Accessibility links

logo-print
დღეს სათქმელი ძალიან სწორხაზოვანი მექნება.

ერთი მარტივი და კარგად ნაცნობი ფორმულა მინდა შეგახსენოთ: კანონთან და მის უზენაესობასთან ის მიმართება, რომელიც მკაფიოდ გამოარჩევს დემოკრატიულსა და სამართლებრივ სახელმწიფოებს ყველა იმ ქვეყნისა თუ ფორმაციისგან, რომლებიც დიდად არც დემოკრატიას დაგიდევენ და, მით უმეტეს, არც კანონსა და სამართლიანობას.

იმ კულტურებში, სადაც „კანონის უზენაესობა“ ფუნდამენტურ ცნებადაა მიჩნეული, როგორც ვიცით, არავინ დგას საჯაროდ და გამჭვირვალედ დამტკიცებულ კანონზე მაღლა. ყველა მოქალაქე ერთსა და იმავე კანონებს ემორჩილება და ერთი და იმავე კანონებით სარგებლობს, ხოლო ეჭვმიტანილებს, ბრალდებულებს და პატიმრებს მკაფიო და მყარი უფლებები აქვთ. ამასთან, სისტემა მიუკერძოებელი, სამართლიანი და რუტინული მიდგომით ასამართლებს ყველაზე მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირებსაც კი - ანუ მათ, ვინც ხშირად საზოგადოების რისხვის და სიძულვილის ობიექტად არის ქცეული; და გასამართლების პროცესში ზუსტად იცავს პროცედურულ ნორმებს თუ პედანტურ ბიუროკრატიას.

ამ ფორმულის საპირისპირო სურათი - გარემო, რომელშიც კანონი ტოტალიტარული თუ ავტორიტარული სისტემის, ან მმართველი ელიტის იარაღადაა ქცეული - ათწლეულების ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენთვის ტკივილამდე ნაცნობია. ამ სურათს ბევრი „სიმბოლო“ გამოარჩევს: კაკუნი კარზე შუაღამისას; დაპატიმრებულის გაუჩინარება; იარაღის ან ნარკოტიკების „ჩადება“; ადვოკატის ბუტაფორიული ინსტიტუტი; საჩვენებელი სასამართლო; შანტაჟით, მუქარით და წამებით გამოძალული ჩვენება... ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ჩამონათვალი, როგორც ვეტერანი ბრიტანელი იურისტი, ტომ ბინემი ამბობს, უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.

ცხადია, რომ ზედმეტია იმის ანალიზი, ამ ორი მოდელიდან რომელს უფრო მოგვაგონებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და დღევანდელი პატიმრის, ვანო მერაბიშვილის მონათხრობი - რომ ის ციხიდან ღამით, მალულად, თავზე ქურთუკჩამოცმული გაიყვანეს, მთავარ პროკურორს მიჰგვარეს და მუქარით და შანტაჟით ცდილობდნენ მისგან ჩვენების გამოძალვას. ამბავი, რომელსაც მერაბიშვილი ჰყვება, ერთმნიშვნელოვნად მოიცავს დანაშაულს და, თუ სიმართლეა, მისი, როგორც პატიმრის უფლებების უხეშ ხელყოფას წარმოადგენს.

ოღონდ სიმართლეა თუ არა, ამას, როგორც ჩანს, ვერ გავიგებთ. გამოძიების საჭიროების შესახებ მმართველი კოალიციის წარმომადგენელი არაერთი დეპუტატის განცხადებების მიუხედავად, გამოძიების დაწყებაზე ხელისუფლება ჯიუტად ამბობს უარს. პროკურატურაში თურმე მხოლოდ „გაეღიმათ“ და მუშაობა განაგრძეს; პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი კი, სწორი, მიუკერძოებელი პოზიციის დაკავების ნაცვლად, მერაბიშვილს ფსიქიატრის დახმარებას ურჩევს და მზამზარეულ ვერსიებსაც გვთავაზობს - თითქოს ამ განცხადებით მერაბიშვილი ერთდროულად შეეცადა ახალი მთავრობის დისკრედიტაციასაც და სააკაშვილის შანტაჟსაც.

გამოძიებაზე ყოყმანი, ცხადია, ამყარებს ეჭვებს, რომ მერაბიშვილის მონათხრობი სიმართლეა. ამასობაში დროც გადის და, როგორც სასჯელაღსრულების მინისტრისგან შევიტყვეთ, დღე-დღეზე ავტომატური წაშლა მოუწევს ციხის სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ ვიდეომასალას, რომელიც საქმეს მარტივად მოჰფენდა ნათელს. შესაბამისად, ძალიან მალე ალბათ „მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის“ ამბავიც ვერსიების, ჭორების, ვარაუდების და თეორიების იმ უსასრულო სიას შეემატება, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში გაუთავებელი პოლიტიკური სპეკულაციების უშრეტ წყაროდ არის ქცეული.

ვითარებას კიდევ უფრო ართულებს მისი ღრმად ირონიული განზომილება. ბევრისთვის, ალბათ, ძალიან ძნელია ცინიზმის არდანახვა იქ, სადაც პატიმრის უფლებებისა თუ დაკითხვის პროცედურების დაცვას წინა ხელისუფლების გავლენიანი ფიგურები ითხოვენ. ხელისუფლებისა, რომლის მემკვიდრეობა შეიცავს, მაგალითად, რეპრესიული კოშმარის არქეტიპულ სცენარს, სერგო თეთრაძის ტრაგედიას - ჯაშუშობის ბრალდებით გამთენიისას სახლიდან წაყვანილი და რამდენიმე დღეში სასტიკი წამებით მოკლული სამხედრო ოფიცრის ამბავს. კი ბატონო, გვეუბნებიან და გავიგეთ, რომ სიტყვათშეთანხმება „9 წელი“ უკვე კლიშედ იქცა, ხოლო სააკაშვილის ხელისუფლების მანკიერ მხარეებზე ლაპარაკი „აქტუალური“ აღარ არის. მაგრამ როცა თითქოსდა მის მიმართ ჩადენილი უკანონობის ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებას მერაბიშვილი ითხოვს, მაინც ძნელია არ გაგახსენდეს სათვალთვალო კამერების მიერ ოქროყანის გზაზე გადაღებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიებისთვის იყო საჭირო და რომელიც წინა ხელისუფლებამ, არაერთი მოწოდების მიუხედავად, სრული სახით სტრასბურგის სასამართლოსაც კი არ გადასცა (ადამიანის უფლებათა სასამართლო მაშინ აღნიშნავდა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო სრული ვიდეოჩანაწერის არწარმოდგენის მიზეზების დასაბუთება და დუმილი შეინარჩუნა მაშინაც, როცა 2010 წლის აპრილის საჯარო სხდომაზე მოსარჩელეებმა ღიად უსაყვედურეს ამის თაობაზე).

დიახ, გასახსენებელი უამრავია და ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ოღონდ ახლა ამ გზით წასვლა და არგუმენტად წინა ხელისუფლების მანკიერი მხარეების მოტანა ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა. საკითხი მართლა მარტივად დგას: ან გულგრილად ვხვდებით ცნობას იმის შესახებ, რომ ჩვენს ქვეყანაში შეიძლება თავზე ქურთუკგადაფარებული პატიმარი (სულ ერთია, ვინ და რა ბრალდების მატარებელი) ღამით ციხიდან გაჰყავდეთ და მისგან ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდნენ; ან კი ვთანხმდებით, რომ ჩვენს სამართლებრივ სივრცეში ასეთი პრეცედენტის ადგილი არ არის, ეს საქმე აუცილებლად საჭიროებს სერიოზულ გამოძიებას და, დადასტურების შემთხვევაში, დამნაშავე მაღალჩინოსნების დასჯას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ან ვაგრძელებთ კანონის უგულებელყოფის ტრადიციაში ცხოვრებას (რომელიც უკვე ათწლეულებს ითვლის), ან რეალურად ვცდილობთ სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.

ხელისუფლების ქედმაღალი და აროგანტული პოზიცია, რომ ამ საქმეს „არ გამოიძიებს და მორჩა“, ცხადია, მერაბიშვილის მიმართ საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ განწყობას ეყრდნობა; იმის ცოდნას, რომ ცნობას პატიმარ მერაბიშვილის უფლებების ხელყოფის შესახებ ბევრი მოქალაქე გულგრილად, ან ცინიკურად მოეკიდება.

ეს გულგრილობა კი რამდენიმე თვალსაზრისითაა სახიფათო. ჯერ ერთი, სახელმწიფოს სამართლებრივი ინსტიტუტების გამართულობის ერთ-ერთი ინდიკატორი სწორედ ის არის, თუ რამდენად ართმევენ ისინი თავს საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ შერისხული პირების კანონიერად და ობიექტურად გასამართლებას. და ესეც იქით იყოს - მსგავსი პრეცედენტის არდაშვება ყველა მოქალაქის პრაგმატული ინტერესია, რადგან თუ მერაბიშვილისნაირი მაღალი პოლიტიკური პროფილის მქონე პატიმარს ღამით თავზე ქურთუკჩამოცმულს დაატარებენ, მსგავს პირობებში აღმოჩენილ რიგით მოქალაქეს, სავარაუდოდ, უარესი ბედი ელის.

მაგრამ უფრო საგანგაშო კიდევ სხვა ფაქტორია. თუ წინა ხელისუფლების და, კონკრეტულად, მერაბიშვილისადმი ნეგატიური დამოკიდებულების გამო მშვიდად შევხედავთ იმას, რომ სახელმწიფო შესაძლო დანაშაულს არ იძიებს, ამით ავტომატურად გავიზიარებთ ლოგიკას, რომ ზოგიერთი, „ცუდი“ პატიმრის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევა მისაღებია. ეს ლოგიკა კი ჩვენთვის ნაცნობსა და მანკიერ წრეს უდევს საფუძვლად. თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამაც სხვა „ცუდი“ პატიმრების - კანონიერი ქურდების, ბოროტმოქმედების - წინააღმდეგ დაიწყო კანონის დარღვევა და ძალადობრივი ფორმების დამკვიდრება. ხოლო ეს ამბავი როგორ დამთავრდა, ამის შეხსენება, არა მგონია, ვინმეს სჭირდებოდეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG