Accessibility links

logo-print

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ლომბარდებისადმი დღეს საქართველოში საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულებაა, თუმცა ეს ორგანიზაციები მიმდინარე ფინანსების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ზოგადად, ფინანსების ხელმისაწვდომობის ხარისხის თვალსაზრისით ქვეყანაში. ცალკე თემაა საპროცენტო განაკვეთები, რომლითაც ეს ორგანიზაციები სესხებს გასცემენ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სალომბარდო ბიზნესში სესხის საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 54,1 %-ით განისაზღვრება. 2013 წელს საქართველოში სალომბარდო საქმიანობით 1031 ორგანიზაცია იყო დაკავებული. ლომბარდების კლიენტთა რაოდენობამ 682 000-ს მიაღწია. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით, 99,8 %) ფიზიკური პირია, ხოლო გაცემული სესხების მოცულობა 311 მლნ ლარამდეა. საქართველოში 18 წელს ზემოთ მყოფი პირების ოდენობა 2 830 000 შეადგენს. მათგან 700 ათასამდე ლომბარდის კლიენტია. გამოდის, რომ ქვეყანაში მცხოვრები ყოველი მეოთხე მოქალაქე ლომბარდს არის მიჯაჭვული.

საინტერესო შედეგები ჰქონდა „ილიაუნის ბიზნესრევიუს“ კვლევას. კვლევის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი საბანკო სექტორის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო დაწესებულებების სალომბარდო მომსახურების ბაზრის შესწავლა, კონკრეტულად ოქროზე (585 სინჯი) ყველაზე დაბალი თვიური საპროცენტო განაკვეთის დადგენა, ოქროს ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გამოვლენა, საპროცენტო განაკვეთისა და ოქროს შეფასებების შედარებითი ანალიზი.
კვლევისას შესწავლილი იქნა ექვსი კომერციული ბანკი, ხუთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და 12 კერძო ლომბარდი. კვლევაში მონაწილეობდნენ მხოლოდ ის ფინანსური უწყებები, რომლებსაც ფიზიკური პირებისათვის სალომბარდო მომსახურება აქვთ.

კვლევის ჩატარების მიზნით "ილიაუნი ბიზნესრევიუს" მკვლევარები მიდიოდნენ სალომბარდო მომსახურების ადგილებზე. მკვლევართა ჯგუფის მიერ შერჩეული იქნა პირობითი ნივთი, საბაზრო ღირებულებით, 215 აშშ დოლარი (5 გრამის შემადგენლობის ოქრო, 585 სინჯი) და სალომბარდო პირობებიც სწორედ ამ მოცემულობის შესაბამისად განისაზღვრა.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელად და ძვირად ნივთს აფასებს "პრივატბანკი" (125 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე იაფად შეაფასა ბანკმა "კონსტანტამ" (100 აშშ დოლარი), თუმცა საპროცენტო განაკვეთი მომსახურებაზე, შესაბამისად, ყველაზე მაღალი ჰქონდა "პრივატბანკს" (4 პროცენტი).

პირობით ნივთს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ერთნაირად აფასებს "თბილმიკროკრედიტი", "კრისტალი" და "რიკოკრედიტი" (125 აშშ დოლარი), ხოლო პირობითი ნივთის ყველაზე ხელსაყრელ შეფასებას "ექსპრესი" სთავაზობს მომხმარებელს – 89 აშშ დოლარი. შესაბამისად, მომსახურებაზე ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი "ექსპრესს" და "კრისტალს" აქვს – 4 პროცენტი, ხოლო ყველაზე დაბალი "რიკო კრედიტს" – 2,5 პროცენტი.

რაც შეეხება კერძო სექტორს, აქ შეფასების საშუალო მაჩვენებელი 1 გრამ ოქროზე 22,83 აშშ დოლარი დაფიქსირდა, ხოლო საშუალო საპროცენტო განაკვეთი - თვეში 7,8 პროცენტი.
ზოგადი საშუალო მაჩვენებლების შედარებითი ანალიზის საფუძველზე გაირკვა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები 1 გრამ ოქროს, საშუალოდ, ყველაზე ძვირად – 23,36 აშშ დოლარად - აფასებენ, ხოლო კერძო ლომბარდები, საშუალოდ, - 22,83 აშშ დოლარად, კომერციული ბანკები, საშუალოდ, – 22,23 დოლარად. ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი, შესაბამისად, კერძო ლომბარდებს აქვთ - საშუალოდ, 7,08 პროცენტი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, საშუალოდ, – 3,40 პროცენტი, კომერციულ ბანკებს – 3,25 პროცენტი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG