Accessibility links

არჩევნები სალომე ზურაბიშვილის გარეშე?


სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა შესაძლებელია მონაწილეობა ვერ მიიღოს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში. წინააღმდეგობას ქმნის საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს უკრძალავს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას. გამოსავლის მოსაძებნად სალომე ზურაბიშვილის პარტიის წარმომადგენელი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, სწორედ ეს გარემოება უშლის ხელს სალომე ზურაბიშვილს მონაწილეობა მიიღოს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე იმასაც შენიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების მიღების შემდეგ ვითარება დიამეტრულად შეიცვლება:

„გავაკეთე ინიცირება ზუსტად იმ საკითხზე, რომ ორმაგი მოქალაქეობის შეზღუდვა მოიხსნას პრეზიდენტზე, პრემიერ-მინისტრზე და პარლამენტის თავმჯდომარეზე. ძალიან დიდი ალბათობით, ეს ცვლილება ძალაში იქნება შესული იმ დროისათვის, როცა საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. არადა, ეს ნორმა დღეისათვის არის დაბრკოლება იმ პირებისთვის, რომლებსაც ორი მოქალაქეობა აქვთ. ამიტომ ეს იწვევს ჩვენ სურვილს, რომ კარგად შევისწავლოთ კანონმდებლობა, რათა გავარკვიოთ, ხომ არ არის რაიმე სხვა გამოსავალი, რომ ის, რაც აუცილებლად მოხდება, მოხდეს ცოტათი ადრე, რომ ამან დაბრკოლება არ შეუქმნას არც ქალბატონ სალომეს და არც სხვა ვინმეს“.

ისინი აპელირებდნენ კონსტიტუციის 29-ე მუხლზე, რომელიც ამბობს, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი არ შეიძლება იყოს პრეზიდენტი, მაგრამ არაფერია ნათქვამი პრეზიდენტობის კანდიდატზე, ანუ ეს არის ხელოვნურად გაკეთებული მათი ინტერპრეტაცია...
დავით უსუფაშვილის თქმით, სწორედ გამოსავლის მოძებნის მიზნით შეხვდა მას „საქართველოს გზის“ თავმჯდომარე თეიმურაზ მურვანიძე, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აღშფოთებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნაჩქარევი განცხადებით.

„ისინი აპელირებდნენ კონსტიტუციის 29-ე მუხლზე, რომელიც ამბობს, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი არ შეიძლება იყოს პრეზიდენტი, მაგრამ არაფერია ნათქვამი პრეზიდენტობის კანდიდატზე, ანუ ეს არის ხელოვნურად გაკეთებული მათი ინტერპრეტაცია და მე ვფიქრობ, რომ ცესკოს კომპეტენციაში არ შედის კონსტიტუციის ინტერპრეტაცია. ისინი უნდა დაეყრდნონ საარჩევნო კოდექსს“, უთხრა თეიმურაზ მურვანიძემ რადიო თავისუფლებას.

პასუხად ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი ეკა აზარიაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, მით უფრო, რომ შესაბამისი დოკუმენტაციით კომისიისათვის არც სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებს მიუმართავთ. რაც შეეხება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების საკითხს, ეკა აზარიაშვილის თქმით, არსებობს პრეცედენტი, როცა მსგავს ვითარებაში კომისიის გადაწვეტილება სასამართლოში გასაჩივრდა:

„ერთ-ერთმა საინიციატივო ჯგუფმა წარმოადგინა კანდიდატი და მას ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა (ნიდერლანდებისა და საქართველოსი). ცესკომ უთხრა უარი საინიციატივო ჯგუფსაც და მის მიერ წარდგენილ კანდიდატსაც. შემდეგ ეს გაასაჩივრა მან სასამართლოში, მაგრამ სასამართლომ დატოვა ძალაში ჩვენი გადაწყვეტილება“.

მაქვს სრული უფლება ვიყო საპრეზიდენტო კანდიდატი და, არჩევის შემთხვევაში, დავაკამაყოფილო პრეზიდენტობისათვის საჭირო სამათლებრივი მოთხოვნები. და ეს არ არის დამოკიდებული არც საკონსტიტუციო ცვლილებებზე და არც იმ მუხლის გამოყენებაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილისათვის მოამზადა და ბიძინა ივანიშვილმა არ იკადრა მისი გამოყენება...
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ხიდაშელის თქმითაც, აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყვიტოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და არა პარლამენტმა. რაც შეეხება ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ მოსაზრებას, რომ კონსტიტუციის 29-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ თანამდებობის პირზე და არა პრეზიდენტობის კანდიდატზე, თინათინ ხიდაშელი ამბობს:

„არ არსებობს ვირტუალური საპრეზიდენტო კანდიდატი. გამარჯვების შემთხვევაში კანდიდატი ხდება პრეზიდენტი. შესაბამისად, აკრძალვები არსებობს იმისათვის, რომ ადამიანმა, თუ მოიგებს არჩევნებს, შეძლოს პრეზიდენტობა. ამიტომ ეს ლოგიკა ჩემთვის ცოტა გაუგებარია, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს საკითხი ცესკოს გადასაწყვეტია“.

დღის ბოლოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სალომე ზურაბიშვილმაც. პარტია „საქართველოს გზის“ დამფუძნებელს ერთ-ერთ არგუმენტად მოტანილი აქვს კონსტიტუციის 104-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის 1 იანვრამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება აქვთ საქართველოში დაბადებულ და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობის მქონე პირებს. აღნიშნნული შესწორება, ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის დამატებითი შეზღუდვები, მათ შორის, საქართველოში დაბადების მოთხოვნა, კონსტიტუციაში შეტანილი იქნა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საგანგებოდ ბიძინა ივანიშვილისათვის. ამ და სხვა არგუმენტებზე დაყრდნობით, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს:

„მაქვს სრული უფლება ვიყო საპრეზიდენტო კანდიდატი და, არჩევის შემთხვევაში, დავაკამაყოფილო პრეზიდენტობისათვის საჭირო სამათლებრივი მოთხოვნები. და ეს არ არის დამოკიდებული არც საკონსტიტუციო ცვლილებებზე და არც იმ მუხლის გამოყენებაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილისათვის მოამზადა და ბიძინა ივანიშვილმა არ იკადრა მისი გამოყენება. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ დაგეგმილი ცვლილებებიც აუცილებელია ჩვენი დიასპორისათვის. სამართლიანი არჩევნების ჩატარება გულისხმობს ყველა კანდიდატისათვის თანაბარი შესაძლებლობის მიცემას და არა ცესკოს თავნებობას და სხვადასხვა კანდიდატისათვის პოლიტიკური ნიშნით ხელოვნური შეზღუდვების დაწესებას“.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატების ცესკოში წარდგენის ვადა 2013 წლის 7 სექტემბერს იწურება.
XS
SM
MD
LG