინ სპონსორების დახმარებით თურქეთიდან შემოტანილმა პრეპარატმა ნაძვნარი გახმობას გადაარჩინა.
XS
SM
MD
LG