Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე მახარაძე: მოკლულ დივერსანტთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე
რამდენიმე საინფორმაციო საშუალებით ვრცელდება შეუმოწმებელი ცნობები, თითქოს ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ „დივერსანტთა“ შორის პანკისის ხეობის სოფლების მკვიდრი საქართველოს მოქალაქეებიც ყოფილიყვნენ. თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სალომე მახარაძემ უარყო ინფორმაცია დახოცილი დივერსანტების ერთი ნაწილის ქართული წარმომავლობის შესახებ.

„მე შემიძლია გითხრათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემები, რომ ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სალომე მახარაძემ.

პანკისის სოფლის მოსახლეები ანონიმურობის დაცვით ჰყვებიან ჟურნალისტებთან საუბარში, რომ სოფელ დუისთან საფლავები უკვე გაჭრილია ლოპოტის ხეობაში დაღუპული რამდენიმე მეამბოხის დასამარხად. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება აჭიანურებს ჭირისუფალთათვის ცხედრების გადაცემას. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი სალომე მახარაძე ვერ საუბრობს კონკრეტულად, თუ როდის მოხდება ჭირისუფლებისათვის ცხედრების გადაცემა და დაკრძალვა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით, ზოგადად თავად სპეცოპერაციასთან და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ექსპერტიზა ტარდება და მიმდინარეობს ასევე გამოძიება, რაც მე საშუალებას არ მაძლევს, რომ ამ ეტაპზე დამატებით რაიმე ინფორმაცია მოგაწოდოთ. მაგარამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ მათ [დაღუპულ დივერსანტთა] შორის არც ერთი არ იყო საქართველოს მოქალაქე,“ - უთხრა სალომე მახარაძემ რადიო თავისუფლებას.

2 სექტემბერს ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელი, იოსებ წიკლაური სამხედრო პატივით დაკრძალეს. ჯარისკაცის მშობლიურ სოფელ გომბორში დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია დაესწრნენ. 29 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვართან ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს საქართველოს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, ლიკვიდირებულია 11 დივერსანტი, რომელთაგან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე. თუმცა, ოპოზიციონერი ექსპერტები და ზოგიერთი საინფორმაციო პორტალი ამტკიცებენ, რომ რამდენიმე დაღუპული დივერსანტი პანკისის ხეობის მკვიდრი იყო.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG