Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

თელავის რეაბილიტაციას შეწირული ისტორიული მემკვიდრეობა


თელავის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია შეჩერებულია.
თელავის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია შეჩერებულია.
საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს თელავის ისტორიული მუზეუმის იერსახის შეცვლაში ადანაშაულებენ.
საქმე ეხება ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც კახეთის განვითარებისა და რეაბილიტაციის ფარგლებში დაიწყო.
ექსპერტების განცხადებით, რეაბილიტაციას ისტორიული სტატუსის მქონე შენობების ნგრევა მოჰყვა.

რეაბილიტაცია შემდეგ სამუშაოებს მოიცავდა: სამუზეუმო კომპლექსის ტერიტორიაზე ძველი შენობა-ნაგებობების ამორტიზებული ნაწილის დემონტაჟი; სასახლის, ადმინისტრაციული შენობის, ასევე სამხატვრო გალერეისა და ციხის გალავნის რეაბილიტაცია.

დაგეგმილი იყო ახალი, თანამედროვე სტილის მუზეუმის მშენებლობა, ტერიტორიის გამწვანება, შიდა და გარე ელექტრომომარაგებისთვის ახალი ელექტრომოწყობილობის გაკეთება, ასევე გათბობისა და კონდიცირების სისტემების მონტაჟი, თუმცა, როგორც მუზეუმის ხელმძღვანელი გურამ ურჩუხიშვილი აცხადებს, პროექტი მოულოდნელად შეიცვალა, რასაც ორი ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე შენობის ნგრევა მოჰყვა:
გალერეისა და ადმინისტრაციული შენობის დანგრევა ყოველგვარი საბუთის გარეშე მოხდა. მეტსაც გეტყვით, გაყალბება მოხდა...
თენგიზ ალდამიძე

„ჩვენთვის მოულოდნელად, ეს პროექტი შეიცვალა და მოხდა ორივე შენობის დემონტაჟი. ჩვენი ჩართულობა ამ პროცესებში იყო ნულის ტოლი. ეს ყველაფერი უცებ მოხდა. დილით რომ მოვედით, ერთი შენობა უკვე აღარ იყო“.

ბატონის ციხის რეაბილიტაციის პროექტს დაწყებისთანავე დაუპირისპირდა თელავის მუზეუმის ყოფილი დირექტორი თენგიზ ალდამიძე. მისი განცხადებით, ყოფილმა ხელისუფლებამ ”ერეკლეს სასახლის” არა რესტავრაცია, არამედ მისი გადაკეთება განიზრახა, რამაც შენობას ისტორიული სახე და ღირებულება დაუკარგა:

„გალერეისა და ადმინისტრაციული შენობის დანგრევა ყოველგვარი საბუთის გარეშე მოხდა. მეტსაც გეტყვით, გაყალბება მოხდა. 4 ივლისს დანგრეულ და მიწასთან გასწორებულ შენობას ძეგლის სტატუსი მოუხსნეს 31 აგვისტოს“.

თელავის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია შეჩერებულია.
თელავის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია შეჩერებულია.
თელავის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის შეცვლამ სამეცნიერო საზოგადოებაშიც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი ლალი ანდრონიკაშვილი ამბობს, რომ რეაბილიტაცია ყოველგვარი პროექტისა და გეგმის გარეშე დაიწყო, რამაც გარკვეული ზიანი მიაყენა სამუზეუმო კომპლექსს.„ერეკლე მეორის“ სასახლის იერსახის დამახინჯებაში ის კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ადანაშაულებს:

„სამეცნიერო საზოგადოება არის აღშფოთებული იმით, რაც მოხდა ბატონის ციხეზე. როგორც თვითონ ამბობენ, ფიზიკური სამუშაოების დროს შემოენგრათ. 3 შენობიდან 2-ს ჰქონდა ძეგლის სტატუსი. არანაირად არ შეიძლება შემოგენგრას ძეგლი, თუ შენ წინასწარ იცი, რა საფრთხე ემუქრება მას ფიზიკური სამუშაოს დაწყების დროს“.

დაგეგმარებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელი, კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ მისი დამოკიდებულება სასახლის ახალი პროექტისადმი თავიდანვე უარყოფითი იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით ის რამდენჯერმე შეხვდა როგორც ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკა ვაჩეიშვილს, ისე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს თბილისში და დეტალურად აუხსნა მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის უარყოფითი მხარეები:
ვანო ამ შემთხვევაში არის ნიკა ვაჩეიშვილის მოადგილე და ის ელის ახალ დირექტორს. ამიტომაც ის თავს იკავებს კომენტარისგან...
ნათია მურაჩაშვილი

„ჩემი მხრიდან არაერთი რჩევების მიუხედავად, მან ეს არ გაითვალისწინა. იმის თქმა, რომ არსებულმა სააგენტომ და ნიკა ვაჩეიშვილმა ამის შესახებ არაფერი არ იცოდა, არის ტყუილი“.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა თანამდებობა დატოვა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვანო ვაშაყმაძე კი, რომელიც რეაბილიტაციის პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორია, ჩვენს კითხვებს არ პასუხობს. სააგენტოს პრესცენტრის ხელმძღვანელის ნათია მურაჩაშვილის განცხადებით, კითხვებზე სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა უნდა უპასუხოს, რომელიც ჯერ არ დანიშნულა:

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ბატონი ვანო ვაშაყმაძე იყო რეაბილიტაციის პროექტის კოორდინატორი, მაგრამ მე ვერ გითანხმებთ ინტერვიუს. ეს არის მხოლოდ ის, რომ ვანო ამ შემთხვევაში არის ნიკა ვაჩეიშვილის მოადგილე და ის ელის ახალ დირექტორს. ამიტომაც ის თავს იკავებს კომენტარისგან“.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, რომ თელავის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია შეჩერებულია.

„კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და ასევე სააგენტომ თავად უნდა განიხილონ პროექტი. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ პროექტი, მაგრამ ის, თუ რა თანხები ჯდება, რა სჭირდება კონკრეტულად ბატონის ციხეს, სიძველეებს როგორ უნდა შევეხოთ, - ამ ყველაფერს განსაზღვრავს შესაბამისი სამინისტრო და შესაბამისი სააგენტო. ამიტომ ჩვენ მხოლოდ ველოდებით შენიშვნებს, რომ იმ შენიშვნების მიხედვით მოვახდინოთ ამ სამუშაოების განხორციელება“, - ამბობს მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია.

მსოფლიო ბანკის ექსპერტების მოთხოვნის შემდეგ, თელავის ისტორიული მუზეუმისა და ბატონის ციხის რეაბილიტაციით მისი ისტორიულად შემორჩენილი იერსახე აღარ შეიცვლება, თუმცა რეაბილიტაციის ახალი პროექტი ჯერ მომზადებული არ არის.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG