Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ”ქართულ ოცნებას” მხარდაჭერას უცხადებს


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი
12 ივლისს, კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, პარტია “საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს და, როგორც კი ამის საჭიროება გაჩნდება, საქართველოშიც დაბრუნდება.

სალომე ზურაბიშვილმა 12 ივლისს ქართული პოლიტიკიდან დროებით წასვლის შემდეგ პირველი საჯარო პოლიტიკური განცხადება გააკეთა - მან თქვა, რომ ის მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილს, მის მიერ არჩეულ სტრატეგიას და მის პოლიტიკურ გუნდს. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღეს „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი რეალური პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია არჩევნების გზით შეცვალოს დღევანდელი ხელისუფლება:

”ჩამოვედი, მართალია, ჯერ არა მუდმივად, მაგრამ ჩამოვედი, რადგან ვფიქრობ, რომ დუმილის დრო დამთავრდა და მინდა დღეს საჯაროდ გამოვუცხადო მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილს და ”ქართულ ოცნებას”. ეს არის ძალა, რომელსაც სურს ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა, ჩვენ კი მას დავეხმაროთ ამ მიზნის განხორციელებაში, რომ გაიმარჯვოს ამ ძალამ, რომელიც არის ნამდვილი ქართული პოლიტიკური ძალა და მოვიშოროთ ის კიბო, რაც დღეს ამ ქვეყანაშია გავრცელებული.”

მე არ ვიქნები მაჟორიტარი კანდიდატი, არც ”ქართული ოცნების” სიაში ვიქნები ამ ეტაპზე. სახელმწიფო საქმიანობას შევუდგები, როგორც კი ამის დრო დადგება ...
სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილმა შენიშნა, რომ ეს იყო მისი და ბიძინა ივანიშვილის პირველი შეხვედრა პირისპირ. თქვა, რომ დიდხანს ისაუბრეს და მათი ძირითადი შეხედულებები ერთმანეთისას ემთხვევა. შეთანხმდნენ, რომ ჯერჯერობით სალომე ზურაბიშვილი თავის მოღვაწეობას გაეროში გააგრძელებს ირანის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შემადგენლობაში და იქიდან დაეხმარება თავისი გამოცდილებით, კონტაქტებით კოალიცია ”ქართულ ოცნებას”. სალომე ზურაბიშვილი ამ ეტაპზე არ იქნება ”ქართული ოცნების” პარტიულ სიაში:

”მე არ ვიქნები მაჟორიტარი კანდიდატი, არც ”ქართული ოცნების” სიაში ვიქნები ამ ეტაპზე. სახელმწიფო საქმიანობას შევუდგები, როგორც კი ამის დრო დადგება და აქ არ არის ლაპარაკი რომელიმე კონკრეტულ პოსტზე -მუშაობას შევუდგები იქ, სადაც საჭირო ვიქნები ჩემი გამოცდილებით.”

”საქართველოს გზა” კი, სალომე ზურაბიშვილის მიერ დაფუძნებული პარტია, დარჩება დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიად. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას არ მიაჩნია სწორად ყველა პარტია იყოს ერთი პოლიტიკური კოალიციის წევრი. მრავალპარტიულობის პრინციპი არ უნდა დაირღვეს და იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის პოლიტიკური ძალა გადაუხვევს არჩეულ კურსს, ”საქართველოს გზა” იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც მას ოპოზიციაში ჩაუდგება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG