Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკვირაო სკოლა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვირაო სკოლის მოსწავლე
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვირაო სკოლის მოსწავლე

გურამი არ ლაპარაკობს, მხოლოდ ხატავს. ხატავს მზეს - მზე იცინის, მაგრამ შავი ფერისაა ეს სიცილი. ხატავს ყვავილებს - გვირილის მსგავს ყვავილებს სხვადასხვა ფერის ფურცლები აქვთ, ცისარტყელას ფერებია. ხატავს სახლს - სახლი მუქი და მოწყენილია.

გურამი ტყვიავის საკვირაო სკოლაში უკვე ხშირად მოჰყავთ. საკვირაო სკოლა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის გაიხსნა. სკოლის ორი ოთახი ნახევრად დანგრეული სასოფლო კლუბის შენობაშია განთავსებული, სცენის გვერდით, კულისებში, სადაც ერთ დროს მსახიობები და მომღერლები მხიარულობდნენ. შემდეგ იყო ნგრევის წლები. ახლა ეს ორი, ნათელ ფერებში შეღებილი, ოთახი ისევ ბავშვების ჟრიამულით აივსო.

პედაგოგი ელენე უთნელიშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ყოველდღე ხვდებოდა. ეს ბავშვები მშობლებს გორის კეთილდღეობის ცენტრში ვერ დაჰყავდათ. ამიტომ გადაწყვიტა, რომ ფლაველი ბავშვებისთვის მცირე სოციალური საწარმოს პროექტი შეემუშავებინა. სოფელი ფლავი ოკუპირებულ ტერიტორიებს ესაზღვრება. პროექტზე მუშაობის დროს აღმოაჩინა, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ადგილობრივ ბავშვებს და მათ მშობლებს არ აწუხებდათ და გარშემო უამრავი ადამიანი საჭიროებდა დახმარებას. ბოლოს გადაწყდა, რომ ეს ყველაფერი თემის ცენტრალურ სოფელში, ტყვიავში, გაკეთებულიყო. საკვირაო სკოლაში, ფართის მიხედვით, 14 ბავშვის მიღებაა შესაძლებელი.

ნანამ შვილი მოიყვანა საკვირაო სკოლაში. პატარა გოგონასთან ერთად თვითონაც კმაყოფილია. აქამდე დედა-შვილი სახლში იყვნენ, გორში სიარული უჭირდათ. ნანა ფიქრობს, რომ მხოლოდ მშობლის ძალისხმევა შვილის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საკმარისი არ არის.

გარშემო სათამაშოები, ნახატები და წიგნებია მიმობნეული. ლუკა ცელქობს, სტუმრებს მობილურ ტელეფონებს ხელიდან სტაცებს. ყველა იღიმება. ლუკა ტელეფონებს შეათვალიერებს, კეთილად გაიღიმებს და ისევ პატრონებს უბრუნებს. ბავშვებს სტუმრების ნახვა ახარებთ, ცდილობენ საკუთარი შემოქმედება უჩვენონ. სოფიკო ნიკოლიშვილი ბავშვებს თავს დასტრიალებს, ყურადღებას აქცევს. ის მოხალისეა. მას, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტს, მიაჩნია, რომ აქ თვითონაც ბევრ რამეს ისწავლის.

ანა მაყიშვილი პედაგოგია. მისი აზრით, სოფლად ასეთი სკოლის გახსნა მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, მათი განათლებისა და მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

„სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ტყვიავის საკვირაო სკოლა გაიხსნა. ამერიკის მთავრობის ფინანსური დახმარებით პროექტს ახორციელებენ გერმანული ორგანიზაცია „საქართველოს არბაითერ სამარიტერ ბუნდი“ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“.

საკვირაო სკოლაში დიდი გეგმები აქვთ. სოციალური საწარმო ბენეფიციარებს კომპიუტერული პროგრამების, უცხო ენების, ცეკვის, სიმღერისა და ხელსაქმის შემსწავლელ კურსებს სთავაზობს. აქ მალე ბავშვების ნახატების გამოფენას მოაწყობენ და პატარები საკუთარ შემოქმედებას მიწვეულ სტუმრებს უჩვენებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG